საქართველოში პროსტიტუციის სამართლებრივი რეგულირების კვლევა თსუ-ში მიმდინარეობს
„პროსტიტუცია როგორც სოციალურად ნეგატიური მოვლენა და პროსტიტუციის ცნების განსაზღვრების პრობლემა“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პროსტიტუციის სამართლებრივი რეგულირების საკითხის სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს. პროექტს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორები – ირაკლი დვალიძე, გიორგი თუმანიშვილი და ლევან ხარანაული ახორციელებენ. პროსტიტუციის სამართლებრივი რეგულირების საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პრაქტიკულად ნაკვლევი არ არის. ქართულ იურიდიულ სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ ერთი სამეცნიერო მონოგრაფია არსებობს, რომელიც 1993 წლით თარიღდება და პროფესორ ანზორ გაბიანს ეკუთვნის.
კვლევითი პროექტის – „პროსტიტუცია როგორც სოციალურად ნეგატიური მოვლენა და პროსტიტუციის ცნების განსაზღვრების პრობლემა“ – ფარგლებში, ამ ეტაპზე, უკვე გამოკვეთილია, რომ პროსტიტუციის ზუსტი დეფინიცია საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მოცემული არ არის. შესაბამისად, კვლევის ერთი მიმართულება სწორედ რომ აღნიშნული ტერმინის ზუსტი საკანონმდებლო განსაზღვრების შემუშავებას ითვალისწინებს.
„პროსტიტუციის“ ცნება საკანონმდებლო დონეზე არ არის მოცემული. მეცნიერები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს, სადაც განვითარებულია სხვადასხვა მსჯელობანი და დამოკიდებულება პროსტიტუციასთან. ავტორთა მიერ სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილ განსაზღვრებათა სიმრავლის მიუხედავად, პროსტიტუციის ზუსტი ცნების ჩამოყალიბება რთული და შრომატევადი საქმეა. პროსტიტუცია არის პირის (როგორც ქალის, ისე კაცის) სისტემატური, ხელობის სახით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია მატერიალური გამორჩენის მისაღებად და ხორციელდება საკუთარი სექსუალური მომსახურების გაწევით, რაც იწვევს ნეგატიურ სამედიცინო და სოციალურ შედეგებს. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმას, რომ ხშირად გამოიყენება ტერმინი „სხეულით ვაჭრობა“, მაგრამ ეს ტერმინი არ არის სამეცნიერო, რადგან სხეულით ვაჭრობა გულისხმობს სხეულის ორგანოებით ვაჭრობას და პროსტიტუციის განმარტების ერთგვარი მხატვრული ხერხია. ვფიქრობთ, საჭიროა ეს ტერმინი ჩანაცვლდეს და შეიძლება გამოვიყენოთ „პროსტიტუციით დაკავებული პირი“ ან სექსმუშაკი.
პროსტიტუციის უცილობელ ნიშნებად მიიჩნევა ვაჭრობა, საჯაროობა, სისტემატურობა, სქესობრივი მომსახურება. ამის მიუხედავად, იურიდიულ ლიტერატურაში პროსტიტუციის გარკვეული ნიშნების შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მაგალითად, რომელი სქესის წარმომადგენელია პროსტიტუციის ამსრულებელი, ვინ არის პროსტიტუციის კლიენტი, რას გულისხმობს სქესობრივი მომსახურება, ანაზღაურება ყოველთვის ქმნის თუ არა პროსტიტუციას (მაგალითად, ცოლ-ქმარს შორის) და ა.შ. ზოგადად, პროსტიტუცია მიეკუთვნება ნეგატიურ, მართლსაწინააღმდეგო სოციალურ მოვლენათა რიცხვს, რომელიც უძველესი დროიდან არსებობს. ის სოციუმის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, მორალური საფუძვლების დეფორმირების პროდუქტია, რომელსაც ზნეობის დაცემამდე მივყავართ და დამღუპველად აისახება ოჯახურ ურთიერთობებსა თუ მოზარდი თაობის აღზრდაზე. არც თუ იშვიათად პროსტიტუციას თან ახლავს სხვა სოციალურად ნეგატიური (ფონური) მოვლენები და თავად წარმოშობს სხვა საშიშ შედეგებს: ვენერულ დაავადებებს, შიდსს, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას, სუიციდს და ა.შ. ნეგატიური სოციალური შედეგები გამოიხატება იმაში, რომ პროსტიტუცია უარყოფს უმანკოებას, უანგარო სიყვარულს, ხელს უწყობს ეროვნული კულტურის დეგრადაციას, განათლების, შრომისა და შრომითი შემოსავლის პრესტიჟის დაცემას. პროსტიტუცია ძირს უთხრის საზოგადოების ზნეობრივ სიმყარეს, ანგრევს ოჯახის ინსტიტუტს“, – განმარტავს ირაკლი დვალიძე.
მკვლევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რითაც პროსტიტუციის საკითხთან მიმართებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ანუ გადაცდომა და დანაშაული რეგულირდება, ბუნდოვანია, ნორმები ორაზროვანი განმარტების საშუალებას იძლევა და კანონის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დაზუსტებას საჭიროებს.
„სისხლის სამართალში მკაცრად არის დაცული კანონიერების პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ნორმა არ უნდა იყოს ბუნდოვანი და უნდა იყოს განჭვრეტადი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნორმა ბუნდოვანია ან არ არის განჭვრეტადი, შეიძლება დადგეს მისი კონსტიტუციურობის საკითხი. ჯერ კიდევ 1984 წელს მიღებულია საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც დღეს, ცხადია, გარკვეული ცვლილებებით მოქმედებს და ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი გადაცდომად მიიჩნევს პროსტიტუციას. დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე და 254-ე მუხლებით პროსტიტუცია დასჯადი არ არის, მაგრამ სხვა სექსუალური მომსახურების ან პროსტიტუციაში ჩაბმა ან ხელშეწყობა დასჯადია. ამ ეტაპზე ჩვენი კვლევა მიმდინარეობს შემდეგი კუთხით: – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), 253-ე (პროსტიტუციაში ჩაბმა), 254-ე (პროსტიტუციის ხელშეწყობა) და 408-ე (დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ) მუხლები შეიცავს ტერმინ პროსტიტუციას; პროსტიტუციის დასჯადობა მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლში, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული მუხლის მოქმედება არაეფექტურია, რადგან სანქციები არ არის ადეკვატური.
სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მიხედვით, პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით არის დასჯადი. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით დასჯადია პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან მუქარით. ამასთან, პროსტიტუციაში ჩაბმასთან ერთად დასჯადია 254-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, რომელიც იმდენად გაფართოებულია, რომ შეიძლება ძალიან ფართო წრემდე მიგვიყვანოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, დადგინდეს პროსტიტუციის გამოვლინების ცალკეული ფორმების თავისებურებანი და ისე ხარვეზები, რაც არსებობს პროსტიტუციის, როგორც ნეგატიური სოციალური მოვლენის, დასჯადობისა და პრევენციის კუთხით“, – აცხადებს ირაკლი დვალიძე.
იურისტების განმარტებით, პროსტიტუციის სოციალური კონტროლის სამი ძირითადი მოდელი არსებობს: „პროჰიბიციონიზმის მოდელი – აქ კონტროლის ძირითად მექანიზმებად გვევლინება პროსტიტუციით დაკავებული ან/და სექსუალური მომსახურების მომხმარებელი პირის სამართლებრივი (სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი) დევნა.
რეგლამენტაციის მოდელი – ძირითადი იდეა, რომელიც რეგლამენტაციის პოლიტიკიდან გამომდინარეობს, არის ის, რომ პროსტიტუცია სოციალური ცხოვრების თავიდანვე მოცემული და აღმოუფხვრელი მოვლენაა, თუმცა იგი სოციუმისთვის მისაღებ ჩარჩოებში უნდა არსებობდეს. სარეგლამენტაციო პოლიტიკის მთავარი მიზანი არის არა პროსტიტუციის ლიკვიდაცია, არამედ მისი თანმხლები „რისკების“ კონტროლი.
აბოლიციონიზმის მოდელი – გულისხმობს – პროსტიტუციით საქმიანობა არის ადამიანის ინდივიდუალური, პირადი არჩევანი და სახელმწიფოს არა აქვს უფლება წინ აღუდგეს ან აკონტროლის ის საკუთარი ინსტიტუტებით. ისევე, როგორც კლიენტთა კრიმინალიზაციის პოლიტიკა, აბოლიციონიზმი დღესდღეობით ფემინისტური მოძრაობის ფაქტიური მიღწევაა. პროსტიტუციის სფეროში აბოლიციონიზმის პოლიტიკა რეალიზებულია დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში.“
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, უფრო რეგლამენტაციის მოდელი არსებობს, ანუ პროსტიტუციის მხოლოდ გარკვეული ფორმები და მოქმედებებია სისხლის სამართლის მიხედვით დასჯადი, მაგრამ თვითონ პროსტიტუცია ადმინისტრაციულ გადაცდომად ითვლება. ჩვენი კვლევის შედეგად გვინდა, რომ კანონმდებელსა და მეცნიერებას მძლავრი, დასაბუთებული ჰიპოთეზები შევთავაზოთ, რაც ქართული კულტურისა და იდენტობის გათვალისწინებით, ახალი მოდელის შემუშავებას დაედება საფუძვლად. ჩვენი მიზანია, კანონმდებელს გავუადვილოთ ნორმაშემოქმედებითი საქმიანობა, თავიდან ავიცილოთ არაკანონიერი დასჯადობა და დავიცვათ კანონიერების პრინციპი.
ასევე მოგახსენებთ, რომ ტექნიკურად, როდესაც ბუნდოვანია ნორმა, დგება მისი არაკონსტიტუციურობის საკითხი. შესაბამისად, როდესაც ნორმა განჭვრეტადია და აკმაყოფილებს კანონიერების პრინციპის მოთხოვნებს, აღარ დგება მისი კონსტიტუციურობის პრობლემა, რაც ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის განტვირთვას.
არაბუნდოვანი ნორმა მოქალაქეებისთვისაც მარტივად გასაგებია, რაც კანონის პრევენციულ ფუნქციას ზრდის – მოქალაქემ განსაზღვრულად იცის, თუ რა ქცევა აუკრძალა მას კანონმდებელმა, რათა შემდგომი დასჯადობა თავიდან აიცილოს“, – აღნიშნა ირაკლი დვალიძემ.