ქართველოლოგიური ჟურნალის საერთაშორისო აღიარება
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია-საქართველოს და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივი რეფერირებადი სამეცნიერო ონლაინ ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ – ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში შევიდა: https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info.action?id=507997 .
ჟურნალი 2021 წელს დაარსდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის ინიციატივით და მიზნად ისახავს ქართული ეროვნული მეცნიერების შედარებით ახალი მიმართულების – დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას, ქართულ და საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა აკადემიურ სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველოლოგიური კვლევების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.
ჟურნალს კურირებს საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო, რომელშიც შედიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები: იოსტ გიპერტი, მზექალა შანიძე, ირინა გურევიჩი, ტონი მაკენერი, ბერნარ უტიე, პაულ მოირერი, ნინო ფირცხალავა, ვახტანგ ლიჩელი, თინათინ მარგალიტაძე, მარიამ ყამარაული.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალს წარმართავს სარედაქციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჟურნალის მთავარი რედაქტორი პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი) და რედაქტორი პროფესორი დარეჯან თვალთვაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
მანანა თანდაშვილის ინფორმაციით, დღემდე ატვირთულია ჟურნალის სამი ტომი, რომელშიც 19 ქართველი და 23 უცხოელი მეცნიერის სტატიაა გამოქვეყნებული. ჟურნალი ორენოვანია: სტატიები ქვეყნდება ქართულად და ინგლისურად, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, საერთაშორისო დონეზე სრულფასოვან ფუნქციონირებას და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს დიგიტალური ჰუმანიტარიის მეტაენის გაქართულებას.
„ჟურნალის სარედაქციო საბჭო მიესალმება სტატიებს და რეცენზიებს ისეთ სამეცნიერო სფეროებში, როგორებიცაა: დიგიტალური ჰუმანიტარია, დიგიტალური ქართველოლოგია, დიგიტალური კავკასიოლოგია, ციფრული ლექსიკოგრაფია, ხელნაწერთა ციფრული დამუშავება, მთარგმნელობითი კვლევები, ქართული ენის ტექნოლოგიები, კორპუსლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, პოლიტოლოგია, სოციოლოგია. ჟურნალი მუდმივად ზრუნავს ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და ქართველოლოგ მეცნიერთა ხელშეწყობაზე. რედაქციაში შემოსული სამეცნიერო ნაშრომები გადის ორმაგ ბრმა რეცენზირებას ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ჟურნალში სტატიის წარმოდგენის ვადაა ყოველი წლის 30 აპრილი.
ვულოცავთ ქართულ და უცხოურ სამეცნიერო საზოგადოებას, ჟურნალის სამეცნიერო და სა-რედაქციო საბჭოს წევრებს, ჟურნალის ავტორებს კიდევ ერთი ქართველოლოგიური ჟურნა-ლის საერთაშორისო აღიარებას“, – აღნიშნავს მანანა თანდაშვილი.
