თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება ჟან პიქტეს 47-ე საერთაშორისო შეჯიბრზე
თსუ-სიურიდიული ფაკულტეტის გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრესტიჟულ კონკურსზე ნახევარფინალისტის ტიტული მოიპოვა. ინდონეზიის რესპუბლიკაში გამართულ ჟან პიქტეს სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 39 გუნდი იღებდა მონაწილეობას, საქართველო კი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა – ციცი გიგოიძემ, თათია ბიწაძემ და მარიამ ქეცბაიამ წარადგინეს. გარდა იმისა, რომ თსუ-ს გუნდი შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდების ნახევარფინალის ეტაპზე გადავიდა, თათია ბიწაძე გილბერტ აპოლისის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართლის ცნობილი ფრანგი პროფესორის, გილბერტ აპოლისის სახელობის ჯილდო კონკურსის საერთაშორისო რაუნდების დასასრულს (მოსამართლეების საერთო გადაწყვეტილებით) მხოლოდ ერთ მონაწილეს, საუკეთესო ორატორს გადაეცემა.
,,ჟან პიქტეს სახელობის საერთაშორისო შეჯიბრი სხვა საერთაშორისო იმიტირებული შეჯიბრებისგან რადიკალურად განსხვავდება როგორც შინაარსობრივად, ისე მეთოდოლოგიურად. კონკურსი ეფუძნება სიმულაციური სწავლების მეთოდს, საქმის ფაქტობრივი გარემოებები კი მონაწილეებისთვის წინასწარ ცნობილი არ არის. შესაბამისად, გუნდებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და მომიჯნავე დარგების კომპლექსური თემატიკის სრული თეორიული შესწავლა უწევთ. გარდა ამისა, მონაწილეებს სამართლებრივი პოზიციის მომზადება დროის მცირე მონაკვეთში ევალებათ, რაც განსაკუთრებულ მობილიზებას და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარს მოითხოვს“, – აღნიშნა თათია ბიწაძემ ჩვენთან საუბარში.
გუნდმა კონკურსზე, ჯამში, 9 რაუნდში იასპარეზა. „მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრი მეტად დაძაბულ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა, ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვიყავით, რაც იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიურმა პერსონალმა და გასული წლების პიქტეს მონაწილეებმა გასწიეს ჩვენი მომზადებისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს საერთაშორისო სამართლის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ინტენსიურ კურსს, რომლის ფარგლებში მიღებული ცოდნაც კონკურსში წარმატებული ასპარეზობის საფუძველი გახდა“, – აღნიშნეს გუნდის წევრებმა.
გუნდი სამეტაპიანი კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა. შესარჩევი ეტაპის შესახებ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, გუნდის მწვრთნელი თამთა ზაალიშვილი გვესაუბრა: ,,2024 წლის გაზაფხულის სემესტრის დასასრულს, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ზარანდიას, ამავე ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირინე ქურდაძისა და პროფესორ ეკა სირაძის ხელმძღვანელობით საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, ღია კონკურსის ფარგლებში, შეირჩა ჟან პიქტეს სახელობის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონკურსში მონაწილე გუნდი. მათ 2024 წლის ნოემბერში კონკურსის საერთაშორისო კომიტეტს წარუდგინეს საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე შესრულებული აკადემიური განაცხადი, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. შესაბამისად, 2024 წლის მიწურულს, გუნდმა მოიპოვა საერთაშორისო დონეზე კონკურსში მონაწილეობის უფლება და განსაკუთრებული ინტენსივობით დაიწყო მომზადება.”
აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებისთვის ჟან პიქტეს კონკურსი პირველი საერთაშორისო გამოცდილება არ ყოფილა, თუმცა სამივე მათგანი ხაზს უსვამს ზემოხსენებული შეჯიბრის უნიკალურ ხასიათს. გუნდის მწვრთნელის თქმით, კონკურსისთვის წინასწარი მომზადების ეტაპზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პროფესორმა ნათია კალანდარიშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდის წევრებმა გაიღრმავეს ცოდნა საერთაშორისო ჰუმანიტარული, სისხლის სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის მიმართულებით და იმიტირებულ სავარჯიშოებში მონაწილეობისათვის საფუძვლიანი აკადემიური ბაზა მოამზადეს.
ხაზგასასმელია, რომ თსუ-ს გუნდის შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით იქნა შესაძლებელი. „გარდა თეორიული მომზადებისა, რომელიც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის და განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორების ჩართულობით მიმდინარეობდა, ჩვენი კონკურსში მონაწილეობა უზრუნველყო საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, ხოლო ინდონეზიის რესპუბლიკაში გამგზავრების პროცესში წარმოქმნილი გამოწვევის გადაჭრაში ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბატონი თორნიკე ნოზაძე დაგვეხმარნენ“, – განაცხადა მარიამ ქეცბაიამ.
ჟან პიქტეს შეჯიბრზე თსუ-ს გუნდმა აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ინდოეთის, ავსტრალიის, იაპონიის, პაკისტანის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების გუნდებთან ერთად იასპარეზა. მათთან თამაშის გამოცდილებაზე ციცი გიგოიძე გვესაუბრა: „შეჯიბრის ფარგლებში ასპარეზობა მოგვიწია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებთან, მაგალითად ჟენევის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების აკადემიასთან, ჯორჯთაუნის, სიდნეის, ტოკიოს უნივერსიტეტთან და სხვა. თითოეულ მათგანთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რადგან რაუნდის ფარგლებში ყველა გუნდი საკუთარ ინდივიდუალურ პერსპექტივას წარმოაჩენდა და თავიანთი ცოდნის ეფექტურ დემონსტრაციას ახდენდა”.
ციცი, თათია და მარიამი მომავალი წლის პიქტეს კონკურსის მონაწილეებს ურჩევენ, რომ პროცესით ისიამოვნონ, სწრაფად ადაპტირდნენ სიტუაციასთან და მზად იყვნენ არასტანდარტული შეჯიბრებისთვის. „გუნდური მუშაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა პიქტეს კონკურსში წარმატებული ასპარეზობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. პიქტე თითოეული სტუდენტისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, ამიტომ მომავალი გუნდის წევრებს შეჯიბრისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვურჩევდით“, – აღნიშნეს გუნდის წევრებმა.
