პროფესიული განათლების II კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“
თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურია და წელს უკვე მეორედ ჩატარდა.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარება, რადგან ეს ცოდნა ორიენტირებულია შრომის ბაზარზე. ბუნებრივია, რომ კონფერენციაზე შეკრებილი სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებლადა გადასაწყვეტია და ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რაც სასწავლებლებმა უნდა მისცენ სტუდენტებს“, – განაცხადა კონფერენციის გახსნისას თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
ორგანიზატორების თქმით, კონფერენცია მომავალ წელს საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება. ,,ერთი თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ვალგაამის პროფესიული განათლების ცენტრთან, ესტონეთში. ამის გარდა, ესტონეთში კიდევ ერთ პროფესიულ სასწავლებელთან ვთანამშრომლობთ და ესპანეთშიც ვამყარებთ კონტაქტებს. ინტერნაციონალიზაცია ჩვენი პრიორიტეტია, რადგან ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ გაცვლითი პროგრამები და გაეცნონ როგორ სწავლობენ მათი თანატოლები, გაიზიარონ უცხოური გამოცდილება”, – აღნიშნა რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა ჩვენთან საუბარში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წლევანდელი პროფესიული განათლების კონფერენცია უფრო მასშტაბურია, რადგან მასში მთელი საქართველოდან ჩაერთვნენ სხვადასხვა კოლეჯები და პროფესიული ცენტრები. აქამდე თუ მხოლოდ თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის თბილისისა და ქუთაისის ფილიალები მონაწილეობდნენ, წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი, საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი და სხვა სასწავლებლებიც შემოუერთდნენ ღონისძიებას.

პროფესიული განათლების II კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა 26 მოხსენება წაიკითხეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე – ,,ელექტრონული ლარის პერსპექტივები” (ლამზირა სოლომონიძე, ტატიანა ნიკოლაძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი (ქუთაისი)) ,,ინოვაცია, ინტეგრაცია, ინკლუზია – ახალი ხედვები პროფესიულ განათლებაში” (ირინე გოჩიტაშვილი, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი), ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები” (ბექა კილასონია, ეკონომიკის დოქტორი, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი), ,,მეფუტკრეობა, როგორც პერსპექტიული მიმართულება პროფესიულ განათლებაში” (თინათინ ლაღიძე, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის პროფესიული კოლეჯი), ,,საექთნო განათლება აქ და ახლა” (ანა არველაძე, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი) და სხვა. მომხსენებლები იყვნენ როგორც პროფესიული პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლებიდან.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ კახეთში. გასვლითი აქტივობის ფარგლებში მათ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – გრემი მოინახულეს და საქველმოქმედო აქციით ესტუმრნენ სოფელ გრემში სოციალურ საწარმო ,,თემს“.
,,კონფერენციის მიზანი იყო გაფართოებულ ფორმატში სტუდენტებთან, კოლეგებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად გვემსჯელა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ხოლო ექსკურსია მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების სასწავლებლების წარმომადგენლების და სტუდენტების უფრო მეტად დაახლოებას. ჩვენი ცენტრი სტუდენტებს სწავლასთან ერთად სთავაზობს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას. მათ სწავლის პარალელურად შეუძლიათ განახორციელონ სტუდენტური პროექტები როგორც შემეცნებითი და საგანმანათლებლო, ასევე სპორტული, გასართობი და კულტურული მიმართულებით. გვინდა, რომ მათ არა მხოლოდ ლექციებზე დასწრება, არამედ სხვა დამატებითი აქტივობებიც შევთავაზოთ. ჩვენი დაკვირვებით, ეს დადებითად აისახება სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე და ლექციებზე დასწრების მაჩვენებელზეც. მაგალითად, წელს განვახორციელეთ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი – „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო – ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“. პროექტი მოიცავდა საგანმანათლებლო ლექციებს, ექსკურსიებს და ინტელექტუალურ თამაშს – ,,რა? სად? როდის?”. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ სხვა კოლეჯების სპორტულ აქტივობებშიც – გვყავს თსუ-ს ქუთაისის და თბილისის პროფესიული განათლების ცენტრების შერეული ფეხბურთის გუნდი, ასევე ფრენბურთის გოგონებისა და ბიჭების შერეული გუნდი. აღმოსავლეთ საქართველოში მეორე ადგილზე გავედით ფეხბურთის ჩემპიონატში. ახლა ფრენბურთის შეჯიბრისთვისაც ვემზადებით. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”, – განაცხადა თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტურიზმის დოქტორმა ინეზა ვაწაძემ.
თსუ-ს რექტორთან ერთად ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კვინიკაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა მარგიშვილი, თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა თსუ პროფესიული სტუდენტის ელენე მაისურაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ცნობისთვის: თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. დღეისთვის ცენტრი 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს თბილისსა და ქუთაისში, რომელზეც 400-მდე სტუდენტი სწავლობს.
