როგორ აღმოჩნდა პელაგეა დარსაველიძე იდეალურ დროს იდეალურ ადგილას
პელაგეა დარსაველიძე თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი აკადემიური გზა, მოტივაცია და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულება თანატოლებისთვის სტიმულის მიმცემია.
პელაგეას სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო გაამდიდრა ,,ერასმუს +“-ის გაცვლითი პროგრამით ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში გატარებულმა სემესტრმა. პელაგეა ამაყობს, რომ ის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი იყო. „საზღვარგარეთ სწავლამ გამიფართოვა ინტერესები და ხედვები. აღმოვჩნდი იდეალურ დროს იდეალურ ადგილას“, – ამბობს იგი და ხაზს უსვამს, რომ სწორედ გენტში აღმოაჩინა ახალი ინტერესი – ნეირომეცნიერება და მუსიკა-თერაპია.
გენტის უნივერსიტეტში სწავლა მისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავება არ ყოფილა. ლაბორატორიებში პროფესორებთან და მკვლევრებთან ერთად მუშაობამ შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკულად შეესწავლა მუსიკის ფიზიოლოგიური და ნეირონული გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. სათანადო სწავლებისა და ტრენინგების შემდეგ პელაგეა გახდა სერტიფიცირებული Safety Steward – აკადემიურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანაშემწე, ისწავლა რისკების შეფასება, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედება, პირველადი დახმარების გაწევა და, საჭიროების შემთხვევაში, ევაკუაციის ხელმძღვანელობა. „ეს გამოცდილება იყო ერასმუსის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი“, – ამბობს ის.
სწავლის პარალელურად პელაგეა არ კარგავდა ინტერესს ახალი კულტურების შესწავლისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ. გენტში გატარებულმა თვეებმა მის ცხოვრებაში მეგობრობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის უამრავი ისტორია შემოიტანა: „კურსელები ისე დავმეგობრდით, რომ დღესაც ვსტუმრობთ ერთმანეთს – ხან ისინი ჩამოდიან საქართველოში, ხან ჩვენ ვმოგზაურობთ მათ ქვეყნებში“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პელაგეა დიდ მადლიერებით იხსენებს. მისი თქმით, თსუ-მ მისცა მყარი აკადემიური საფუძველი, პროფესიული მიმართულება და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც ფსიქოლოგიის სიყვარული გაუმყარეს: „თანამედროვე პერიოდში თეორიული ცოდნა წიგნებითაც შეიძლება შეიძინო, მაგრამ ის ურთიერთობები, რაც უნივერსიტეტში ჩამოგვიყალიბდა, შეუცვლელია. გამორჩეული ლექტორები, პროფესიონალი ფსიქოლოგები და ერთგული კურსელები – მათგან ვსწავლობდი, როგორ უნდა ემსახურო პროფესიის ეთიკას და პასუხისმგებლობას. ერთია, უბრალოდ ისწავლო კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, სხვადასხვა კითხვარის გამოყენება, კლიენტის საჭიროების შეფასება, პაციენტის შესაბამისი მხარდაჭერა და ეთიკის ნორმების დაცვა და მეორეა – გამორჩეული, წარმატებული ადამიანები შთაგაგონებდნენ – შენი საქმე უდიდესი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ზედმიწევნით შეასრულო“, – ამბობს იგი.
პელაგეა აღიარებს, რომ უცხოეთში სწავლის ფორმატი სრულიად განსხვავებული იყო მისთვის ნაცნობი სისტემისგან. გენტში სტუდენტები უმეტესად ფასდებოდნენ კვლევითი პროექტებითა და პრაქტიკული საქმიანობით. ამან მას დამოუკიდებლად მუშაობის და თვითკრიტიკული ანალიზის უნარი განუვითარა. „სწავლების პრაქტიკული მხარე ცალკე ფუფუნებაა, რაც გამიხარდებოდა, რომ მეხილა მშობლიურ უნივერსიტეტშიც. გენტის უნივერსიტეტის ლექტორებს საკუთარი ლაბორატორიები ჰქონდათ, სადაც გვთავაზობდნენ – ერთად ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტები ან მივხმარებოდით მკვლევრებს შედეგების ანალიზში. რამდენიმე საგნის ფარგლებში გვსტუმრობდნენ კვლევის ავტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და დეტალურად გვიზიარებდნენ კვლევის შედეგებს. ძალიან მომწონდა უნივერსიტეტის ინიციატივა – ჩვენთვის მაქსიმალურად გაეკვალათ კარიერული გზა, ლექტორები ხშირად გვიზიარებდნენ ინფორმაციას ლაბორატორიებსა და კომპანიებში მნიშვნელოვანი ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ. ვგეგმავდით და ვახორციელებდით კიდევაც ვიზიტებს სხვადასხვა თერაპიულ კლინიკასა თუ ლაბორატორიაში. სემინარებზე არ გვთხოვდნენ უბრალოდ გაკვეთილის გამეორებას – ჩვენ უნდა გვესწავლა ცოდნის გამოყენება რეალურ სიტუაციებში“, – აღნიშნავს ის.
გენტში მიღებულმა გამოცდილებამ პელაგეას თსუ-სთვისაც ბევრი ახალი იდეა შთააგონა. იგი ფიქრობს, რომ სასურველია ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გაძლიერდეს პრაქტიკული კომპონენტი და სტუდენტებს მიეცეთ მეტი წვდომა კვლევით ლაბორატორიებთან, სტაჟირებებთან და დასაქმების ფორუმებთან. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ ფსიქოლოგებს ჰქონდეთ ურთიერთობა იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, სადაც მათი პროფესიული უნარები რეალურად გამოადგებათ. „მოვიხიბლე საზღვარგარეთ ჩაატრებული დასაქმების ფორუმით, რომელიც სპეციალურად ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენთან, სამწუხაროდ, ცალკე ფსიქოლოგთა დასაქმების ფორუმი არ შემხვედრია და ყოველთვის დამოუკიდებლად ვპოულობდი ამ მხრივ შესაძლებლობებს. აგრეთვე, კარგი იქნებოდა, რომ ფსიქოლოგიის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს ფეხი სწრაფად ავუწყოთ ხოლმე, რადგან ჩვენი სტუდენტები ნამდვილად იმსახურებენ – ჰქონდეთ საერთაშორისო დონის კომპეტენციები“, – გვითხრა პელაგეამ.
მომავლის კონტურები პელაგეასთვის უკვე გამოიკვეთა. იგი აპირებს ნეირომეცნიერებისა და მუსიკა-თერაპიის კვლევების გაგრძელებას, რათა უკეთ გაიგოს ადამიანის გონების და ემოციების ურთიერთმიმართება. იგი იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც საკუთარ ქვეყანას ცოდნითა და შრომით აძლიერებს.
