2025 წლის მოვლენა და თსუ-ს ეთნოლოგების წვლილი
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფოთაშორისი კომიტეტის მეოცე სესიაზე მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ნომინაციას – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“.
,,ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველო ხორბლის ქვეყანაა, რომ ქართული ტრადიციული სამეურნეო კულტურა, ხორბლისა და მისი პროდუქტების სოციო-კულტურული დატვირთვა, მასთან დაკავშირებული რიტუალური და ყოველდღიური პრაქტიკა საკაცობრიო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია“! – ამბობს ეთნოლოგი, თსუ-ს პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.
ამ აღიარებაში ბევრ სხვა ადამიანთან და ორგანიზაციასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტსაც, რომლის ხელმძღვანელიც ქეთევან ხუციშვილია.


,,ჩვენ ვმუშაობდით წარსადგენ დოკუმენტებზე, 2024 წელს მოვამზადეთ და დავბეჭდეთ კრებული – ,,ქართული ხორბლის კულტურა. რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია” (ავტორები: ლია ახალაძე, ჯაბა სამუშია, ქეთევან ხუციშვილი, როზეტა გუჯეჯიანი); 2024 წლის 5-6 თებერვალს ორგანიზება გავუწიეთ და ჩავატარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით; 2024 წლის 15-16 აპრილს თსუ-ს მუზეუმთან და თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ერთობლივად მოვაწყვეთ სამეცნიერო კონფერენცია „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა” და გამოფენა; ვმონაწილეობდით სატელევიზიო და რადიო გადაცემებში ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული რიტუალური და ყოფითი პრაქტიკის პოპულარიზების მიზნით; მოხსენებებს წარვადგენდით სხვადასხვა ფორუმებზე და ა.შ. შრომასა და ერთობლივ ძალისხმევას ყოველთვის მოაქვს შედეგი! გილოცავთ ყველას ამ აღიარებას“! – აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი.
,,ამ აღიარებას დიდი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა უძღოდა წინ. ჩატარდა ეთნოგრაფიული ექსპედიციები, შეიკრიბა თანამედროვე ვითარების ამსახველი მასალა. დავწერეთ სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა პუბლიკაციები, მათ შორის, ინგლისურადაც. ამასთანავე, ვმონაწილეობდით შესაბამისი ბარათის დახვეწასა და შევსებაში. საბოლოოდ, სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქართული კულტურის ამ ელემენტისთვის, რომელსაც უკვე მინიჭებული ჰქონდა ეროვნული ძეგლის სტატუსი, მიგვეცა დასკვნა იუნესკოში წარდგენის თაობაზე“, – აღნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დამდგენი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი.

ინფორმაციისთვის: ხორბლის 27 სახობიდან 14 საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება, მათგან 5 ენდემურია: დიკა, მახა, ზანდური, ჩელტა ზანდური და კოლხური ისლი. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ხორბლის კულტივაციის პროცესი, რაც უძველესი და მაღალგანვითარებული სამიწათმოქმედო კულტურის არსებობაზე მიუთითებს. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს აქ მცხოვრები საზოგადოების მაღალი სოციო-კულტურული დონის არსებობას. საქართველოში ხორბალსა დ პურს დღემდე აქვს ისტორიული, კულტურული და რელიგიური ფუნქციები. ქართული ენდემური ხორბალი და მისი ნაწარმი ქართული ხალხური დღესასწაულებისა და რიტუალების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა: ,,საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა… ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; ეს უნდა აღდგეს”. საქართველოში ხორბლის მოყვანისა და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია ხელშეწყობას საჭიროებს. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ნომინაციისთვის – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“. ამასთან, ეს ფაქტი გაზრდის ქართული კულტურის საერთაშორისო ცნობადობას.
