თსუ-ს წარმომადგენლები პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულზე იმყოფებოდნენ
ევროპული გამოცდილების გაზიარება, ახალი პროფესიული კონტაქტები და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაცია – ამ შედეგებით დასრულდა თსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი პოლონეთში 8-12 ივნისს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პოზნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამართულ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში (Staff Week), რომელიც Erasmus + პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
ამ მობილობის შედეგებსა და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრების დეტალებზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარ სპეციალისტს რუსუდან სეთურიძეს ვესაუბრეთ. პოზნანში თსუ-ს დელეგაციის შემადგენლობაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დარეჯან გარდავაძე და მთავარი სპეციალისტი ნინო კვირიკაშვილი.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოწყობილ კვირეულებს ყოველთვის ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი გამოარჩევს. გამონაკლისი არც პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოფილა, რომელმაც მრავალფეროვან აქტივობებს, სამუშაო შეხვედრებსა და თემატურ დისკუსიებს უმასპინძლა.
„კვირეულის პროგრამაში მონაწილეობდნენ 13 უნივერსიტეტის წარმომადგენლები 8 ქვეყნიდან, მათ შორის: გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. ვიზიტის მთავარი მიზანი პროფესიული კონტაქტების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების განხილვა იყო.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფური განხილვები, სადაც ვმსჯელობდით სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის ხელშეწყობაზე, ასევე ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვაზე. ასეთი ფორმატი მნიშვნელოვნად აფართოებს პროფესიულ ხედვას“, – აღნიშნავს ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე.
ქართულმა დელეგაციამ კოლეგებს თსუ-ს შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის ისტორიულ მისიაზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, მის საგანმანათლებლო და კვლევით პოტენციალზე, უცხოენოვან და ორმაგი ხარისხის პროგრამებზე.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქართული ენის, კულტურისა და საქართველოს შესახებ აკადემიური კვლევების პოპულარიზაციას ევროპულ სივრცეში, რაც ჩვენი ქვეყნის აკადემიური და კულტურული წარმოჩენის საუკეთესო გზაა.
გარდა ოფიციალური სამუშაო შეხვედრებისა და გამოცდილების გაცვლისა, ვიზიტს ძალიან თბილი, ადამიანური ემოციებიც ახლდა თან.
„აქამდე დაბადების დღეს ყოველთვის ოჯახისა და მეგობრების წრეში აღვნიშნავდი. წელს კი ისე მოხდა, რომ პოზნანის კვირეულის დღეებს ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ გამისაჯაროვებია, მონაწილეებმა მაინც შეიტყვეს კულტურული აქტივობის დროს, როდესაც ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების კულინარიულ ტრადიციებს ვაცნობდით. კვირეულის სტუმრებმა და მასპინძლებმა წარმოუდგენლად საზეიმო განწყობა შემიქმნეს და უდიდესი ყურადღება მარგუნეს. მათ მაჩვენეს, რომ სრულიად აკადემიურ ღონისძიებასაც კი შეიძლება ჰქონდეს ძალიან ემოციური და ადამიანური მხარე. ეს პოზიტიური მუხტი მთელი წლის განმავლობაში გამყვება“, – იხსენებს რუსუდან სეთურიძე.
მსგავსი საერთაშორისო მობილობები არა მხოლოდ პროფესიული კავშირების გამყარებას უწყობს ხელს, არამედ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გადმოტანას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შიდა ადმინისტრაციული და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების კიდევ უფრო დასახვეწად.
