„პოლიტიკური განათლების სკოლა“ – სტუდენტების მიერ შექმნილი წარმატებული პროექტი

თარიღი: 2022-11-16 11:57:20

უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენის შანსს უნდა აძლევდეს. პრაქტიკული და თეორიული ცოდნის კომბინირებით, ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ საზოგადოებაში  თავის დამკვიდრება და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება.   თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს პროცესი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს –  სტუდენტების ჩართულობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტიდან წამოსული ინიციატივები სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესახებ. უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ ცოდნასა და რესურსებს, შესაძლოა, მრავალგვარი დანიშნულება მოუძებნო. დღეს სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა გესაუბროთ, კერძოდ,

როგორ გამოიყენეს თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტებმა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს?

„პოლიტიკური განათლების სკოლა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების  კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა.  მისი შექმნის მთავარი მიზანი დამამთავრებელი საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის  პოლიტიკურ განათლებასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება იყო. პროექტის დაწყებიდან დაახლოებით 10 თვის შემდეგ  „პოლიტიკური განათლების სკოლამ“ მოსწავლეების მესამე ნაკადი მიიღო, მსურველთა რაოდენობა კი უფრო და უფრო მეტად მატულობს.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პაატა ახალკაცი,  უფრო დაწვრილებით გვიამბობს თუ როგორ დაიწყეს ამ პროექტზე მუშაობა და რა მიზანს ემსახურებიან ისინი:
„პროექტი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა შევქმენით, თითოეულმა ჩვენგანმა განვსაზღვრეთ გარკვეული მისია და როლები გადავინაწილეთ. პროექტის ერთიანობა სწორედ ამ როლურმა მუშაობამ შეკრა. მიზნად დავისახეთ დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის აგვემაღლებინა პოლიტიკურ განათლებასთან დაკავშირებული გარკვეული ცოდნა, მიგვეცა ის ინფორმაცია და  კულტურული კაპიტალი, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ ხნის განმავლობაში“, – ამბობს პაატა ახალკაცი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში, სტუდენტები თეორიულ სწავლებასთან ერთად, ეყრდნობიან პრაქტიკულ სამუშაოებსაც, ცდილობენ,  მათი თითოეული შეხვედრა იყოს განსხვავებული და პროდუქტიული.

შეხვედრები ინტერაქციული ხასიათისაა და მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობით ხორციელდება. გარდა სტუდენტებისა, შეხვედრებს ატარებენ მოწვეული სპიკერები, რომლებიც ძირითად შემთხვევაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან. „თუ პროექტის მიმდინარეობის  პროცესში მონაწილეებს ვუკითხავთ, პირობითად,  15 თემას პოლიტიკის შესახებ, თერთმეტ ან თორმეტ  თემაზე უშუალოდ სტუდენტები ვმუშაობთ, ხოლო 3 ან 4 ლექციას მოწვეული ლექტორები კითხულობენ. მათი მეშვეობით ვცდილობთ, რომ  შეხვედრები  მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდეს, “ –  ამბობს პაატა.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ ისეთ საჯარო უწყებებში, როგორებიცაა საქართველოს უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვ. მათი მიზანია, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ახალგაზრდებმა თვითონ ნახონ და გაიგონ იმ საჯარო სტრუქტურების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ფუნქციონირებს პოლიტიკური (და არა მარტო) პროცესები ქვეყანაში.

„თავდაპირველად, მსურველთა რაოდენობა დაბალი იყო, მაგრამ პირველი ნაკადის დასრულების შემდეგ, გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო აღნიშნული პროექტის შესახებ და მსურველთა რაოდენობამაც მოიმატა. ამაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილმა „საბავშვო უნივერსიტეტმაც“ შეგვიწყო ხელი, მათ საკუთარ გვერდზე განათავსეს ინფორმაცია და ამით გაცილებით მეტმა მოსწავლემ გაიგო ჩვენ შესახებ. მესამე ნაკადის დაწყებისას, 100-ზე მეტი მსურველიდან, გეგმით  განსაზღვრული  30 ადამიანის შერჩევა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ ამავდროულად გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენგან წასული მონაწილეები თავიანთ თანატოლებს ესაუბრებიან  „პოლიტიკური განათლების სკოლაზე“ და რეკომენდაციას უწევენ პროექტში მონაწილეობაზე. ამასთან, უფრო მეტ ახალგაზრდას უჩნდება სურვილი მიიღოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით   ცოდნა და გამოცდილება,“ – ამბობს  პაატა ახალკაცი.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, მათ სურთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ და გააგრძელონ დაწყებული საქმე, რომელიც ახალგაზრდების ცოდნის გაზრდას  და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ემსახურება…

მარიამ გამზარდია,

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn