თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებული პირველსემესტრელები დააჯილდოვა

თარიღი: 2022-11-18 16:41:20

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,   წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის ორ-ორ ყველაზე წარმატებულ სტუდენტს:  ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს: თამარ ახალკაცსა და ლორენა ალასანიას, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს: ნინო გორგილაძეს და ნატალი მესაბლიშვილს, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს: მარიამ გვიმრაძეს და ნინო მაღრაძეს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს თინათინ თუთბერიძეს და ლუკა გულაშვილს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ლაშა თოთლაძეს და კონსტანტინე ფირცხალაიშვილს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ვანო სესიტაშვილს და საბა სამუშიას, თსუ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა“ სტუდენტებს ლუკა გოგინავასა და მარიამ ქამხაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სპეციალური საჩუქრები – სიგელები და პლანშეტები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ  სტუდენტებს მადლობა გადაუხადა  მიღწეული წარმატებებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ქვეყნის პროგრესულ მომავალს უზრუნველყოფენ. მან თსუ-ის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეფუძნება ორ მნიშვნელოვან რამეს – ეს არის  პროფესურა,   მათი პროფესიონალიზმი და სტუდენტობა, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა ააშენოს.  ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ თითოეულ მათგანს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და შევუქმნათ ის პირობები, რაც თანამედროვე უნივერსიტეტს შეშვენის. მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი რაოდენობით კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა, აუდიტორიები შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება, ტექნიკური ბაზა კი გაუმჯობესდება. ამ ტექნიკის საშუალებით გაუმჯობესდება სწავლების ხარისხი და გვექნება თანამედროვე,  საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო სივრცე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს დასახული, მათ შორის ყველა იმ პრობლემის მოკლე დროში მოგვარება, რაც ჩვენს სტუდენტებს აწუხებთ. უკვე მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან, მათგან ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინე და დავპირდი, რომ ვიქნები ყოველთვის გულწრფელი,  სხვადასხვა საკითხის მოგვარებას სტუდენტების ინტერესებიდან და  მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველვყოფთ,“- განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წარჩინებულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა: „ამ დღეს, ზოგადად, აღვნიშნავთ სტუდენტობის მნიშვნელობას  ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდები ხართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამშობლოს მომავალი საიმედო ხელშია. თქვენ უნდა განსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე! დღეს, ამ ისტორიულ აუდიტორიაში, იმყოფებით სტუდენტები, რომლებმაც თქვენი შრომით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა, რაც, მართლაც, უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტის თამარ ახალკაცის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელით დაჯილდოება მისთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა: „პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტს ასეთი საჩუქრისთვის. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სტუდენტებს გვაძლევს მოტივაციას, რომ მეტი მონდომებითა და  ენერგიით მოვეკიდოთ სწავლასა და განათლებას.“ – აღნიშნა მან.

„მნიშვნელოვანია  მსგავსი ღონისძიებებით სტუდენტების მხარდაჭერა, მათი შრომისა და   მონდომების დაფასება, რაც დიდი  სტიმულია,  კიდევ უფრო მეტად მოვინდომოთ და  ვისწავლოთ!  მზად ვართ, მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდოთ სწავლაში,“ – განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ლაშა თოთლაძემ.

 „დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში ჩაბარება კარგი გადაწყვეტილებაა. თანდათან ვრწმუნდები – სწორი არჩევანი გავაკეთე. დღეს ამაყი ვარ,  რომ უნივერსიტეტმა სიმბოლური საჩუქრები გადმოგვცა, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო.  მიხარია, რომ უნივერსიტეტი ასეთ მოტივაციას გვაძლევს პირველსემესტრელებს,“ – აღნიშნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა  თინათინ თუთბერიძემ.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1941 წლის 17 ნოემბერს ლონდონში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა და 1946 წლიდან აღინიშნება.

Facebook
Twitter
LinkedIn