ქართული ენის თანამედროვე მდგომარეობის, ისტორიისა და განვითარების შესახებ ახალი მოხსენებები წარადგინეს თსუ-ში გამართულ კონფერენციაზე
15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. ეს სიმბოლურია, რადგან ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად, 48 წლის წინ, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო საპროტესტო გამოსვლები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ სამუზეუმო საქმის ცნობილ სპეციალისტს, ქალბატონ ლელა წიწუაშვილს, გამოჩენილ მხვატვარს, ბატონ გია გუგუშვილსა და მხცოვან მოღვაწეს, ბატონ აბრაამ საპირს.


კონფერენციაზე, რომელიც თსუ-ს მუზეუმში გაიმართა, განხილული იყო თემები ქართული ენის თანამედროვე მდგომარეობის, ისტორიისა და განვითარების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს მუზეუმში მოეწყო უნიკალური ისტორიული მასალების გამოფენაც, რომელიც უშუალოდ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს ასახავდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო დიდი ქართველი ენათმეცნიერების ხელნაწერები, იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის მონაწილეთა ხელმოწერები, მოგონებები და დასავლური პრესის გამოხმაურება იქამდე არნახულ ამ საპროტესტო ტალღაზე.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ სწორედ ეს ისტორიული დღე გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმდროინდელ მნიშვნელოვან სახალხო ერთობას: „48 წლის წინ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, სტუდენტობამ დაიცვა ქართული ენა. ეს იყო საერთო სახალხო გამოსვლა და ბუნებრივი რეაქცია კონსტიტუციის პროექტში ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის საფრთხეზე. ყველას გვესმოდა, რომ „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“ – სწორედ ეს განსაზღვრავდა მთელს ჩვენს განწყობას. ამიტომაც არ დავიხიეთ უკან და მიზანსაც მივაღწიეთ. მსგავსი შემთხვევა საბჭოთა კავშირში თითქმის წარმოუდგენელი იყო“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში 14 აპრილის მოვლენები გაიხსენა თსუ-ს მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ: ,,სტუდენტებმა თავდადებით შეძლეს და შეინარჩუნეს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. საზოგადოება ერთ მუშტად შეიკრა. სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოვფინეთ უნივერსიტეტის მუზეუმის ისტორიის ფონდში დაცული ხელნაწერები, რომლებიც ენათმეცნიერებს – აკაკი შანიძეს, იუსტინე აბულაძეს, იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანს ეკუთვნით. გარდა ამისა, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა – გაცნობოდა დიდი ქართველი ენათმეცნიერის, თამაზ გამყრელიძის ჩანაწერებს, მარიკა ლორთქიფანიძის ხელნაწერ მოგონებებს, რომლებშიც იგი დაწვრილებით აღწერს ამ დღეს და, ასევე, გამოიფინა იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის მთავარი წევრის, თამარ მახარობლიშვილის მოგონებებიც”.
ციფრული ეპოქის მოთხოვნები
ქართული ენის ტექნოლოგიურ და თანამედროვე პრობლემებზე ისაუბრა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ, რომელმაც სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები შეაჯამა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს გეოგრაფიული სახელების ანუ ტოპონიმების რეესტრის შექმნას. ამ მიზნით უკვე სრულდება მუშაობა სვანეთის მიკრო და მაკრო ტოპონიმიკაზე; მუშაობა სხვა რეგიონების გეოგრაფიულ სახელებზეც გრძელდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ ისაუბრა იმ ენობრივ ტექნოლოგიებზე, რომელთა ნახვა და გამოყენება უკვე შეიძლება სახელმწიფო ენის ვებგვერდზე (enadep.gov.ge). მათ შორისაა ინგლისურ-ქართული და ჩინურ-ქართული კონვერტორები. მან ნატა ჩხაიძესთან ერთად აჩვენა ამ კონვერტორების შექმნის მიზანი – ინგლისური და ჩინური ენების ყველა სახის ლექსიკური ერთეულის ქართულ ენაზე სწორად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია. გარდა ამისა, ქართული ლექსიკური ერთეულების ლათინურად გადატანისთვის შექმნილია ორი კონვერტორი: ერთი კონვერტორი ქართულ სიტყვებს გადაიტანს გამარტივებულ ლათინურზე, რომელიც არ შეიცავს დიაკრიტიკულ ნიშნებს. ასეთი ლათინური დაწერილობა, ძირითადად, გამოიყენება სამისამართო დასახელებებისა და ოფიციალურ დოკუმენტებში. მეორე ქართულ-ლათინურ კონვერტორში მოცემულია ლათინური აკადემიური მიზნებისათვის, რომელშიც შედის დიაკრიტული ნიშნები და სრულფასოვნად ასახავს ქართული ენის ბგერით სისტემას. თინათინ ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული ანბანის სამივე სახეობისათვის შექმნილ კონვერტორზე, რომელიც მათი სწავლების გამარტივებას ისახავს მიზნად. ამ კონვერტორით, არჩევანის მიხედვით, მომხმარებელს შეუძლია შეიტანოს ნებისმიერი ტექსტი ასომთავრული, ნუსხური ან მხედრული სახეობით და მიიღოს მისი დაწერილობა სასურველი სახით.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოხსენება რატი სხირტლაძემ წარადგინა, რომელიც კვლევითი ცენტრი ,,ენაგრამის” დამფუძნებელია. მან აფხაზური ენის სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა. „აფხაზური, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენაა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩვენ ვალდებული ვართ – მას ვუპატრონოთ. ვინაიდან აფხაზური ენის მასწავლებლების დეფიციტია, შევქმენით სასწავლო კურსი (A1 დონე), რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. აფხაზური ენა ურთულესია, 60-ზე მეტი ფონემა აქვს და მხოლოდ წიგნით მისი სწავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, კურსი სრულად არის გახმოვანებული და ენის სწავლის მსურველს 300-ზე მეტ სავარჯიშოს სთავაზობს. პროექტზე მუშაობისას ჩართულნი იყვნენ სოხუმელი სპეციალისტებიც, თუმცა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობას არ ვასახელებთ“, – აღნიშნა რატი სხირტლაძემ, რომლის დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ენებს ხელოვნური ინტელექტის და ასევე სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იკვლევს და ასწავლის.
დიდი ინტერესი გამოიწვია მეცნიერთა ჯგუფის (ქეთევან მარგიანი, მედეა საღლიანი, ნატო შავრეშიანი, რუსუდან იოსელიანი, ხათუნა იოსელიანი) მიერ წარმოდგენილმა მოხსენებამ – ,,სვანური ტოპონიმიკის სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზის” შესახებ. პროფესორმა ქეთევან მარგიანმა იმსჯელა სვანური ტოპონიმიკის ძირითად მახასიათებლებზე, მასში ასახულ ქართველურ და ჩრდილოკავკასიურ ენობრივ მასალაზე. მეცნიერთა ჯგუფი სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად მიზნად ისახავს სვანეთის მიკრო და მაკრო ტოპონიმიკის სრული რეესტრის შექმნას, მის დახასიათებას გეოგრაფიული და ლინგვისტური, მათ შორის, ეტიმოლოგიური თვალსაზრისითაც.
მსმენელთა ყურადღება დაიმსახურა პროფესორ ნაირა ბეპიევის მოხსენებამ ოსურქართული სასწავლო ელექტრონული ლექსიკონის შედგენის პრინციპებისა და თავისებურების თაობაზე. ნაირა ბეპიევის ხელმძღვანელობით იქმნება პირველი ასეთი ოსურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსი იქნება ოსური და ქართული ენების შემსწავლელთათვის. კვლავ პრობლემურია ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგია საქართველოს არაქართული მოსახლეობისათვის. ნინო პოპიაშვილის მოხსენება სწორედ ამ სააკითხს ეხებოდა, კერძოდ კი, ქართული ლიტერატურის სწავლების პრობლემებს ქართულის, როგორც მეორე ენის, პროგრამის სტუდენტებისათვის.
წლევანდელი კონფერენციის მთავარმა აქცენტებმა აჩვენა, რომ თუკი 1978 წელს საზოგადოება ქართული ენის ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა, ახლა თანამედროვეობის უმთავრესი მოთხოვნა ქართული ენის ციფრულ ეპოქასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სრულად ინტეგრირებაა.
