ქართული და უნგრული ენობრივი რეფორმების პარალელები – ნუცა გაგნიძისა და სამირა ომაროვას კვლევა
„ენა და იდენტობა: უნგრული და ქართული ენობრივი რეფორმების პარალელები“ – ამ სახელწოდებით მოამზადეს საკონფერენციო მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ნუცა გაგნიძემ და სამირა ომაროვამ. კვლევისას მათი ხელმძღვანელი უნგრული ენის მოწვეული ლექტორი არპად ალეში იყო.
,,საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც ენა მუდამ მნიშვნელოვანი იარაღი იყო ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა აქტიურად იმუშავეს ქართული ენის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, რათა დაეცვათ იგი ასიმილაციისგან. ანალოგიურად, უნგრეთიც, როგორც დიდი იმპერიების გავლენის ქვეშ მყოფი პატარა ქვეყანა, იბრძოდა საკუთარი ენისა და იდენტობისთვის. ფერენც კაზინცის რეფორმებმა უნგრული ენა არა მხოლოდ გააძლიერა, არამედ იგი ეროვნული თვითმყოფადობის საკვანძო ელემენტად აქცია”, – გვიპასუხა ნუცამ, როდესაც ვკითხეთ – თუ რატომ აირჩიეს ეს თემა საკვლევად. სამირას თქმით, უნგრული ენითა და კულტურით ყოველთვის დაინტერესებული იყო, კონფერენციაში მონაწილეობა კი უნგრული ენის ლექტორის რჩევით მიიღო მას შემდეგ, რაც არპად ალეშთან ქართული და უნგრული ენობრივი რეფორმების მსგავსება განიხილა.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში გოგონები აღნიშნავენ, რომ კვლევის პროცესში დაინახეს – რამდენად დიდი როლი აქვს ენას ეროვნული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. მათ თემის დასამუშავებლად შეისწავლეს ისტორიული მასალები, შეადარეს ერთმანეთს ქართული და უნგრული ენის რეფორმები და გააანალიზეს, როგორ გამოიყენეს ამ ერებმა ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თვითგამოხატვის ინსტრუმენტად.
სტუდენტებს იმის შესახებაც ვკითხეთ – თუ რატომ გადაწყვიტეს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. სამირამ ასე გვიპასუხა: ,,ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არა მარტო ცოდნის მიღების წყაროა, არამედ კვლევისა და განვითარების. ვფიქრობ, სტუდენტი უნდა ჩაერთოს უნივერსიტეტის სხვადასხვა ინიციატივაში, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და იზრუნოს საკუთარი თავისა და სხვების განვითარებაზე”. ნუცამ კი ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარება, დისკუსიებში მონაწილეობა და სხვადასხვა პერსპექტივის გაცნობა – ,,ჩემთვის ეს ერთგვარი ჩარჩოებისგან გამოსვლაა, დავალებების შესრულებისა და ქულების სისტემიდან გადანაცვლება მეტად სერიოზულ, კვლევით გარემოში. ეს იყო შესაძლებლობა, ჩემი იდეები რეალურ აკადემიურ სივრცეში დამეცვა, პროფესიულ დონეზე მესაუბრა და დამემტკიცებინა, რომ შემიძლია ჩემი სფეროს განვითარებაში აქტიური წვლილი შევიტანო…”
