,,პროფესიული წერა“ – ახალი სახელმძღვანელო
,,პროფესიული წერა” – ასე ჰქვია ახალ სახელმძღვანელოს, რომლის ავტორები არიან ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ენების ცენტრის მასწავლებელი ქეთევან გოჩიტაშვილი და თამარ გითოლენდია.
სახელმძღვანელოში ვრცლად და ეფექტურად არის აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოიმუშაონ ადამიანებმა სწორად წერის უნარი, ააგონ სტრუქტურულად გამართული ტექსტები, აწარმოონ შედეგსა და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მიმოწერა.
პროფესიული წერის სახელმძღვანელო სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს დაეხმარება – შეისწავლონ წერის სხვადასხვა ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აზრების ნათლად, კონკრეტულად და მიზნის შესაბამისად ჩამოაყალიბებას; ასევე, თავიდან აიცილონ ის გაუგებრობები, რომლებიც ხშირად არასწორად ფორმულირებული ტექსტის შედეგია ხოლმე.
სწორედ კარგად წერის უნარის მნიშვნელობაზე გვესაუბრება წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი ქეთევან გოჩიტაშვილი, რომელიც 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 18 სახელმძღვანელოს, ასევე, ლექსიკონის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის აკადემიურ წერაში.
„ყველასათვის ცნობილია, რომ კარგად განვითარებული წერითი უნარები ადამიანს ეხმარება კარიერული წარმატების მიღწევაში, რადგან ის ადამიანს საშუალებას აძლევს – გაუზიაროს თავისი აზრები და გადაწყვეტილებები სხვებს დამაჯერებლად, ორგანიზებულად, არგუმენტირებულად. ის ხელს უწყობს ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და როგორც პირადი, ისე ორგანიზაციული წარმატების მიღწევას. ამ სახელმძღვანელოს მიზანი მარტივია – დაეხმაროს მკითხველს ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის დამყარებასა და პროფესიულ წარმატებაში.
სახელმძღვანელოში აქცენტი გაკეთებული იმაზე, თუ როგორ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებზე, მთავარ მესიჯებსა და ძირითად სათქმელზე, რათა მკითხველის ნდობა დავიმსახუროთ და პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ მათზე“, – განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან გოჩიტაშვილმა, რომელიც თვლის, რომ წერილობითი ტექსტები მარკეტინგის უნიშვნელოვანესი ნაწილია. „მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოს შინაარსი გამოიცადა ერთსემესტრიანი სავალდებულო სასწავლო კურსის – წერის ტექნიკის – ფარგლებში, რომელსაც ჩვენ, ავტორები ვუძღვებით. სტუდენტთა უკუკავშირისა და ავტორთა სასწავლო კურსის შედეგად მიღებულ შედეგებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სახელმძღვანელო შეესაბამება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს და შემსწავლელებს უვითარებს უნარებს, შექმნან საქმიანი სფეროსათვის განკუთვნილი მრავალფეროვანი ტექსტები: საინფორმაციო განცხადებები, საქმიანი და სამოტივაციო წერილები, ბლოგები, სარეკლამო ტექსტები და სხვ; გაიაზრონ და და ჩვევაში განიმტკიცონ ლაკონიზების, სიზუსტის, ნათლად და მკაფიოდ წერის პრინციპები, ასევე, არგუმენტირებულად მსჯელობის მნიშვნელობა და მეთოდები, შეძლონ ინფორმაციის მართვა. პროფესიული წერის სახელმძღვანელო შეიცავს მრავალ მეთოდოლოგიურ მიდგომას, როგორებიცაა: მართული აღმოჩენა, შემთხვევის ანალიზი, ნიმუშით სწავლება, თეორიული ცოდნის გადაცემა, პრაქტიკული დავალებები და სხვ. სწორედ მათი ერთობლიობით მიიღწევა ინტერაქცია და პრაქტიკა, რაც საუკეთესო გზებია სწავლებისათვის..“ – აღნიშნა ქეთევან გოჩიტაშვილმა.
სახელმძღვანელოში რამდენჯერმეა წარმოდგენილი „რეფლექსიური დღიური“, რომელიც როგორც სტუდენტს, ასევე, ლექტორს ეხმარება შედეგის დიაგნოსტირებაში, „რეფლექსიური დღიურის“ მეშვეობით შემსწავლელები ზომავენ და აჯამებენ შეძენილ ცოდნას, დავალებების შესრულების დროს წარმოქმნილ სირთულეებს, დავალებების შესრულების დროს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტიანობას; იაზრებენ – თუ რა სჭირდებათ შედეგის გასაუმჯობესებლად და როგორ უწყობს ხელს წერითი პრაქტიკა სასწავლო მიზნების მიღწევას.
სახელმძღვანელოს ძირითადი თემებია: ენა, იდენტობა და კულტურა, მათი გავლენა აზროვნებასა და წერის კულტურაზე, ტექსტის აღქმა განსხვავებულ კულტურებსა და განსხვავებულ სიტუაციებში; ანალიტიკური აზროვნება; მიზნის შესაბამისი სტილის შერჩევა და გამოყენება, ფუნქციური სტილები; წერის ტექნიკები; წერის დაწყების მოსამზადებელი ეტაპები; ინფორმაციის მენეჯმენტი, არგუმენტირებული მსჯელობის დონეები, სტრუქტურის ვიზუალიზაცია და სხვა.
როგორც ავტორმა აღნიშნა, წიგნის გამოყენება შეუძლიათ სტუდენტებს, დამწყებ სპეციალისტებს, საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ, შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ წერითი კომუნიკაციის უნარები.
წიგნის რედაქტორები არიან ფილოლოგიის დოქტორები თამილა ზვიადაძე და მერაბ ნაჭყებია.