თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თარიღი: 2025-04-17 16:10:44

14 აპრილს თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა სახელწოდებით  – „სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები“. ამავე ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რარიტეტული წიგნებისა და ცნობილი უცხოელი ქართველოლოგების ნაშრომების გამოფენაც. 

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე ორგანიზატორებმა 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ დღეზე ისაუბრეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა: ,,14 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი დღე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებული პროტესტის შემდგომ გახდა იძულებული საბჭოთა ტოტალიტარული ხელისუფლება, რათა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების კონსტიტუციებში ასახულიყო ჩანაწერი, რომ ყველა ამ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა ყოფილიყო მშობლიური ენა. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ქართული ენის თანამედროვე გამოწვევებს. ენა ცოცხალი ორგანიზმია. მას ყოველთვის სჭირდება დაცვა და განვითარება და მასზე მუშაობა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში უნდა მიმდინარეობდეს”.

კონფერენციაზე მოხსენებების წარდგენისას ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს ქართული ენის წინაშე არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და კვლევის ახალი მიმართულებები. მიღწეული შედეგები და საქმიანობა შეაჯამეს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ღონისძიების საგულისხმო ეპიზოდი იყო კონფერენციის სხდომის თავმჯდომარის, ნანა მაჭავარიანის მიერ წარდგენილი ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2024 წლის ბეჭდური გამოცემები. ამავე ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია ქაროსანიძემ ქართული ტერმინთბანკის ტექნიკურ ამოცანებსა და სამეცნიერო მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. სხვა მოხსენებათა თემები შეეხებოდა ქართული ენის ციფრული სწავლების მნიშვნელობასა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მოდელს, საზოგადოების დამოკიდებულებას სალიტერატურო ენის ნორმებისადმი, იურიდიული ენის სტანდარტიზაციის პრობლემებს თანმიმდევრული თარგმნის კონტექსტში სხვადასხვა ენის მაგალითზე, სოციალური ქსელების ენის თავისებურებებს და სხვა. 

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქართული ენის დღე და ისაუბრა ქართული ენის დაცვის აუცილებლობაზე თანამედროვე ეპოქაში: ,,1978 წლის 14 აპრილს ჩვენ ვაჩვენეთ ყველას,  რომ ქართველი ხალხი არ აპირებდა ქართველობის დათმობას. იმ დღეს ქართული ენის დაცვით ქართველი, უპირველეს ყოვლისა,  ქართველობას იცავდა.  მომდევნო წლებში ჩვენი ისტორია ისე წარიმართა, რომ ქართული ენის  ბრძოლით დაცვა არ დაგვჭირვებია, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება ქართული ენის დაცვა სხვა კუთხით – ზრუნვა მის განვითარებაზე, ასევე, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებაზე, სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვაზე, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, ძალისხმევა, რომ ქართული იყოს სწავლების  ენა  სრულიად საქართველოს მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ წყვეტს ქართული ენის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვას”. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ 14 აპრილს პროფესორ დარეჯან თვალთვაძეს ქართული ენის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საპატიო ჯილდო გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ.

საერთაშორისო კონფერენციის პირველი მომხსენებელი იყო თსუ-ს პროფესორი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე, რომელმაც ქართული ენის ფუნქციონირებისა და მისი სტანდარტიზაციის პროცესზე ისაუბრა.  მისი თქმით,  ახლა ქართულ ენას უდიდესი კონკურენციის პირობებში უწევს ყოფნა და გადარჩენა, ამიტომ აუცილებელია იმაზე ფიქრი – თუ როგორ გაუმკლავდეს ქართული ენა ამ პრობლემებს. ,,მე განვიხილე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ყოველთვის და მაღალხარისხოვნად გამოიყენება ქართული, როგორც სახელმწიფო ენა. ამას გარდა, სპეციალურად ვიმსჯელე იმ სფეროებზე, სადაც ჭირს ქართული ენის ფუნქციონირება. ასეთია, მაგალითად, ციფრული სამყარო. ყურადღება გავამახვილე იმაზე, რა მიმართებაა ქართული ენის ფუნქციონირებასა და დამტკიცებულ ნორმებს შორის, რა ფაქტორები უშლის ხელს მიღებული ნორმების ცხოვრებაში გატარებას”, – აღნიშნა თინათინ ბოლქვაძემ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან”  საუბარში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება სალიტერატურო ენის საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და 2025 წლის კონფერენციაც ამ ტრადიციის გაგრძელებაა. წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორია თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი,  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა – თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აკადემიური საზოგადოების ჩართვა ქართული ენის განვითარების, დაცვისა და გავრცელების პროცესში (განსაკუთრებით, თანამედროვე გამოწვევების პირობებში).

Facebook
Twitter
LinkedIn