შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების  მოთხოვნით სტუდენტები ერთიანდებიან

თარიღი: 2023-11-24 15:39:35

,,თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდები ტარდება ერთი სასწავლო კვირის განმავლობაში, რაც პრობლემას უქმნის ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, ფაკულტეტის საბჭოს წევრმა  დელეგატებმა – მე და მარიამ ჯეჯეიამ შევადგინეთ პეტიცია და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. მივმართავთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს – ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების  მოთხოვნით“, – აცხადებს VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი, სტუდენტი ალექსანდრე ფასიეშვილი.

სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები თავს ვალდებულად თვლიან – გაახმიანონ სტუდენტთა მოთხოვნა. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ერთი კვირის განმავლობაში მათ ყოველდღე ან, ზოგიერთ შემთხვევაში, დღეში ორჯერ უწევთ შუალედური გამოცდების დაწერა, რაც მათი ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. გადაღლილობა და სტრესი უარყოფითად მოქმედებს სწავლის ხარისხზეც და, საბოლოოდ, რთული ხდება გამოცდების ერთი კვირის განმავლობაში დაწერა, რასაც ალექსანდრე ფასიეშვილიც ეთანხმება. როგორც დელეგატი ამბობს, უნივერსიტეტში ზოგიერთ ფაკულტეტზე უკვე მოქმედებს მსგავსი პრაქტიკა. აქედან გამომდინარეც, სტუდენტები მიიჩნევენ, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არ უნდა იყოს ამ მხრივ გამონაკლისი.

ხელმოწერების შეგროვება 22 ნოემბერს დაიწყეს. ამ ეტაპზე 72 ხელმოწერაა შეგროვებული. ,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელმოწერაზე უარი მხოლოდ ერთმა სტუდენტმა გვითხრა, ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი ხელმოწერის შეგროვებას შევძლებთ, რადგან, ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ფაკულტეტის თითქმის ყველა სტუდენტის მოთხოვნაა შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილება“, – ამბობს ალექსანდრე ფასიეშვილი.

ხელმოწერების შეგროვების თაობაზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დელეგატები უკვე საქმის კურსში არიან. მათ უკვე აქტიურად დაიწყეს ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა. ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტებთან ერთად სხვა სტუდენტებიც ჩაერთნენ ხელმოწერების შეგროვების საკითხში და ერთობლივი ძალისხმევით სურთ – გაზაფხულის სემესტრიდან მათ მიერ წაყენებული მოთხოვნის შესრულებას მიაღწიონ.

Facebook
Twitter
LinkedIn