ქართული ნუმიზმატიკის პირველი მნიშვნელოვანი აღიარება
სულ ცოტა ხნის წინ დღის სინათლე იხილა ოთხტომეულმა, რომელშიც შევიდა 2022 წელს ვარშავაში ჩატარებულ ნუმიზმატიკის XVI მსოფლიო კონგრესზე წარდგენილი საუკეთესო 242 სტატია. მათ შორის მოხვდა ქართველი მეცნიერების მიერ წაკითხული ოთხივე მოხსენება. ქართული ნუმიზმატიკისთვის ეს არის პირველი მნიშვნელოვანი აღიარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით.
ნუმიზმატიკის მსოფლიო კონგრესი 1991 წლიდან ტარდება რეგულარულად, 6 წელიწადში ერთხელ. 2022 წელს, პირველად კონგრესის ისტორიაში, ცალკე სესია დაეთმო ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იყო ოთხი მოხსენება. სესიის ორგანიზატორი იყო საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის პროფესორი თედო დუნდუა. მან ქართული მონეტები ზოგადად მიმოიხილა, ამასთან წარადგინა ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი. მეორე მოხსენება – ანტიკური ხანის მონეტებზე საქართველოში –წაიკითხა ამავე ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ფიფიამ; ასევე ასისტენტ-პროფესორმა ლერი თავაძემ ისაუბრა ბიზანტიური ხანის მონეტებზე საქართველოში, ხოლო ბოლო მოხსენება წაიკითხა თსუ-ს დოქტორანტმა ევგენი ჭანიშვილმა. მან ისაუბრა საქართველოში ნუმიზმატიკის ონლაინ კატალოგის შექმნის შემდეგ აღმოჩენილ მონეტებზე. კონგრესს ესწრებოდა 570 დელეგატი და წაკითხულ იქნა 554 მოხსენება.

საგულისხმოა, რომ კონგრესის მასალებში გამოცემისთვის შეირჩა საუკეთესო 242 სტატია. მათ შორისაა ქართველი მეცნიერების მიერ წაკითხული ოთხივე მოხსენება: კერძოდ, ნათია ფიფიას სტატია, რომელიც ბერძნულ ნუმიზმატიკას დაეთმო, დაიბეჭდა პირველ ტომში; ლერი თავაძისა და ევგენი ჭანიშვილის მოხსენებები, რომელიც შუა საუკუნეების ნუმიზმატიკას მიეძღვნა – მესამე ტომში, ხოლო თედო დუნდუას მოხსენება, რომელიც ნუმიზმატიკის აქტუალურ საკითხებზე იყო აქცენტირებული – მეოთხე ტომში.
მასალები დაბეჭდა პრესტიჟულმა ბელგიურმა გამომცემლობამ „ბრეპოლსმა“. ოთხივე ტომი გამოვიდა სარედაქციო კოლეგიის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ 2025 წლის სექტემბერში.
