რა წვლილს შეიტანს თსუ ქართული ენციკლოპედიის განახლებულ ვებგვერდზე

თარიღი: 2023-11-08 21:42:55

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ქართული ენციკლოპედიის განახლებული ვებგვერდის (georgianencyclopedia.ge) პრეზენტაციაზე, ქართული ენციკლოპედიის რედაქციას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსით მხარდაჭერა შესთავაზა. განახლებული ვებგვერდი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, თსუ-ს პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ წარადგინა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ვებგვერდი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა. „ვებგვერდზე განთავსებულია ენციკლოპედია „საქართველო“-ს უკვე გამოცემული ტომები. უახლოეს მომავალში გამოიცემა მე-5 ტომიც. ენციკლოპედიაში თავმოყრილია მაღალ აკადემიურ დონეზე შექმნილი 15 ათასამდე სტატია საქართველოსა და ქართველების შესახებ, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის, მოვლენის, ისტორიული პიროვნების თაობაზე. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად ანახლებს მასალებს და ამატებს ახალ სტატიებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, „ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდის ბმული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, განთავსდება საძიებო სისტემებში, რომლითაც ისარგებლებენ როგორც თსუ-ს სტუდენტები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებიც. ენციკლოპედიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია საინტერესო და საჭირო წყაროა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით სანდო წყაროა აკადემიური საქმიანობისთვის“.

ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდზე, ასევე, განთავსებულია  „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ყველა ტომი, „100 ქართველი უცხოეთში“, „თბილისი – ქუჩები, გამზირები, მოედნები“ და სხვა გამოცემები. უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება ქართული ენის ენციკლოპედია.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

Facebook
Twitter
LinkedIn