სტუდენტური თვითმმართველობის პროექტი არაფორმალური განათლების მიმართულებით
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უამრავი პროექტი ხორციელდება, რომელიც არაფორმალური განათლების სისტემას მიეკუთვნება და სტუდენტის წახალისებისა თუ განვითარებისკენაა მიმართული. ერთ-ერთია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტი – „პოლიტიკური დებატები,“ რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ 5-კაციან ჯგუფს.
როგორც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ნინი პაქსაშვილი – აღნიშნავს, პროექტი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისია აფინანსებს, მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართვას არაფორმალური განათლების სისტემაში მათი განვითარების მიზნით. ამის გამო ჯგუფების რაოდენობაც სწორედ სტუდენტების ინტერესებზეა დამოკიდებული, შეზღუდვები ამ მხრივ არ არის. გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად მოწვეული იქნება ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს და საჩუქრად 500 ლარის ოდენობის გრანტს გადასცემს. როგორც ნინი აღნიშნავს, „მსგავსი პროექტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამ სემესტრში უკვე მეორედ ხორციელდება. წინა დებატებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. აქედან გამომდინარე, მას ყოველ სემესტრში ჩავატარებთ. სტუდენტების მხრიდან დიდია დაინტერესება მსგავსი პროექტების მიმართ.“
აღსანიშნავია ის, რომ რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა მცირეა, უმეტესად მსგავსი სისტემა დიდ ქალაქებშია ჩამოყალიბებული. ამიტომაა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამგვარი პროექტების ხელშეწყობა, რათა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ჰქონდათ შანსი იმისა, რომ მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის პროექტში, მიეცათ შესაძლებლობა – გამოსცადონ საკუთარი თავი ამ სფეროში და ფეხი აუწყონ აქტიური სწავლების სრულფასოვან სისტემას.
„პოლიტიკური დებატების“ მორიგი ტური 10-11 დეკემბერს გაიმართება.
ნიკა გვასალია,
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი