განათლებისა და კულტურის გზით თანაარსებობისკენ
ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
13-14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IX საერთაშორისო კონფერენცია – „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ – გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება. კონფერენცია მიეძღვნა ცნობილ მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს გაიოზ რექტორს.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ნაირა ბეპიევი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინა პოპიაშვილი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ცენტრის უფროსი სპეციალისტი რაზიათ ქუმარიტოვი და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნინა ზიგერი. კონფერენციას სტუმრობდნენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. სამუშაო ენა იყო ქართული, ოსური, რუსული, ინგლისური და გერმანული.
კონფერენციაზე იმუშავა სამმა პლენარულმა სხდომამ და შვიდმა სამეცნიერო სექციამ (ფოლკლორი, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა და ფილოსოფია, განათლების მეცნიერებები, არქიტექტურა). ასევე ახალგაზრდებისთვის გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნინა ზიგერი და თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ლაშა გასვიანი.
კონფერენცია გახსნა თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრადიციული სამეცნიერო თავყრილობა, რომელიც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების ფოლკლორულ, ლიტერატურულ, ენათმეცნიერულ და ისტორიულ-კულტურულ ასპექტებს მოიცავს, აჩვენებს, რომ ეს კავშირები საუკუნეების განმავლობაში არ შეწყვეტილა და დღესაც გრძელდება: „ამ კონფერენციის მეცხრედ გამართვა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თითოეული მონაწილის დიდი ძალისხმევის შედეგი. მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენცია ეძღვნება გაიოზ რექტორს, რომელიც იყო ცნობილი ორატორი, მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე და დიდი განმანათლებელი. გაიოზ რექტორი, ოს განმანათლებლებთან ერთად, არის ფუძემდებელი პირველი ოსური წიგნისა. პირველი ოსური ანბანიც სწორედ გაიოზ რექტორმა შექმნა. ის გახლავთ იმ დიდ მოღვაწეთაგანი, რომელთა საქმეები მომავალ თაობაში ცოცხლობს“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი უდიდესი ძალისხმევით ახერხებს მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვას: „ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ქართულ-ოსური ურთიერთობების პროექტები. ჩვენ ვაკვირდებით ყველა პროექტს, რომელიც ამ პროგრამის ქუდქვეშ ხორციელდება და გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ – რა შედეგს იღებს ჩვენი მათდამი თანადგომა. უნდა გითხრათ, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრის საქმიანობა გამორჩეულია, რადგან ეს კონფერენცია არ არის პირველი და ერთადერთი აქტივობა, რომელიც ქალბატონ ნაირა ბეპიევის დაუღალავი შრომით, საოცარი ენთუზიაზმით და ოსი და ქართველი ხალხის სიყვარულითაა განმსჭვალული. ეს კონფერენცია არის გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა სიყვარულით და პროფესიონალიზმით აკეთოს თავისი საქმე. საქართველოს ხელისუფლებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ნამდვილად პრიორიტეტულია ქართულ-ოსური ურთიერთობები და თუ ჩვენ ასე არ დავსხდებით ერთ მაგიდასთან და გულწრფელად არ ვეტყვით სათქმელს ერთმანეთს, თუ არ გავიხსენებთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთად მოვდივართ და არ გვაქვს უფლება, ერთად არ გავაგრძელოთ ცხოვრება და ურთიერთობები, სამომავლოდ არაფერი გამოგვივა“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საინტერესო ასპექტები გამოკვეთა იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და, კონკრეტულად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განმტკიცებისთვის. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მოქალაქეების მხარდაჭერასა და მათთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, აპარატის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ქართველი და ოსი ხალხის შერიგება, ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა და საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განმტკიცებაა, რასაც ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული IX საერთაშორისო კონფერენცია. „ჩვენ ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს და მიმაჩნია, რომ სერთო ფესვების, საერთო ისტორიის მოძიებით და განმტკიცებით შეგვიძლია უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგათ შერიგების გზაზე, რომელიც სწორედ ადამიანურ ურთიერთობებსა და ხალხთა შორის მეგობრობაზე გადის. განათლება და მეცნიერება კი ის სტატუსნეიტრალური ინსტრუმენტია, რომლითაც შეიძლება მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს შერიგების პროცესში. ამიტომაც ჩვენ ხელს ვუწყობთ სკოლებში ოსური ენის სწავლებას; ასევე, ხელს ვუწყობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს – გამოცდების გარეშე ჩააბარონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი შედეგების მქონე სტუდენტებისთვის, რომლებმაც სკოლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაამთავრეს, დავაარსეთ სოლიდური ჯილდო – კოსტა ხეთაგუროვის სტიპენდია“, – აღნიშნა ლია გიგაურმა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსმა ირინე საგანელიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პროფესორ ნაირა ბეპიევის დამსახურებას ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენასა და განმტკიცებაში და აღნიშნა, რომ ამგვარი კონფერენციები ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.
კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მიესალმნენ თსუ-ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მერაბ ჩუხუა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა ჯიქია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე ხადიჯა ასადოვა (ბაქო, აზერბაიჯანი), დაღესტნის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი რუსლან სეფერბეკოვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე, განათლების სამინისტროს ეთნიკურ უმცირესობათა განყოფილების წარმომადგენელი დესპინე ქოიავა და ვლადიკავკაზის VII სკოლის დირექტორი, დამსახურებული პედაგოგი ტატიანა კორნაევა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ ნაირა ბეპიევს ქართულ-ოსური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის. მან აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მონაწილეობს ამ საერთაშორისო კონფერენციაში და ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენებით ბრუნდება უკან: „უნივერსიტეტი, სადაც ეს კონფერენცია ტარდება, მეცნიერების გულია. მე აქ ვხედავ უაღრესად საინტერესო სახეებს, დიდ მეცნიერებსა და ახალგაზრდებს, რომელთა ჩართულობა განსაკუთრებით მახარებს. რამდენიმე წელია, კონფერენციაში ვმონაწილეობ და ყოველ ჯერზე ახალი კონტაქტებითა და ცოდნით შეიარაღებული ვბრუნდები შინ“, – აღნიშნა ტატიანა კორნაევამ.
კონფერენციის გახსნით ნაწილზე ქართულ-ოსურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორმა ნაირა ბეპიევმა, გიორგი ახვლედიანის საზოგადოების სახელით, სპეციალური პრიზები გადასცა ტატიანა კორნაევას და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ელენა ბესოლოვას.
კონფერენციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღე იმუშავა. წარმოდგენილმა მოხსენებებმა, რომელიც შეეხებოდა კავკასიის ხალხთა ფოლკლორულ, ლიტერატურულ, ენათმეცნიერულ, ეთნოლოგიურ და ისტორიულ-კულტურულ კვლევებს, მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. „ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი კონფერენცია. მომხსენებლები მომზადებულები იყვნენ, ნაშრომები კი აკადემიურ დონეზე იყო წარმოდგენილი. კონფერენციაზე სიახლე გახლდათ ის, რომ მომხსენებლებისაგან ხუთი ენა იყო მისაღები: ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული და გერმანული, რამდენადაც ამ ენოვანი მომხსენებლები იყვნენ ჩვენს კონფერენციაზე და სათანადო მთარგმნელებიც გვყავდა. ასევე, სიახლე იყო ის, რომ კონფერენციაზე ცალკე მუშაობდა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ჰყავდა თავისი ახალგაზრდა მომხსენებლები. მათაც წარმატებით წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოვთქვა უნივერსიტეტის მიმართ, რადგანაც ყველანაირი ხელშეწყობა გვქონდა სექციების წარმატებული მუშაობისთვის“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროფესორმა ნაირა ბეპიევმა.
კონფერენციის მესამე დღეს მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო დღესასწაულ „კოსტაობაში
სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“
15 ოქტომბერი ოსი პოეტის, საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადების დღეა. ეს დღე ფართოდ აღინიშნება სახალხო დღესასწაულით – „კოსტაობა“.
სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ ამ საუკუნის დასაწყისში დაარსდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში. ამ სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ოსია. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სოფელში ჯერ დაწყებითი, ხოლო შემდგომ – საშუალო სკოლა ფუნქციონირებდა, რომელშიც ოსური ენა ისწავლებოდა. 50-იანი წლების ბოლოს არეშფერნის სკოლის ეზოში დაიდგა კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი (მოქანდაკე ი. ზანტიევი).
არეშფერნის საჯარო სკოლაში, რომელშიც ოსური ენა დღემდე ისწავლება, 1995 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო შეკრებები, რომელსაც, პროფესორ ნაირა ბეპიევთან ერთად, ესწრებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი, არეშფერნის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები: „ვატარებდით ლიტერატურულ შეხვედრებს, ვსაუბრობდით ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე. 2000 წლიდან დავაარსეთ სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ხოლო 2004 წელს ჩემი პროექტის შედეგად მოხერხდა კოსტა ხეთაგუროვის ძეგლის აღდგენა (ძეგლი, რომელიც ამ სკოლის ეზოში იდგა, 1990 წელს ააფეთქეს. იგი ეკუთვნოდა მოქანდაკე მ. გაგლოევს). აღსანიშნავია, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ქანდაკება თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზეც დაიდგა (მოქანდაკე მ. გაგლოევი)“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო პოპიაშვილმა.
„კოსტაობის“ პროგრამა ყოველწლიურად საინტერესო და მრავალფეროვანია. ტარდება სახალხო თამაშობები: დოღი, ჭიდაობა, ფრენბურთისა და ფეხბურთის ჩემპიონატები მუნიციპალიტეტის მასშტაბით; ტარდება ლიტერატურული კონკურსი, კულინარიული ფესტივალი, ნაციონალური კერძების დეგუსტაცია, ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა, კონცერტი მოსწავლეების მონაწილეობით.
წელს „კოსტაობა“ განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარდა. წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი სპორტული თამაშები, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებითა და დიპლომებით. გაიმართა კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ამავე დღეს, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გიორგი ახვლედიანის საზოგადოების ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიისა და არეშფერნის საჯარო სკოლის მეგობრობას.
„ყოველ წელს სტუმრები გვყავს ჩრდილოკავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ კავკასიიდან. ასეთი მრავალფეროვნებისა და მრავალეროვნების მიუხედავად, იგრძნობა აღქმა კავკასიის ერთიანობის იდეისა. ჩვენ ვცდილობთ, არ გავჩერდეთ და კიდევ მეტი გავაკეთოთ ამ ერთიანობისთვის.
ამ ეტაპზე ხორციელდება პროექტი, რომელიც გულისხმობს ოსი პოეტების ლექსების გამოცემას ქართულ ენაზე და ქართველი პოეტებისა – ოსურ ენაზე. ამას გვიფინანსებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წიგნი მალე გამოიცემა, რაც იქნება კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ არასოდეს დავცილებივართ ერთმანეთს – ვგულისხმობ სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებს, სხვადასხვა დარგის მოღვაწეებს.
ეს წიგნი იქნება დასტური იმისა, რომ ქართველი და ოსი მოღვაწენი ისევ და ისევ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გარდა ამისა, ვიმუშავეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიაზე, რომელიც ასეთი მასშტაბით ჯერ არ გამოცემულა. წიგნი გამოიცემა როგორც ქართულ, ასევე, რუსულ და ოსურ ენებზეც. მასში ვხვდებით ძველ შრიფტსაც – როდესაც ოსური სიტყვების დასაწერად გამოიყენებოდა ძველი ქართული ასოები. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ერთად არსებობას განათლებისა და კულტურის გზით“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.