რის საფუძველზე მიიღებენ სტუდენტები ორი და მაქსიმუმ ოთხი უნივერსიტეტის საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს პოლიტიკის მეცნიერებაში?

თარიღი: 2025-07-17 16:39:36

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო  საგანმანათლებლო თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი დაფიქსირდა — თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროკავშირის, დასავლეთ ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შემუშავებულმა ერთობლივმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ – „პოლიტიკის მეცნიერებები – ინტეგრაცია და მმართველობა“  – საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

პროგრამამ წარმატებით გაიარა ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს (AQ Austria) სრული საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც ნიშნავს მის ოფიციალურ აღიარებას უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) ფარგლებში.

სამაგისტრო პროგრამის განხორცილება დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მასში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩართულია ზალცბურგის უნივერსიტეტი (PLUS), სკოპიეს წმინდა კირილე და მეთოდის უნივერსიტეტი (UKIM), ტირანას ევროპული უნივერსიტეტი (UET), ტირანას უნივერსიტეტი (UTIR), სარაევოს უნივერსიტეტი (UNSA), სარაევოს მეცნიერების ტექნოლოგიის სკოლა (SSST), ტრიესტეს უნივერსიტეტი (UNITS), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU), ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (EIU).

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი,   თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი   სალომე დუნდუა აღნიშნავს, ეს საერთაშორისო აღიარება უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობისა და თსუ-ს აქტიური ჩართულობის შედეგია:

„რამდენიმე წლის წინ თსუ-მ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA),   ერევნისა და ჩრდილო მაკედონიის უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის კონკურსში და მოიპოვა გრანტი. სწორედ ამ გრანტის საფუძველზე შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერებები – ინტეგრაცია და მმართველობა“, რომელმაც სრული, უპირობო აკრედიტაცია გაიარა ავსტრიის ხარისხის სააგენტოში (AQ Austria). ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამას უკვე აქვს საერთაშორისო სტატუსი და საქართველოს მხოლოდ მისი გაფორმება და ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა რჩება. ეს არის მართლა უნიკალური შესაძლებლობა — საერთაშორისო აკრედიტაცია პოლიტიკის მეცნიერებებში“, – აღნიშნავს სალომე დუნდუა.

აღიარება თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება. პროგრამა არა მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო სტანდარტებს პასუხობს, არამედ ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას – წელიწადში ორჯერ სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში ისწავლონ. თითო სემესტრი მათ შეუძლიათ გაატარონ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში,  რის შედეგადაც მიიღებენ მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი უნივერსიტეტის საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს პოლიტიკის მეცნიერებაში.

„ამჟამად უკვე გვყავს 6 ქართველი სტუდენტი, რომლებმაც წინასწარ გაიარეს გასაუბრება და სწავლას ზალცბურგის (ავსტრია) უნივერსიტეტებში განაგრძობენ. შემდეგ ეტაპზე ისინი ისევ თსუ-ში დაბრუნდებიან. ეს არის მართლა უნიკალური შესაძლებლობა – პოლიტიკის მეცნიერებებში მსგავსი პროგრამა საქართველოში არ არსებობს. სტუდენტებს ეძლევათ შანსი ისწავლონ ევროპის 13 სხვადასხვა უნივერსიტეტში და მიიღონ მრავალდიპლომიანი განათლება“, – აცხადებს სალომე დუნდუა.

თსუ-სათვის ამგვარი საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება განსაკუთრებით მნიშნელოვანია – იგი უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებს პასუხობს, როგორიცაა ევროპული სტანდარტების დანერგვა, ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტთა მობილობა და კავშირების გაღრმავება რეგიონისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.

ახალი პროგრამა არა მხოლოდ მომავლის პოლიტოლოგებს ამზადებს, არამედ სრულიად ქართული აკადემიური სივრცე ახალ ეტაპზე აჰყავს — ქმნის სივრცეს თანამშრომლობისთვის, ცოდნის საერთაშორისო მიმოცვლისთვის და საქართველოს უნივერსიტეტების უფრო აქტიური ჩართულობისთვის გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებში.

Facebook
Twitter
LinkedIn