ქართულ-რუმინული საეკლესიო ურთიერთობის შესახებ ნაკლებად შესწავლილი ორი ახალი ეპიზოდი აისახა საქართველოსადმი მიძღვნილ სამეცნიერო ჟურნალში – POLIS

თარიღი: 2026-04-16 15:44:38

15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იასის პეტრე ანდრეის (რუმინეთი) უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ჟურნალის POLIS-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა მთლიანად საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიას, კულტურასა და მეცნიერებას ეძღვნება.

თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის ხორციელდება რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით. განსაკუთრებული წვლილი ამ პროცესში შეიტანა საქართველოს ელჩმა რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილმა, რომლის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ქართულ-რუმინული აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.

„იასის პეტრე ანდრეის სახელობის უნივერსიტეტმა გამოსცა სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც მთლიანად საქართველოს ისტორიას, კულტურასა და პოლიტიკას ეძღვნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ POLIS-ში განხილულ თემებზე მოსაზრებების გაცვლა, არამედ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარება“, – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა სორინ ბოკანჩამ.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალის ავტორებს შორის არიან თსუ-ს პროფესორები და მკვლევრები, მათ შორის, ეთერ ბოკელავაძე (ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი) და მიხეილ ქართველიშვილი (ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი), რომელთა ნაშრომები რუმინულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიისა და კულტურის მრავალფეროვან ტრადიციებს აცნობს.

„ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, საბჭოთა ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკა და ეკლესიათაშორისი ურთიერთობები, დიდი ხანია, ჩვენს სამეცნიერო- კვლევით ინტერესს წარმოადგენს. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, 2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზებას ვუწევდით პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, ვიწვევდით სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც უძღვებოდნენ საჯარო ლექცია-სემინარებს; გამოვცემდით ჟურნალს  – ,,ქრისტიანობის კვლევები” და სხვა. მას შემდეგ ეს დარგი ჩვენი ინტენსიური კვლევითი საქმიანობის მთავარ მიმართულებად იქცა. შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამოსაცემად მზადდებოდა რუმინეთის ქალაქ იაშის ,,პეტრე ანდრეის” უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ჟურნალის ,,Polis“ სპეციალური ნომერი, რომელიც მთლიანად საქართველოს და ქართულ თემატიკას დაეთმობოდა. ამგვარი პრაქტიკა ჟურნალს ხშირად აქვს, მისი წინა ნომრები სხვადასხვა დროს დაეთმო ალბანეთს, აზერბაიჯანს. ჩვენი საერთო კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ერთობლივი ნაშრომი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობას მიეძღვნებოდა. ქრონოლოგიურ ჩარჩოდ კი შევარჩიეთ XX ს-ის 40-80-იანი წლები. აღსანიშნავია ის, რომ ხსენებული საკითხი აქამდე საგანგებო მეცნიერული კვლევის საგანი არ ყოფილა, ეპოქის შემსწავლელი მეცნიერები ამ საკითხზე მხოლოდ ფრაგმეტულად, ფაქტის დაფიქსირების დონეზე ჩერდებოდნენ. საკითხზე მუშაობის დროს შევისწავლეთ როგორც საარქივო დოკუმენტები, ისე პერიოდული გამოცემები, მემუარები და სამეცნიერო ლიტერატურა. პროცესი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, ვინაიდან გამოვლინდა ჩვენთვის და, ალბათ, ბევრისთვის უცნობი ფაქტები და დეტალები საქართველო-რუმინეთის საეკლესიო ურთიერთობების ისტორიიდან. კვლევის დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ – ჩვენი ნაშრომი გაგვეგზავნა რუმინეთში ზემოხსენებული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში წარსადგენად. ნიშანდობლივია ის, რომ ჟურნალის სარედაქციო და სარეცენზიო კოლეგია შედგება აშშ-ის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, რუმინეთის, ბრაზილიის, არგენტინისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორებისგან და, თავისთავად, ჩვენთვის საინტერესო იყო მათი შეფასება. სტატიამ გაიარა რეცენზირების პროცესი და რედკოლეგიის გადაწყვეტილებით იგი გამოქვეყნდა ჟურნალის 2026 წლის პირველ ნომერში. ჩვენი სურვილი იყო, რომ უცხოური აკადემიური საზოგადოებისთვის გაგვეცნო საქართველოს უახლოესი წარსულისა და ქართულ-რუმინული საეკლესიო ურთიერთობის ამსახველი, ნაკლებად შესწავლილი ორი ეპიზოდი. მოხარულები ვართ, რომ ეს შევძელით. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ნაშრომი კიდევ ერთ, მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ქართულ-რუმინული ურთიერთობის ისტორიის წარმოჩენის საქმეში“,  – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ეთერ ბოკელავაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn