თსუ-ს გუნდმა ,,საუკეთესო ინიციატივის“ ტიტული მოიპოვა

თარიღი: 2026-03-03 12:03:08

თსუ-ს სტუდენტებმა ახალგაზრდულ პროექტში – ,,მე, ოჯახი და სახელმწიფო” – გაიმარჯვეს. მათმა იდეამ, რომელიც თაობათაშორისი კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად, ,,საუკეთესო ინციატივის” ტიტული მოიპოვა და მალე საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

როგორც გამარჯვებული გუნდის წევრები გვიყვებიან, იდეა კონკრეტულ და პრაქტიკულ ნაბიჯებს ეფუძნება: „ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს კალენდარულად ერთი კონკრეტული დღის დაწესებას „თაობათა სოლიდარობის დღის“ სახელით. ეს იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერით ორგანიზებული პლატფორმა,  სადაც განხორციელდება  მრავალფეროვანი აქტივობები: ხანდაზმულთა მონახულება და მათი გამოცდილების გაზიარება, თაობათა შორის დიალოგის სივრცეების შექმნა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მენტორული პროგრამები და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა. პროექტის მთავარი იდეაა, რომ თაობები არ არსებობდნენ განცალკევებულად და რომ ჩამოყალიბდნენ ურთიერთგამაძლიერებელ სოციალურ სისტემად“.

აღნიშნულ იდეაზე 9-წევრიანი ჯგუფი მუშაობდა მუთი მატარაძის ლიდერობით, რომელიც თსუ-ს სტუდენტი და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელია. გუნდის სხვა წევრები იყვნენ: დოქტორანტები თამთა ნაბორაშვილი (თსუ-ს კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი) და ხათუნა ჩუგოშვილი (თსუ-ს ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელი, თსუ-ს ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე და მოწვეული ლექტორი), ასევე სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები ლუკა აფციაური, ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, ნიკა დარსალია, საბა არჩუაძე, საბა ჩიქოვანი და ნინი კვინიკაძე.

ახალგაზრდების თქმით, მათ გუნდში თითოეულმა წევრმა პროექტის იმ ნაწილზე იმუშავა, რა მიმართულებითაც ყველაზე დიდი კომპეტენცია ჰქონდა. ,,სწორედ ამ თავისუფალმა მიდგომამ, მუდმივმა ინტერაქციამ და გუნდურმა შეკრულობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ იდეა მაქსიმალურად დაგვეხვეწა და სრულყოფილებამდე მიგვეყვანა”, – გვითხრა მუთი მატარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ,,საუკეთესო სტუდენტური სტატიის” ნომინაციაში გამარჯვებაც თსუ-ს დოქტორანტმა თამთა ნაბორაშვილმა მოიპოვა.

ინფორმაციისთვის: პროექტი ,,მე, ოჯახი, სახელმწიფო” საქართველოს დემოგრაფიული  აღორძინების  ფონდის ორგანიზებით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თბილისის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი მთავარი სლოგანია „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს“. პროექტში უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კოლეჯები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, ქართული სათვისტომოები და დიასპორული ორგანიზაციები.

დემოგრაფიული  აღორძინების ფონდის თავმჯდომარე და პროექტის ორგანიზატორი თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ გასული 4 თვის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს 2000-ზე მეტ სტუდენტთან, მათგან 300-მდე მსურველმა საკონკურსო განაცხადი წარადგინა, საბოლოოდ კი 40 საუკეთესო ნამუშევარი შეირჩა. პროექტის ავტორის თქმით, უმთავრესი ამოცანა ეროვნული და თანამედროვე ფასეულობების დაახლოებაა: „პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევის გადაჭრა, ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია და ინტეგრაცია; ასევე, ახალგაზრდების ცნობიერებაში ტრადიციული ღირებულებების სინთეზი თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ, დემოკრატიულ და სუვერენულ განვითარებას“.

,,საუკეთესო ინიციატივის” ნომინაციაში გამარჯვებულმა თსუ-ს გუნდმა თავისი წინადადება საქართველოს პარლამენტში უნდა წარადგინოს. სტუდენტებს სჯერათ, რომ მათი იდეა რეალურ სახელმწიფოებრივ პრაქტიკად იქცევა და დაეხმარება თაობათა სოლიდარობისა თუ დემოგრაფიული მდგრადობის გაძლიერებას.

Facebook
Twitter
LinkedIn