ფლორენცია, მეგობრობა და კულტურათა დიალოგი – თსუ-ში პაოლო დელ ბიანკოს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

თარიღი: 2025-11-13 19:21:41

2025 წლის 7 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა გამოფენას, რომელიც მიძღვნილი იყო ფლორენციისადმი – ქალაქისადმი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ცივილიზაციის, კულტურისა და შემოქმედების სინონიმად იქცა. ღონისძიება განსაკუთრებით სიმბოლური იყო, რადგან ორგანიზატორებმა ის დაუკავშირეს სამ მნიშვნელოვან თარიღს: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავს, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დაარსებიდან 25 წელსა და ფონდის პრეზიდენტის, ფილანთროპის, საქართველოს დიდი მეგობრის პაოლო დელ ბიანკოს 80 წლის იუბილეს. ფლორენციისადმი მიძღვნილი გამოფენა იყო დასტური კულტურათაშორის დიალოგისა, სადაც ხელოვნება, ისტორია და ადამიანური ურთიერთობები საერთო ენად იქცა.

გამოფენა გახსნა თსუ-ს მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ, რომელმაც აღნიშნა: „ეს გამოფენა ჩვენი მადლიერების გამოხატვაა იმ ბრწყინვალე ადამიანისადმი, რომელმაც, თავისი მამის სახელობის ფონდის მეშვეობით, ხელი შეუწყო ჩვენი სტუდენტების განათლებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და საქართველოს, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყნის, საერთაშორისო ცნობადობის ზრდას“.

თსუ-ს ვიცერექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა გამოფენაზე გაიხსენა ფონდის დაარსების ისტორია, რომლის მოწმეც თავად იყო და აღნიშნა, რომ პაოლო დელ ბიანკოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესში. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ექსპერტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლეილა ხუბაშვილმა კი პაოლო დელ ბიანკო დაახასიათა როგორც „დიდი ფლორენციელი“, რომელმაც მედიჩების კულტურული მისია გააგრძელა თანამედროვეობაში და უდიდესი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების კულტურათაშორის დიალოგში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის საქმეში.

* * *

რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დაარსების იდეა მის შვილს – საქართველოს დიდ მეგობარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს პაოლო დელ ბიანკოს ეკუთვნის. როგორც ის თავად აღნიშნავს, ეს იდეა 1998 წელს საქართველოში ვიზიტის დროს გაჩნდა და მას შემდეგ ფონდმა თავისი აქტიურობით, კრეატიულობითა და ტოლერანტობით ფლორენცია ახალგაზრდებისა და მეცნიერების შეხვედრების ადგილად გადააქცია. დღეს ფლორენციის ცენტრში მდებარე XVI საუკუნის სასახლე – პალაცო კოპინი – ფონდის ოფისი, საერთაშორისო შეხვედრების, კულტურათაშორის დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთგაზიარების ცენტრია. ფონდის გენერალურ ასამბლეებში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები, რექტორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იუნესკოსა და იკომოსის გენერალური მდივნები. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან ურთიერთობა თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის დროიდან დაიწყო.   2008 წელს უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, პროფესორმა გია ხუბუამ ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, პაოლო დელ ბიანკოს ორგანიზატორობით, მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება განხორციელდა.

პაოლო დელ ბიანკოს დამსახურება საქართველოს წინაშე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია: 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა, პროფესორ ლეილა ხუბაშვილთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე ფონდის დაფინანსებით შეძლო ფლორენციაში ცხოვრება, მუზეუმებში ვიზიტი, მასტერკლასების გავლა და, რაც მთავარია, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

პაოლო დელ ბიანკოს უშუალო ორგანიზებით, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ, ფლორენციაში მოეწყო ომგადახდილი საქართველოს კულტურის დღეები, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფონდის მიერ საქართველოსა და უნივერსიტეტისთვის გაკეთებულ საქმეთაგან უნდა გამოიყოს საქართველოს სამუზეუმო ქსელის განთავსება პორტალზე, რომელსაც „ცხოვრება ტურიზმის მიღმა“ ჰქვია. პორტალი, არგენტინიდან მოყოლებული, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. პორტალის პრეზენტაციას თბილისის მერიაში წინ უძღოდა პაოლო დელ ბიანკოს საპატიო თბილისელად არჩევა. სწორედ პაოლოს საჩუქარია ცნობილი იტალიელი სკულპტორის, დერენიეს კარერას თეთრი მარმარილოსგან შექმნილი ლეონარდო და ვინჩის ბიუსტი, რომელიც ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დგას.

საქართველოს, თბილისისა და ქართველი ხალხისადმი სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურებაა ისიც, რომ პაოლო დელ ბიანკომ 2013 წლის თბილისის წყალდიდობის შემდეგ სტიქიით დაზარალებულთა ფონდში სოლიდური თანხა გადმორიცხა.

უაღრესად მნიშვნელოვანი იყო 2015 წელს განხორციელებული რომუალდო დელ ბიანკოს ფონდისა და აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო პროექტი – ინტერკულტურული დიალოგი: „რა გვაახლოებს და რა გვაშორებს“, რომელშიც პირველად მონაწილეობდნენ სოხუმიდან ჩამოსული აფხაზი, ქართველი, უკრაინელი, რუსი სტუდენტები და ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაცია „რონდინე“ (იტალია). პროექტის მუშაობაში მონაწილეობდა იტალიაში საქართველოს საელჩო და თსუ-ს პროფესორი ლეილა ხუბაშვილი. აღსანიშნავია, რომ, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის დახმარებით, ტოსკანის 21-მა მედიამ ფართოდ გააშუქა ეს შეხვედრა. აღინიშნა, რომ საქართველო ოკუპანტი ქვეყანა არაა, როგორც ამას იტალიაში მყოფი აფხაზები ავრცელებენ და რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია.

ტოლერანტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ფონდისა და თსუ-ს მიერ 2017 წელს ფლორენციაში ჩატარებული სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რელიგიათა დიალოგი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩეჩენმა, კოსოვოელმა, სომეხმა, რუსმა, უკრაინელმა, აფხაზმა სტუდენტებმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც ვატიკანის, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლები. ჩართული იყო, ასევე, საქართველოს საელჩო ვატიკანში.

საქართველო-იტალიის  ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის პაოლო დელ ბიანკომ თსუ-ს პროფესორი ლეილა ხუბაშვილი ბრინჯაოს (2013) და ვერცხლის (2019) მედლებით დააჯილდოვა.

2019 წელს, ფონდის ორგანიზებით, პაოლო დელ ბიანკომ ფლორენციაში აღნიშნა თსუ-ს 100 წლის იუბილე, რომელსაც 47 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მას საჩუქრად გადაეცა უნივერსიტეტის საიუბილეო ოქროს მედალი, პატრიარქისგან კი – ძვირფასი ხატი. აღსანიშნავია, რომ  1998 წელს,  პირველი ვიზიტის დროს, პატრიარქის ნაჩუქარ წმინდა ნინოს ჯვარს პაოლო დელ ბიანკო ნათლობის ჯვარში ჩასმულს ატარებს.

რამდენიმე დღეში – 26-29 ნოემბერს – ფლორენციაში რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი სამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ერთად აღნიშნავს: გაიხსნება მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლისთავთან დაკავშირებული ბრინჯაოს ნამუშევარი („STUPORE (საოცრება): 1945-2025 ომის ლითონიდან – მშვიდობის ლითონამდე“), რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ფონდის ფილოსოფიას: „ცხოვრება ტურიზმის მიღმა“ – როგორც კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობის საშუალებას. ამავე დღეს გაიმართება ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნება ფონდის დაარსების 25 წელსა და ფონდის პრეზიდენტის პაოლო დელ ბიანკოს 80 წლის იუბილეს.

Facebook
Twitter
LinkedIn