სერიის – „ქართული ენათმეცნიერების მოამაგენი“ – 2 წიგნი გამოიცა

თარიღი: 2024-10-16 19:44:51

„ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროა იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მისი მაგალითით შევიძლოთ საკუთარი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება. ო, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ თავისი სახელის ხსენებითაც“… ილია ჭავჭავაძის ამ შეგონებით  დაიწყო პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ახლახან გამოცემული წიგნების წარდგინება. საუბარია ახალი საგამომცემლო სერიის – „ქართული ენათმეცნიერების მოამაგენი“ შესახებ.  სერიის მთავარი რედაქტორია ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნანა მაჭავარიანი.

ამ გამოცემის იდეის ავტორმა და პირველი ორი წიგნის შემდგენელ-რედაქტორმა გიორგი გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ენათმეცნიერება მყარ ნიადაგზე დადგა და  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი მეცნიერების წყალობით, როგორებიც იყვნენ: იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, ქეთევან ლომთათიძე, გიორგი როგავა, ივანე გიგინეიშვილი, ბესარიონ ჯორბენაძე და სხვები… ასეთი პიროვნებები (დიდი ილიას შეგონებისა არ იყოს) არამც თუ ჩვენთან ყოფნით, არამც თუ მათი ნაღვაწის გახსენებით, არამედ  მათი სახელის ხსენებითაც კი გვწვრთნიან  და განამტკიცებენ  ჩვენს სულიერებას! ეს ფაქტი იქნა გათვალისწინებული, როცა გადაწყდა ამ სერიის გამოცემა“.

შემუშავდა სქემა, რომელიც ითვალისწინებს შეძლებისდაგვარად თითოეული ამ მეცნიერის ყოველმხრივ გაცნობა-წარმოჩენას: ,,წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია მეცნიერის  ცხოვრება-მოღვაწეობის ძირითადი თარიღები და ფაქტები; შემდეგ ნაწილს დაერქვა „შტრიხები პორტრეტისათვის“;  მკითხველს ამაგდარი მოღვაწე გაეცნობა – როგორც პიროვნება, მოღვაწე, მასწავლებელი, ხელმძღვანელი… ძირითადი ნაწილი წიგნისა დაეთმობა მის სამეცნიერო მოღვაწეობას; ამ შემთხვევაში გამოვყოფთ და გავხაზავთ ყველა მიმართულებას, სადაც კი  მეცნიერს თავისი კომპეტენტური სიტყვა უთქვამს… წიგნს დაერთვის მეცნიერის ძირითადი შრომების ბიბლიოგრაფია“, – აღნიშნა გოგი გოგოლაშვილმა.

სერიის გამოცემისას ქრონოლოგიური პრინციპი არ (უფრო სწორად, ვერ) იქნება დაცული… გამოსაცემი წიგნების მომზადება ამ „პრინციპით“ დაიწყეს: 2021 წელს გაიმართა ვარლამ თოფურიასადმი, ხოლო 2022 წელს ბესარიონ ჯორბენაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენციები.  პირველი წიგნი მიეძღვნა ვარლამ თოფურიას, მეორე – ბესარიონ ჯორბენაძეს. ამ წიგნებში შესულია კონფერენციის მასალებიც.

„ქართული ენათმეცნიერების მოამაგეთა“ მომდევნო წიგნი იოსებ ყიფშიძეს მიეძღვნება.

Facebook
Twitter
LinkedIn