ქართული ენის სავალდებულო სწავლება – ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა უმაღლეს განათლებაში
2025 წლის ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა. პარლამენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უმაღლეს განათლებაში ახალ ეტაპს ქმნის და ქვეყნის განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ინიციატივის ავტორები – ენათმეცნიერები ნანა მაჭავარიანი და გიორგი გოგოლაშვილი – მიიჩნევენ, რომ ქართული ენის გაძლიერება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არა მხოლოდ ენობრივი ხარვეზების დაძლევას, არამედ სახელმწიფო ენის პოზიციების განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის საქმესაც ემსახურება. როგორც გოგი გოგოლაშვილი აღნიშნავს, კურსის დანერგვა აუცილებელი იყო, რადგან, სამწუხაროდ, სტუდენტების დიდ ნაწილს უნივერსიტეტში შესვლისას აქვთ სერიოზული პრობლემები ქართულად წერასა და მეტყველებაში (როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კვლევების თანახმად).
ინფორმაციისთვის: ქართული ენის სწავლების ინიციატივა განიხილეს როგორც საქართველოს პარლამენტში (შედეგად შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში), ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს ეგიდით. შექმნილი იყო კომისია, რომელიც მუშაობდა აღნიშნული მიმართულებით და სწორედ ამ კომისიამ საქმიანობის შედეგების საფუძველზე შეიმუშავა ის ძირითადი მიმართულებები და პირობები, რომელიც დღეს უკვე ასახულია „სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესში“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა უკვე ამოქმედდა და ის სასწავლო პროცესის აუცილებელ კომპონენტად იქცა. როგორ დაიძლია სირთულეები, რა მექანიზმებით განხორციელდება პროგრამის ეფექტიანი მართვა და რა სიახლეებს მოუტანს ის სტუდენტებსა და მთლიანად უნივერსიტეტს – ამ საკითხებზე გვესაუბრება თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა ფოთოლაშვილი.
- რა პრობლემის მოგვარებას ფიქრობენ ახალი ინიციატივით, რა იქნება სავარაუდო შედეგიდა რამდენად მნიშვნელოვანია მისი ეფექტურად განხორციელება?
- „სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის“ თანახმად, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის წარმართვა, სახელმწიფო ენაზე მიღებული აკადემიური და სამეცნიერო შინაარსის ინფორმაციის ანალიზი და პრაქტიკული გამოყენება აკადემიურ და სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ხსენებულისა, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას სიღრმისეულად გაეცნოს – თუ როგორ და როდის შეიძინა ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის, მეცნიერებისა და განათლების, სალიტერატურო ენის ფუნქციები; ასევე გააცნობიეროს ენის როლი და მნიშვნელობა ქართველი ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ ამ სივრცეების შევსებას ემსახურება სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი და მის ეფექტიანად განხორციელებაზე პირდაპირაა დამოკიდებული ამ შედეგების მიღწევა.
- კონკრეტულად რა უნდა ისწავლონ ბაკალავრიატის სტუდენტებმა?
- სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის თემატიკა მრავალფეროვანია და შეისწავლის როგორც ქართულ ენასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს, ქართული სალიტერატურო ენის/დამწერლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას, ასევე სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემებს, ენის ნორმებს, მნიშვნელობას, პრინციპებს, ასევე ენის ფუნქციური სტილის საკითხებს და ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიას.
- ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა სწავლების რამდენ საფეხურს მოიცავს, რა ხანგრძლივობის იქნება და რომელი სასწავლო პროგრამის სტუდენტებისთვის გახდება ის სავალდებულო?
- ხსენებული კურსი ინტეგრირდება თსუ-ს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებში. ყველა ამ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტისთვის (2025 წლის 1 აგვისტოს შემდგომ ჩარიცხული) ხსენებული კურსი სავალდებულო ხასიათს ატარებს და მისი ხანგრძლივობა იქნება 1 სემესტრი. როგორც ცნობილია, ხსენებული სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი წაკითხულ უნდა იქნეს პირველი აკადემიური წლის ვადაში, პირველ ან მეორე სემესტრში. აქვე აღსანიშნავია, რომ შესაბამისი წესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ხსენებული კურსის ფარგლებში მოხდეს სხვა სასწავლო კურსის ან მისი ნაწილის მოდიფიცირება და ცხადია, კურსის შემუშავების ფარგლებში, მისი ეფექტურად განხორციელების მიზნით, ეს მიდგომაც გამოვიყენეთ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის შეთავაზების ვალდებულება ეხება მხოლოდ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს და არ ეხება უცხოენოვანს.
- როგორი მომზადებული დახვდა თსუ ამ გამოწვევას და რა მოლოდინები გვაქვს პროგრამის წარმატებით განხორციელების მიმართულებით?
- ცხადია, აქტიურად ვიყავით ჩართული პროცესში და ამ ეტაპზე ფაკულტეტებთან კოორდინაციით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, თუ რომელი ფაკულტეტები სთავაზობენ შემოდგომის სემესტრში სტუდენტებს სასწავლო კურსს. ამ ეტაპზე ასეთი 3 ფაკულტეტია, ხოლო დანარჩენი 4 ფაკულტეტი სტუდენტებს სასწავლო კურსს შესთავაზებს გაზაფხულის სემესტრში. ცხადია, სასწავლო კურსის სილაბუსები უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია იმ ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, რომლებიც უკვე შემოდგომის სემესტრიდან ახორციელებენ კურსს (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები). აღსანიშნავია, რომ ხსენებული კურსის დროულად და ეფექტურად შემუშავების ნაწილში განსაკუთრებული როლი მიუძღვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და მის შესაბამის მიმართულებას.
