პრაღის ტრაგედიაზე პრაღაშივე მყოფი თსუ-ს სტუდენტები ახალ დეტალებს გვიამბობენ
პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარ დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია დაუკავშირდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კარლის უნივერსიტეტში სასწავლებლად წასულ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსელს საბა სამუშიას და მეოთხეკურსელს ნინი ჩარკვიანს.
,,პრაღაში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. შეძრულია მთელი ჩეხეთი და განსაკუთრებით ჩვენ, სტუდენტები, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხდა ეს საშინელი შემთხვევა. ჩემს უნივერსიტეტში, კარლის უნივერსიტეტში, იყო გუშინ სროლა. მე გამიმართლა – სრულიად სხვა კორპუსში ვიყავი, მაგრამ ჩემს თანაუნივერსიტეტელებს არ გაუმართლათ და ამ სიგიჟეს შეეწირნენ არაფრის გამო.
მე პრაღაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით ვარ და რომელ ქართველ სტუდენტებსაც ვიცნობ, ყველა მათგანი კარგადაა. თსუ-ს ადმინისტრაციიდან, ჩეხეთში საქართველოს საელჩოდანაც დაგვიკავშირდნენ და მოგვიკითხეს. მთელი საქართველოდან ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობდით და დიდი მადლობა ამისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთში და, ზოგადად, ევროპაში უიშვიათესია ასეთი შემთხვევები, კარლის უნივერსიტეტმა სწრაფად მოახდინა რეაგირება. მივიღეთ გამაფრთხილებელი წერილები, ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი არაჩეხურენოვანი სტუდენტებისთვის, ფსიქოლოგიური დახმარებაც შემოგვთავაზეს. გაუქმდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება და ლექცია-სემინარები. ასევე, უნივერსიტეტის საქველმოქმედო ფონდი გაიხსნა, რომ ვისაც აქვს საშუალება – დაზარებულების ოჯახებს დაეხმაროს. ახლა გლოვაა გამოცხადებული მთელს ჩეხეთში და დამატებითი უსაფრთხოების ზომებიც მიღებულია. ჯერჯერობით ვრჩებით საცხოვრებელში და ვცდილობთ – გარეთ გასვლას მოვერიდოთ“, – ამბობს ნინი ჩარკვიანი.
როგორც უნივერსიტეტელი საბა სამუშია აღნიშნავს, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი ამბის თაობაზე მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან გაიგო. ,,გუშინ რაც მოხდა, მე გავიგე ჩვენი უნივერსიტეტისგან, რადგან სახლში როცა მოვედი, დამხვდა ფოსტაზე შეტყობინება თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისგან, ქალბატონი თეა გერგედავას უწყებისგან – თუ როგორ ვიყავი?
თავიდან ძალიან გამიკვირდა, რადგან დამხვდა სხვა უამრავი შეტყობინებაც და ,,გამოტოვებული ზარი“ მობილურ ტელეფონში… ტრაგედიის დროს მე ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ სხვა კამპუსში. როცა კამპუსიდან წამოვედი, ქალაქში საეჭვოდ ბევრი პოლიციელი იყო, მაგრამ არც მიფიქრია – რა შეიძლებოდა მომხდარიყო. სახლში რომ მოვედი, მერე გაირკვა, რაც მოხდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ტრაგედიის მომწყობი 24 წლის სტუდენტი იყო. იგი ცხოვრობდა პრაღასთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში. მან მოკლა ჯერ მამამისი. მეზობელმა გამოიძახა პოლიცია, მაგრამ პოლიციას ადგილზე დახვდა მხოლოდ გვამი, ეჭვმიტანილ შვილზე კი ძებნა გამოაცხადეს. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი 2 საათზე უნივერსიტეტში ლექციაზე უნდა მისულიყო, შესაბამისად მობილიზდნენ ამ შენობასთან, თუმცა მკვლელი სხვა კამპუსში შეიჭრა და მოხდა ის, რაც უკვე ყველამ ვიცით. ამ კამპუსთან შეხება მხოლოდ რამდენჯერმე მქონია, მე სხვა ახალ კამპუსში ვსწავლობ, რომელიც ქალაქის მეორე ნაწილშია.
მომხდარმა მთელი ქალაქი შეძრა, ძალიან დიდი სტრესი მივიღეთ, რადგან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი დაიჭრა. ერთი, მათ შორის, ჩვენი ნაცნობია, რომელიც ფეხშია დაჭრილი. საბედნიეროდ, ქართველი არცერთი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა თავი მოიკლა. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ იგი პოლიციელმა მოკლა. გუშინ ძალიან მძიმე ვითარება იყო მთელს ქალაქში, დღესაც გადაადგილება, მეტნაკლებად, შეზღუდულია. უნივერსიტეტები დაიხურა, ყველა კამპუსში გაუქმდა შემდეგი კვირის გრაფიკი და გამოცდებზე მიმდინარეობს დავა – როგორ უნდა ჩატარდეს და რა უნდა გააკეთონ. საინტერესოა ისიც, რომ გამკაცრდა ზომები და ყველა სტუდენტს, ვინც კამპუსებში შევა, შეამოწმებენ. ხალხი ჯერ კიდევ შეშინებულია. რეკომენდაცია მოგვცეს, რომ დავრჩეთ სახლში და არ გავიდეთ გარეთ, თუ ამის აუცილებლობა არ გვაქვს. ძალიან დამთრგუნველი და სტრესული გარემოა კვლავ, თუმცა ვცდილობთ, რომ უკეთესის იმედი არ დავკარგოთ“, – ამბობს საბა სამუშია.