ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია პროფესორ ოთარ ჯოხაძეს მიენიჭა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გასულ თვეში კონკურსის შედეგად გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების ლაურეატები გამოავლინა სხვადასხვა დარგში; მათ შორისაა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ჯოხაძე, რომელსაც ნაშრომთა ციკლისათვის – „მათემატიკური ფიზიკის ცნობილი კვაზიწრფივი განტოლებების ამონახსნთა თვისებრივი და სტრუქტურული გამოკვლევა“ – მათემატიკისა და მექანიკის დარგში აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭა.
წარდგინებაში, რომელსაც ცნობილი მეცნიერები, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები – თამაზ თადუმაძე, სერგო ხარიბეგაშვილი და ილია თავხელიძე აწერენ ხელს, დასაბუთებულია ნაშრომთა ციკლის მეცნიერული ღირებულება. მათი აზრით, ოთარ ჯოხაძის მიერ მიღებული მეცნიერული შედეგები წარმოადგეს მნიშვნელოვან ნაბიჯს არაწრფივი სასაზღვრო ამოცანების კვლევის მიმართულებით: „ბუნებაში მიმდინარე მრავალი ფიზიკური პროცესისა თუ მოვლენის მათემატიკური მოდელი, ხშირ შემთხვევაში, არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებით აღიწერება. მათ რიცხვს მიეკუთვნება გაზის დინამიკის, კერძოდ, კარმანისა და სიმის რხევის (ლიუვილის, სინ-გორდონის) არაწრფივი განტოლებები. მათთვის სტრუქტურული და თვისებრივი თეორიის დამუშავება როგორც ტექნიკურ, ასევე თეორიულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. პრობლემის აქტუალობისა და სირთულიდან გამომდინარე აღნიშნული მიმართულებით გადადგმული თუნდაც მცირეოდენი ნაბიჯიც კი მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ასეთი შედეგებია მიღებული ოთარ ჯოხაძის მიერ წარმოდგენილ ნაშრომთა ციკლში“, – ნათქვამია წერილში.
ოთარ ჯოხაძის მიერ საკონკურსოდ წარდგენილ ნაშრომებს მაღალ მეცნიერულ შეფასებას აძლევს ექსპერტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯანგველაძე. მისი თქმით, „ნაშრომთა ციკლში მიღებულია ორიგინალური შედეგები, რომლებიც დარგში მომუშავე მეცნიერთა დიდი ინტერესის საგანი გახდება. მათ ფართო გამოყენება ექნება სხვადასხვა დარგის იმ პრობლემების შესწავლასა და გაანალიზებაში, რომელთა მათემატიკური მოდელები შესაბამისი არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებით აღიწერება“.
პროფესორ ოთარ ჯოხაძის სამეცნიერო საქმიანობა და წარმატებები არაერთი წლის თავდაუზოგავი შრომისა და გარჯის შედეგია. როგორც თავად აღნიშნავს, მას მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი და განსაკუთრებული სიყვარული ბავშვობიდანვე ჯერ სოფელ შუქრუთისა და შემდგომ უკვე ჭიათურის მეორე საშუალო სკოლებში სწავლისას ჩამოუყალიბდა. ეს სწრაფვა იმდენად ურყევი იყო, რომ ოქროს მედალზე სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ იმ პერიოდისათვის ,,პოპულარულ“ ფაკულტეტებს გვერდი აუარა და ერთი გამოცდის წარმატებით (ფრიადზე) ჩაბარების პრივილეგია მისთვის საყვარელი დარგისათვის აირჩია. ასე ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა.
შემდგომ ოთარ ჯოხაძემ სწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განტოლებების განყოფილების ასპირანტურაში განაგრძო, სადაც იგი გახლდათ აკად. ი. ვეკუას პირველი სახელობითი სტიპენდიატი. ასპირანტურის დამთავრებისთანავე წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საწყის-მახასიათებელი ამოცანები ჰიპერბოლური და შერეული ტიპის კვაზიწრფივი განტოლებებისათვის” და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა გახლდათ ,,სასაზღვრო ამოცანები მაღალი რიგის წრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის”, რომლის წარმატებით დაცვის შემდეგ მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მას თსუ-ს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები.
ოთარ ჯოხაძემ სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდგომ წლებში კი იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. სხვადასხვა პერიოდში პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ და ილიას უნივერსიტეტებში. ამჟამად პროფესორი ოთარ ჯოხაძე თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. აღსანიშნავია, რომ იგი მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, რამდენიმე სამეცნიერო გრანტის მფლობელი და 80-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია, რომელთა შორის 50-ზე მეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული.
„ეს პრემია დიდი პატივია მათემატიკისა და მექანიკის დარგში მოღვაწე ყველა მეცნიერისათვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ფიზიკა-მათემატიკის განყოფილებას და, ზოგადად, ყველას ჩემი მოკრძალებული მეცნიერული მოღვაწეობის ესოდენ მაღალი შეფასებისა და პრემიის მონიჭებისათვის. პრობლემატიკით, რომელსაც ნაშრომთა ეს ციკლი მიეძღვნა, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვიყავი დაინტერესებული. მე ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი კლასიკოსებს – ილია ვეკუასა და ნიკო მუსხელიშვილს. მათი ავტორიტეტი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, როგორც მომავალი მათემატიკოსისათვის. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჩემმა მასწავლებლებმა – ცნობილმა მეცნიერებმა და პედაგოგებმა, აკადემიკოსებმა – ვიქტორ კუპრაძემ, ივანე კიღურაძემ, ანდრო ბიწაძემ, პროფესორმა ჯონდო გვაზავამ და სხვ. თითქმის ოთხ ათეულ წელზე მეტია, რაც ამ პრობლემატიკაზე ვმუშაობ. ნაშრომთა ციკლის დასრულება კი პანდემიის პერიოდში მოვახერხე და მიხარია, რომ მან ასეთი მაღალი შეფასება დაიმსახურა. უდიდესი მადლიერების გრძნობა გამაჩნია ჩემი დედა უნივერსიტეტისა და ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მიმართ, სადაც ყველა პირობა მაქვს შექმნილი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. მოკრძალებულად ვიტყვი, რომ მაქვს ხედვები, რომელთა განსახორციელებლად ეს პრემია დიდი სტიმულისა და ენთუზიაზმის მომცემია“, – გვითხრა პროფესორმა ოთარ ჯოხაძემ.