კავშირ „პოლონიას“  30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

თარიღი: 2025-10-08 19:16:49

თსუ-ში კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ ,,პოლონიას” დაარსებიდან 30-ე წლისთავი აღინიშნა – ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ,,ქართულ-პოლონური ურთიერთობების ორი საუკუნე”, გაიხსნა გამოფენა „პოლონური არქიტექტურა თბილისში“, ხოლო დღის ბოლოს თსუ-ს სააქტო დარბაზში საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის კანცელარიის, მსოფლიო თანამეგობრობა „პოლონიას“ და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო.

საერთაშორისო კონფერენცია გახსნა თსუ-ს ვიცერექტორმა, პროფესორმა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას სამეცნიერო, კულტურული და სხვა მიმართულებით. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა და არქიმანდრიტმა მამა ადამ ვახტანგ ახალაძემ.

კონფერენცია დაიწყო საქართველოში კავშირ ,,პოლონიას” დამაარსებლისა და თავმჯდომარის, პროფესორ მარია ფილინას გამოსვლით. იგი თსუ-ში პოლონისტიკის ცენტრს ხელმძღვანელობს. ,,მიგვაჩნია, რომ იუბილე მხოლოდ დღესასწაული კი არ უნდა იყოს, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს. მართლაც, ჩვენი ყოველი კონფერენცია ახალი ეტაპია პოლონურ-ქართულ სამეცნიერო ურთიერთობებში. შესაძლოა, არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც პოლონეთიდან 3000 კილომეტრით არის დაშორებული, არ ჩატარებულა პოლონეთისადმი მიძღვნილი ამდენი სამეცნიერო სესია, არსად ამხელა სამეცნიერო და კულტუროლოგიური ინტერესი არ გამოხატულა, როგორსაც ჩვენს უნივერსიტეტში ვხედავთ…”- განაცხადა მან.

თსუ-მ უმასპინძლა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არტურ გებალს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონურ დიასპორასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენელ რაფალ პერლს, ასევე მეცნიერებს პოლონეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან. მათი ნაწილი თბილისში იმყოფებოდა, ნაწილი კი სესიებს ონლაინ ჩაერთო.

პოლონეთის ელჩმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა და კულტურულ-ენობრივი განსხვავებებისა, ქართულ-პოლონური ურთიერთობები უნიკალური ფენომენია, რომელიც საუკუნეების მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

„პოლონელებმა საქართველოში შეძლეს საკუთარი ადგილის პოვნა, ადაპტირება და ამ ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. მათი კვალი ჩანს მეცნიერებაში, არქიტექტურაში, ხელოვნებასა და კულტურაში. გავიხსენოთ ალექსანდრ შიმკევიჩი, კირილ და ილია ზდანევიჩები, ჰენრიკ ჰრინევსკი. სწორედ ამ ფუნდამენტზე დგას დღეს კავშირი ,,პოლონია“,  – აღნიშნა ელჩმა და განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია მარია ფილინა, რომლის დაუღალავი საქმიანობა, მისი თქმით, „გაგრძელებაა იმ ადამიანების ღვაწლისა, რომლებმაც საქართველო და პოლონეთი კიდევ უფრო დააახლოვეს ერთმანეთთან“.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ღონისძიების გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონურ დიასპორასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი რაფალ პერლი, რომელმაც პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, ჰენრიკა მოსციკა-დენდისის წერილი წაიკითხა. ოფიციალურ მიმართვაში ყურადღება იყო გამახვილებული პოლონურ-ქართული მეგობრობის მნიშვნელობასა და „პოლონიის“ განსაკუთრებულ როლზე საქართველოში პოლონური კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების საქმეში.

პროფესორი მარია ფილინა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტზეც გვესაუბრა: ,,ღონისძების წარმატებით ჩასატარებლად დაუღალავად იშრომეს სლავისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა – პროფესორებმა მაია თუხარელმა და ილონა ძნელაძემ, ასევე თსუ-ს სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ეკატერინე ნაროზაშვილმა”. კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია: ისტორია და პოლიტოლოგია; ლიტერატურათმცოდნეობა და ვერბალური კომუნიკაცია; ხელოვნება, კულტუროლოგია და განათლება. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად მოხსენებები წარადგინეს მეცნიერებმა ვარშავის, ჟეზოვის, ბიალისტოკის, ოლშტინის უნივერსიტეტებიდან და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიიდან.

სექციური მუშაობის დროს წარმოდგენილი ნაშრომები შემდეგ თემებს შეეხებოდა: ,,ქართველები პოლონურ საზოგადოებაში” (პროფესორი ვოიცეხ მატერსკი), ,,პოლონელი ემიგრანტების მოღვაწეობა კონსტანტინოპოლში” (მეცნიერებათა დოქტორი ანა მანაგაძე), ,,სამი ზღვის” კონცეფცია და პოლონეთის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ასპექტები” (პროფესორი ვახტანგ მაისაია), ,,ვარშავის აჯანყებაში ქართველების და სხვა კავკასიელების მონაწილეობა” (პროფესორი პშემისლავ ადამჩევსკი), ,,მთარგმნელის დღიური – მიქელ პატარიძის დღიურის მასალების მიხედვით” (პროფესორი ნინო წერეთელი), ,,პოლონელი მხატვრების შემოქმედება XX ს. დასაწყისის ქართულ ბეჭდურ მედიაში” (პროფესორი დალი ოსეფაშვილი) და სხვ.

გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” კონფერენციის სტუმარს, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, ნუნუ მიცკევიჩს ესაუბრა, რომელიც წარმოშობით პოლონელია. ,,ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ ორი ერის შვილი ვარ და მათ გენეტიკას ვატარებ. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა ორივე ქვეყნის წინაშე. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე ქართველი და პოლონელი ერის ხასიათის მსგავსებაზე, მათ ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის, ასევე პარალელი გავავლე ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანსა” და პოლონელი მწერლის ადამ მიცკევიჩის ,,ფარისს“ შორის. ჩვენი ქართული ლექსი უფრო ოპტიმისტურია… ვხედავთ, რომ გმირი არ იღუპება და იბრძვის, რათა მის შემდგომ თაობას ბრძოლა გაუადვილოს. საქართველოში ინტეგრირებული პოლონელები ორივე ავტორისეულ მებრძოლ სულისკვეთებას ატარებენ” – გვითხრა თსუ-ს პროფესორმა, რომელიც დაარსების დღიდან კავშირ ,,პოლონიას” წევრია. მისი დიდი წინაპრები – ძმები მიცკევიჩები – 1832 წლის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობის გამო საქართველოში იძულებით გადმოასახლეს.

,,პოლონიის” 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო საღამო და კონცერტი, რომელიც თბილისის პოლონური სკოლის ბავშვებმა ცეკვა  „პოლონეზით“ გახსნეს. პოლონური კავშირის გუნდმა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები იმღერა, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი შავერზაშვილმა კი მისივე ავტორობით შექმნილი ,,პოლონიას” ჰიმნი და სხვა კომპოზიციები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ კავშირი ,,პოლონია”, რომლის პირველი კრება 1995 წელს თსუ-ში შედგა, მრავალი სამეცნიერო წამოწყების, გამოცემის, სტუდენტური კონკურსის, პოლონური ლიტერატურისა და ენის შესწავლის ინიციატორი გახდა უნივერსიტეტში. კავშირი და მისი თავმჯდომარე, თსუ-ს პროფესორი მარია ფილინა დაჯილდოებულნი არიან საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებითა და ჯილდოებით.

Facebook
Twitter
LinkedIn