პროექტი – „რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში“

თარიღი: 2023-01-16 16:11:49

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში ბოლო ხანებში მრავალი  სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განხორციელდა.  ამ მხრივ, ინსტიტუტი მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამეცნიერო ერთეულია.  აღსანიშნავია, რომ პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზეა შესრულებული.  ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი პროექტია „რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში (ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის ცვლილებების პროცესი)“.   აღსანიშნავია,  რომ  2022 წლის დასაწყისში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი „რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში (ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის ცვლილებების პროცესი)“ დაიწყო, სადაც  ჩართულნი არიან საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორი წევრი: ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე (პროექტის კოორდინატორი) და ამავე ინსტიტუტთან აფილირებული კიდევ ორი წევრი ისტორიის დოქტორი და თსუს მოწვეული ლექტორი აკაკი ჩიქობავა და ისტორიის დოქტორი ემილ ავდალიანი, რომელიც, ასევე, პერიოდულად ამავე ინსტიტუტის მოწვეული ლექტორია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტი ბოლომდე საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ახალგაზრდა წევრებით არის დაკომპლექტებული.

ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე სწორედ ამ პროექტისა და თემის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:

„ჩემი, როგორც პროექტის კოორდინატორის, საქმიანობა შემოიფარგლება სამეცნიერო პროექტისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოს  შესრულებით, ასევე, ჩემი მოვალეობაა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და უნივერსიტეტთან ეფექტური კოორდინაციის დამყარება. ეს ყველაფერი გრანტის ეფექტური განხორციელებისთვის არის მნიშვნელოვანი. პროექტის კოორდინატორობის გარდა, გახლავართ ამავე გრანტის ერთ-ერთი ძირითადი შემსრულებელი. ამ მხრივ ჩემი მოვალეობაა სამეცნიერო მუშაობის წარმართვა პროექტის თემატიკასთან შესაბამისობაში. ბუნებრივია, პროექტის ფარგლებში ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შესწავლაა, რაც ასახვას ჰპოვებდა საქართველოს დემოგრაფიული და ეთნიკური ცვლილებების სურათზე. ბუნებრივია, რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შესწავლა შეუძლებელია, ზოგადად, კოლონიალიზმის შესწავლის გარეშე. კოლონიალიზმს თავისი მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები ჰქონდა, რასაც სათანადო ანალიზი სჭირდება“,  – ამბობს ლერი თავაძე.

მისი აზრით, რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში კოლონიალიზმის, როგორც მსოფლიო ფენომენის, არსში კარგად ჯდება. „რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა და იძულებითი მიგრაციები, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში,  ამისი კარგი დადასტურებაა. თუმცა, ოფიციალური მხარე რუსეთის იმპერიის საქართველოსთან ურთიერთობაში, თითქოს, განსხვავებული იყო. ქართველმა თავადაზნაურობამ რუსეთის დიდებულთა მსგავსი პრივილეგიები მიიღეს და ქართლ-კახეთის შეერთების შემდეგ იმპერატორის ქვეშევრდომობაში შევიდნენ. ამასთან ერთად, რუსეთის იმპერატორმა საქართველოს ანექსიის შემდეგ საკუთარ ტიტულატურაში ივერიის ხელმწიფის ტიტულიც შეიტანა. ამით იქმნებოდა ილუზია, რომ საქართველო რუსეთის იმპერატორის ისეთივე მფარველობით ისარგებლებდა, როგორც ქართული მონარქიის არსებობის პირობებში, თუმცა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. ეკონომიკური, დემოგრაფიული, რელიგიური თუ ეთნიკური პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის იმპერიის მესვეურები ატარებდნენ საქართველოში,  უფრო კოლონიალიზმის ელემენტებს შეიცავს, ვიდრე მფარველობასა თუ ქვეშევრდომობას, რომელსაც რუსეთის იმპერატორი ჰპირდებოდა ქართველ ხალხს.  XIX საუკუნის რუსული კოლონიური პოლიტიკა თავისი ბუნებით განსხვავებული იყო, ვიდრე დასავლეთევროპული ქვეყნების კოლონიალიზმი, თუმცა განსხვავებებთან ერთად მათ ბევრი საერთოც ჰქონდათ.

კოლონიალიზმის შესწავლა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვინაიდან თანამედროვე რეალობაში მან უფრო განსხვავებული ფორმები მიიღო და ნეოკოლონიალიზმის სახით მოგვევლინა. მაგრამ, თანამედროვე ნეოკოლონიალიზმის შესწავლა, პრაქტიკულად, გამორიცხულია მისი წინამორბედი – კოლონიალიზმის კვლევის გარეშე. ამგვარად, პროექტი მე მოტივაციას მაძლევს შევისწავლო არა მხოლოდ რუსული კოლონიური პოლიტიკის თავისებურებანი საქართველოში, არამედ ცოდნა და შემეცნება გავიფართოვო, ზოგადად, კოლონიალიზმისა თუ ნეოკოლონიალიზმის ფენომენზე“, – აცხადებს ლერი თავაძე.

მეცნიერის თქმით,  „რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შესწავლის აუცილებელი წინაპირობაა არსებული წყაროთმცოდნეობითი ბაზის ჯეროვანი დამუშავება. მნიშვნელოვანია რუსულ და დასავლეთევროპულ ისტორიოგრაფიაში არსებული შეხედულებების ანალიზი, რაც ცარისტული რუსეთის კოლონიურ თუ დემოგრაფიულ პოლიტიკას შეეხება კავკასიის მხარეში. ამგვარად, ჩემი მიზანია პროექტის ფარგლებში შევისწავლო XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის დასავლურ და რუსულ ისტორიოგრაფიაში წარმოდგენილი შეხედულებები, მათ შორის არსებული განსხვავებები, ასევე, რუსული სამხედრო დასახლებების შედეგად შექმნილი კოლონიები საქართველოს ტერიტორიაზე. რუსული სამხედრო თუ სამოქალაქო დასახლებების შექმნა კავკასიაში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო, რასაც, ბუნებრივია, ჩვენს კვლევაში სათანადო ყურადღებას ვუთმობთ“.

ლერი თავაძის ინფორმაციით,  პროექტის განხორციელებისას მის გარდა  მონაწილეობას იღებს  კიდევ სამი წევრი, რომლებიც, უპირატესად, რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის სხვადასხვა საკითხის კვლევით არიან დაკავებულები.  „იმ საკითხებს შორის, რომელსაც პროექტის სხვა წევრები სწავლობენ, აღსანიშნავია: საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლებული გერმანელების, ბერძნების, რუსი „რასკოლნიკების“ საკითხები; აფხაზეთისა და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებული (კაზაკების, ბერძნების, გერმანელების და სხვ.) მოახალშენეების პრობლემატიკა; XIX საუკუნის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლებული ქრისტიანი სომხებისა და ბერძნების, ასევე, არაქრისტიანი იეზიდების და სხვადასხვა ხალხის ჩამოსახლება“, ამბობს მეცნიერი.

როგორც ლერი თავაძე აცხადებს, პროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება და  საბოლოოდ, სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონოგრაფია „რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის (ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის ცვლილებების პროცესი)“ შესახებ საქართველოში. ნაშრომი გავრცელდება როგორც საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებსა თუ აკადემიურ წრეებში, ასევე, საზღვარგარეთის კვლევით ცენტრებშიც, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი საქმეა. აგრეთვე, იგეგმება კვლევის შედეგების ამსახველი ინგლისურენოვანი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში. პროექტის წევრები აკადემიურ წრეებს სამეცნიერო მიღწევებს გააცნობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე საზღვარგარეთ, ასევე, კვლევის ამსახველი მოხსენებები გაკეთდება ადგილობრივ კონფერენციებზეც. „საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქცია საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის, უმთავრესად, ქართველოლოგიური მიმართულებით. ვინაიდან პროექტი ეხება სოციალური ისტორიის, დემოგრაფიის, სტატისტიკის, ეთნიკური პროცესებისა და ეკონომიკის საკითხებს, ბუნებრივია, ის საინტერესო იქნება ამ სფეროებით გატაცებული მკითხველისთვისაც.  ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ პროექტში მონაწილე პერსონალი აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო სწავლებაში. შესაბამისად, კვლევის პროცესში მიღებული ახალი ცოდნა და გამოცდილება უცილობლად დაინერგება სწავლების პროცესში; უფრო კონკრეტულად კი, XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული საგნების სალექციო და სასემინარო მუშაობაში. ამრიგად, პროექტის განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სამეცნიერო მნიშვნელობასთან ერთად სასწავლო დანიშნულებაც გააჩნია“,  – აღნიშნა ლერი თავაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn