გამოიცა „ქართული ლიტერატურის გზამკვლევი“, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში

თარიღი: 2026-02-17 14:40:48

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა აკადემიურმა  გამომცემლობამ – Brill publishing –  გამოსცა ,,ქართული ლიტერატურის გზამკვლევი“. ეს არის ქართველი ლიტერატურათმცოდნეების მიერ მომზადებული 500-გვერდიანი ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც ,,ბრილმა“ გამოსცა. წიგნი მოგვითხრობს ქართული მწერლობის საკვანძო ეტაპების შესახებ დასაბამიდან დღემდე. გამოცემის თანაავტორი და რედაქტორი გახლავთ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირმა რატიანი. წიგნზე მუშაობა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წიგნის მთავარი მიზანი იმ სიღრმისეული კავშირების წარმოჩენაა, რომელიც ქართულ და ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებს შორის არსებობს და რაც ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს ქართულ მწერლობას ევროპულ და მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში.

„ქართული ლიტერატურის გზამკვლევი 2025 წლის  ბოლოს  გამოსცა მსოფლიოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა აკადემიურმა გამოცემლობა ,,ბრილმა“. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბოლო პერიოდის ქართული ლიტერატურათმცოდნეობის სივრცეში. გამომცემლობა, როგორც გითხარით, არის წამყვანი და ლიდერი ამ ბაზარზე და მსგავსი პროდუქტის გამოცემა ჩვენი ქვეყნისათვის ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის შესახებ უკვე ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა პრესტიჟული აკადემიური და სასწავლო ცენტრისათვის. წიგნმა შეფასების პროცესში დაიმსახურა პირველი კატეგორია, რაც ასევე დიდი მიღწევაა ყველა იმ ავტორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ წიგნის შექმნაში. წიგნი  – ქართული ლიტერატურის  გზამკვლევი – ხუთი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ეს იყო საკმაოდ რთული გზა, რაც წარმატებით გავიარეთ და რაც დაგვირგვინდა საუკეთესო შედეგით“, – აღნიშნავს წიგნის რედაქტორის, პროფესორი ირმა რატიანი.

აღსანიშნავია,  რომ გამოცემა ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. როგორც წიგნის რედაქტორმა  განმარტა, ეს ნაშრომი ქართულ მწერლობას მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.

გამოცემაზე მუშაობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ქართული საუნივერსიტეტო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები: ივანე ამირხანაშვილი, გოჩა კუჭუხიძე, მაკა ელბაქიძე, თამარ ლომიძე, გაგა ლომიძე, თამარ ციციშვილი, ბელა წიფურია, ირინე მოდებაძე, დავით წერედიანი, თამაზ ვასაძე, თამარ შარაბიძე, თეიმურაზ დოიაშვილი, მაია ჯალიაშვილი,  ნონა კუპრეიშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, ზოია ცხადაია, თათია ობოლაძე  (პროექტის კოორდინატორი), მირანდა ტყეშელაშვილი (ტექნიკური რედაქტორი).

Facebook
Twitter
LinkedIn