პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე − ,,მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში: საქართველოს ადგილი და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, აგრეთვე უცხოელმა მეცნიერებმა.
კონფერენცია გახსნა პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ. იგი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, მოწვეულ სტუმრებს და ისაუბრა ინსტიტუტის განვლილ პერიოდზე – მისი დაარსების დღიდან დღემდე. ინსტიტუტის ხელმძღვანელის გამოსვლამ, ასევე, ხაზი გაუსვა კონფერენციის თემის აქტუალურობასა და მნიშვნელობას – თუ რა გავლენას ახდენს გეოპოლიტიკის ცვლილება მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკებზე.
როგორც პროფესორმა რამაზ აბესაძემ აღნიშნა: „დღეისათვის იკვეთება სურათი უნიპოლარული სამყაროს მრავალპოლარულად გადაქცევისა. კერძოდ: იზრდება ჩინეთის, რუსეთის, ევროკავშირის, იაპონიისა და ინდოეთის საერთაშორისო გავლენა. გეოპოლიტიკის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს როგორც მსოფლიო საზოგადოებაზე, ისე მსოფლიო და ეროვნულ ეკონომიკებზე. თანამედროვე ეტაპზე ყველაზე დიდი გავლენა გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე მსოფლიოში იქონია პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა. პანდემიას მოჰყვა ეკონომიკური ვარდნა, საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილდღეობისა და კომფორტის გაუარესება. სახეზეა ეკონომიკის პანდემიური შოკი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ეკონომიკურად დასუსტდა რუსეთიც და უკრაინაც, ასევე პრობლემები შეექმნა ევროპასა და შეერთებულ შტატებს, საერთოდ – მთელ მსოფლიო ეკონომიკას და ეროვნულ ეკონომიკებს.
ორივე ამ მოვლენის შედეგად შემცირდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები; შეფერხდა მისი განვითარება და ერთობლივი გლობალური პრობლემების გადაჭრა; როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე წარმოიშვა ტურბულენტური პროცესები. აქტიურად ჩამოყალიბდა ენერგეტიკული, სასურსათო, მიწოდების ჯაჭვის, ჰუმანიტარული და, ზოგადად, გეოპოლიტიკური კრიზისი შორს მიმავალი შედეგებით.
საქართველოს ეკონომიკაში დამოუკიდებლობის პირობებში ტურბულენტობის წარმოშობის ფაქტორებიდან პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის გარდა აღსანიშნავია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია, აფხაზეთის ომი, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მსოფლიო საფინანსო კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომი, კრიზისი საბერძნეთში, კრიზისი რუსეთში“, – აღნიშნა პროფესორმა რამაზ აბესაძემ, რომელიც თვლის, რომ გეოპოლიტიკის შემობრუნების პროგნოზი და მისი ეკონომიკაზე დადებითი გავლენის ჩამოყალიბება სამომავლოდ გაურკვეველია, ვინაიდან უცნობია როდის დამთავრდება ომი“.
პროფესორმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიდევ ერთი დიდი რისკი ახალი ტექნოლოგიებიდან მოდის. ანალიტიკოსებმა ამ რისკს უწოდეს ახალი „მასობრივი განადგურების იარაღი“, ანუ საუბარია დეზინფორმაციის გავრცელების საშიშროებაზე სოციალური მედიის საშუალებით.
კონფერენციაზე შემდგომ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები: ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, მიხეილ ჯიბუტი, პროფესორები: ელგუჯა მექვაბიშვილი, თეიმურაზ შენგელია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე, ეკონომიკის დოქტორი რევაზ ჯავახიშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი მანანა ლობჟანიძე. შემდგომ კონფერენციას მიესალმნენ უცხოელი მონაწილეები: პროფესორი ალინა ბეთლეი – იოანე პავლე II-ის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ინტერნეტის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (პოლონეთი), ვისლავ ტადეუშ პოპლავსკი – ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი), კორნელია გოლომბეკი – ესენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორანტი (გერმანია).
მისალმებების შემდგომ გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც მოხსენებებით გამოვიდნენ პროფესორი ალინა ბეთლეი (პოლონეთი), პროფესორი ვისლავ ტადეუშ პოპლავსკი (პოლონეთი), აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი თემურ შენგელია, პროფესორი გიორგი ბერულავა.
პლენარული სხდომის შემდგომ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. სექციებში მუშაობის დასრულების შემდგომ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ შეაჯამა კონფერენციის მუშაობა და აღნიშნა, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე იქნა ჩატარებული.
მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია.