ონლაინ ჟურნალის – „დიგიტალური ქართველოლოგია“ – მესამე ტომის პრეზენტაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის – „დიგიტალური ქართველოლოგია“ – მესამე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი წარმოდგენს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა აკადემიურ სექტორებს შორის თანამშრომლობას.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟურნალის – „დიგიტალური ქართველოლოგია“ – მთავარმა რედაქტორმა მანანა თანდაშვილმა აღნიშნა, ორენოვანმა რეფერირებადმა ონლაინ ჟურნალმა – „დიგიტალური ქართველოლოგია“ – სულ ახლახანს წარმატებით გაიარა საერთაშორისო რეგისტრაცია და შევიდა ERIHPLUS-ის ბაზაში. ჟურნალის მესამე ნომერი მიეძღვნა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, სვანური ენის სამეცნიერო შესწავლის ერთ-ერთი მოამაგის, ღვაწლმოსილი მეცნიერის, ქალბატონი იზა ჩანტლაძის ხსოვნას.
პროფესორმა მანანა თანდაშვილმა საზოგადოებას ჟურნალის მესამე ტომის შინაარსი გააცნო და საინტერესოდ ისაუბრა ჟურნალის მიზნებსა და მნიშვნელობაზე.
ჟურნალის მესამე ნომერში შესულია 8 ქართველი და 6 უცხოელი ქართველოლოგის უახლესი კვლევები შემდეგ მიმართულებებში:
- ხელნაწერთა დიგიტალური კვლევა (იოსტ გიპერტი, დანიელ შტეკლ ბენ ეზრა, მაია მაჭავარიანი)
- დიგიტალური ქართველოლოგია (ელენე ჟერარდინი, ქეთევან დათუკიშვილი, ნანა ლოლაძე, მერაბ ზაქალაშვილი)
- დიგიტალური რუსთველოლოგია (მანანა თანდაშვილი, მარიამ ყამარაული)
- ენათმეცნიერება (მაია ლომია, ქეთევან მარგიანი, ჯორჯ ჰუიტი)
- ლექსიკოგრაფია (თინა მარგალიტაძე, სალომე ჭიღლაძე)

როგორც აღვნიშნეთ, „დიგიტალური ქართველოლოგიის“ მესამე გამოცემა მიეძღვნა ქალბატონ იზა ჩანტლაძის ხსოვნას, რომელიც დიგიტალური ქართველოლოგიის სათავეებთან მოიაზრება. განუზომელია მისი წვლილი ქართველური ენების გაციფრულებასა და კვლევის დიგიტალური მეთოდების დანერგვაში. იზა ჩანტლაძე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც 21-ე სუკუნის დასაწყისში აქტიურად ჩაება ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების სამეცნიერო კვლევებში, როგორც ქართული სამეცნიერო სკოლის მკვლევარი.
„პირველი პროექტი, რომელიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ქალბატონ იზასთან და მის მოსწავლეებთან ერთად, იყო ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი – „საფრთხეში მყოფი ენების დიგიტალური დოკუმენტირება“. ქალბატონი იზა თავისი ბუნებით იყო ინოვატორი, ღია ნებისმიერი სიახლისა და ექსპერიმენტებისათვის. მახსოვს, მოსამზადებელ პერიოდში, როდესაც შევთანხმდით სამუშაო კონცეფციაზე, რომ მასალას მოვიპოვებდით და ტექნოლოგიურად ახალი მეთოდების გამოყენებით დავამუშავებდით, და, რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში მოპოვებული რესურსები ღია წვდომის რესურსების სახით გამოქვეყნდებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა ქართველური ენებით დაინტერესებული ყველა მეცნიერისათვის, ქალბატონმა იზამ სწორად განჭვრიტა მეცნიერებაში პარადიგმების ცვლის ეს გარდაუვალი პროცესი. იგი დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე. …და ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, როდესაც ღია რესურსის ცნება ახალი შემოსული იყო თავად ევროპაში (ეს ინიციატივა 2001 წელს წარმოიშვა ბუდაპეშტში და ცნობილია, როგორც „ბუდაპეშტის ღია წვდომის ინიციატივა“) და როდესაც ენის ტექნოლოგიური დამუშავების თანამედროვე ინსტრუმენტების განვითარება საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. სხვათა შორის, მხოლოდ ბოლო წლებში დაინერგა სამეცნიერო საზოგადოებაში ღია მეცნიერების ეს პრინციპი ინსტიტუციურად ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის სახით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მეცნიერების ტრანსფორმაციისადმი ის შორსმჭვრეტელობა და ალღო, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლით ადრე გამოიჩინა ქალბატონმა იზამ, უზომოდ დასაფასებელია. სწორედ ქალბატონი იზას ასეთმა დამოკიდებულებამ ინოვაციებისადმი მოიტანა შედეგად უმნიშვნელოვანესი ფაქტი – სვანური ენის მასალა, რომელიც დოკუმენტირებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, დღეს ნეიმეხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის საერთაშორისო არქივის (The Language Archive) შემადგენელი ნაწილია და ღიაა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის“, – განაცხდა თავის გამოსვლაში პროფესორმა მანანა თანდაშვილმა, რომელმაც იზა ჩანტლაძის პრინციპულობასა და დამსახურებას გაუსვა ხაზი კოდორული სვანურის შესწავლის მნიშვნელობის თვალსაზრისით.
„აღნიშნულ პროექტში ქალბატონი იზას შორსმჭვრეტელობა იმაშიც გამოიხატა, რომ პროექტი არ ითვალისწინებდა კოდორის ხეობაში სვანური მეტყველების დოკუმენტირებას, ქალბატონი იზას დაჟინებული თხოვნით კი მოხდა კოდორული სვანურის ჩაწერაც. ის ფაქტი, რომ დღეს კოდორული სვანური დოკუმენტირებულია და შემონახულია ყველა იმ ენობრივი თავისებურებებით, რომელიც ამ ხეობის მცხოვრებთა მეტყველებას ახასიათებს, ესეც ქალბატონი იზას დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი იზა ჩანტლაძე 21-ე საუკუნის ქართველოლოგიის ღირსეული წარმომადგენელი და ჩვენი ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი ფლაგმანი გახლდათ. როგორც მისი აკადემიური დანატოვარი მრავალრიცხოვანი სტატიებისა და მონოგრაფიების სახით, ისე მის მიერ გაზრდილი თაობა, ქართველოლოგიის მომავალი განვითარების წინაპირობა და იმედია“, – აღნიშნა პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.


პრეზენტაციის ბოლოს ქართველოლოგის, იზა ჩანტლაძის შვილმა – თამარ ჩანტლაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უცხოელ კოლეგას, პროფესორ იოსტ გიპერტს ქართველი კოლეგის ესოდენი აღიარებისა და დაფასებისადმი. „დღესაც ვგრძნობ დედის მეგობრების, უცხოელი კოლეგების ყურადღებას, რომლებიც უდიდეს პატივს სცემდნენ მას. დედას მოწოდება სიკეთის კეთება იყო, რომელსაც უშურველად გასცემდა“, – აღნიშნა თამარ ჩანტლაძემ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს, პროფესორ მანანა თანდაშვილს, რომელმაც ასე საინტერესოდ და შთამბეჭდავად ისაუბრა ქალბატონ იზა ჩანტლაძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე.
ღონისძიების ინიციატორი გახლდათ დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო, რომელიც 2021 წელს დაარსდა და აქტიურად არის ჩართული ევროპული ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერში, სამეცნიერო კომუნიკაციების დამყარებასა და გაღრმავებაში ქართველ და უცხოელ ქართველოლოგთა შორის.
