რასთან ასოცირდება ომარ ჯაშიაშვილისთვის თსუ-ზე არჩევანის გაკეთება
თარიღი: 2025-05-02 19:18:24
ომარ ჯაშიაშვილითსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს. ამჟამად იგი მეოთხე კურსის სტუდენტია. თვლის, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და მოხვდა პროგრამაზე, რომელიც მოიცავს არაბული ენის, კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის და ისლამური ცივილიზაციის ღრმა და სისტემურ შესწავლას. მისი თქმით, უნივერსიტეტში მიღებული განათლება აერთიანებს როგორც ლინგვისტურ კომპონენტს, ისე ანალიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ მიმართულებებს, რაც ეხმარება ფართო ხედვის ჩამოყალიბებასა და ახლო აღმოსავლეთის სიღრმისეულად შესწავლაში. ომარ ჯაშიაშვილი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ კითხვებს პასუხობს:
- რატომ აირჩიე თსუ? რა მოგცა უნივერსიტეტმა?
- თსუ საქართველოს უძველესი და უმაღლესი აკადემიური სივრცეა, რომელიც ასოცირდება არა მხოლოდ ეროვნულ საგანმანათლებლო იდენტობასთან, არამედ აკადემიური თავისუფლების, კვლევის და მეცნიერების ცენტრთან. ამ უნივერსიტეტის არჩევანი ჩემთვის ასოცირდება ხარისხიან განათლებასთან, ინტელექტუალურ წვდომასთან და საერთაშორისო კავშირებთან. თსუ-მ მომცა არა მხოლოდ დისციპლინური ცოდნა არაბულ ენასა და კულტურაში, არამედ უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა გლობალურ და ინტერდისციპლინურ სამყაროში ინტეგრირებისთვის.
- რა პრობლემას გამოკვეთდი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება?
- ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება დასახელდეს უნივერსიტეტის რამოდენიმე კორპუსის ინფრასტრუქტურა, რადგან ეს კორპუსები საკმაოდ მოძველებულია და საჭიროებს შესაბამის რესტავრაციას. შესაბამისად, აუცილებელია შენობათა არქიტექტურულ-კონსტრუქციული მდგომარეობის შეფასება და ეტაპობრივი განახლების გეგმის შემუშავება, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფას, ისე ფუნქციური სივრცეების მოდერნიზაციას.
- ვინ არიან შენი საყვარელი ლექტორები?
- ვსწავლობ ისეთ პედაგოგებთან, რომელთაც გააჩნიათ არა მხოლოდ მაღალი აკადემიური კვალიფიკაცია, არამედ ორიენტირებულნი არიან – გაუზიარონ თავიანთი ცოდნა სტუდენტებს. თსუ-ში გავიცანი ბევრი ისეთი ლექტორი, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია. საყვარელი ლექტორების სია საკმაოდ ვრცელია: ბატონი გიორგი ლობჟანიძე, ქალბატონი მარიამ ნანობაშვილი, ქალბატონი ნინო ეჯიბაძე, ქალბატონი დარეჯან გარდავაძე, ქალბატონი მაია ღამბაშიძე, ქალბატონი ნანი გელოვანი, ქალბატონი ნინო სურმავა, ქალბატონი ხათუნა თუმანიშვილი, ქალბატონი ინგა ზურაბიშვილი, ქალბატონი ინგა ზამბახიძე, ქალბატონი ეკატერინე გოგალაძე, ქალბატონი ლელა ბახტაძე, ბატონი მამუკა ბუცხრიკიძე, ქალბატონი თეონა აფხაზავა და მრავალი სხვა ძვირფასი ლექტორი… ესენი არიან ლექტორები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში და სტუდენტებსაც ხელს უწყობენ კვლევითი უნარების განვითარებაში.
- მოგვიყევი შენი წარმატების ისტორიაზე (რასაც პირად წარმატებად თვლი) საუნივერსიტეტო სივრცეში…
- ჩემი სტუდენტობის პერიოდში მივიღე მრავალ სასწავლო შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობა, როგორიცაა, მაგალითად, კულტურული დღეები მესტიაში. გარდა ამისა, მოვიპოვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვაჟა-ფშაველას სახელობის სტიპენდიები, რამოდენიმეჯერ მივიღე მონაწილეობა კატარის და ევროპის საერთაშორისო არაბულენოვან დებატების ჩემპიონატზე. გასულ წელს მოვიპოვე ქუვეითის უნივერსიტეტის სახელმწიფო სტიპენდია და ერთი წელი ვსწავლობდი არაბული ენის პროგრამაზე ქუვეითის უნივერსიტეტში, სადაც მივიღე მონაწილეობა რამოდენიმე სასწავლო ღონისძიებაში. ამავე წლის დასაწყისში მოვიპოვე სტიპენდია საუდის არაბეთის ორთვიან არაბული ენის ინტენსიურ კურსზე, სადაც ვიღებდი მონაწილეობას მრავალ კულტურულ და სასწავლო ღონისძიებაში ქალაქ არ-რიადში.
- რა შთაბეჭდილებით დაბრუნდი საქართველოში?
- გასულ წელს ვიყავი ქუვეითში არაბული ენის შესწავლის ერთწლიან სასწავლო კურსზე. ქუვეითი იყო პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც გამიღო კარი არაბულ სამყაროში, სადაც გავეცანი მათ კულტურას ახლოდან და სიღრმისეულად, შევიძინე ბევრი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვსწავლობდი, აგრეთვე, საუდის არაბეთში არაბული ენის ორთვიანი პროგრამის ინტენსიურ კურსზე, რომლის ნაწილი იყო მრავალი სახის კულტურული და ტურისტული აქტივობები და ღონისძიებები, გავიცანი ბევრი ლექტორი და მეგობარი, რომლებთანაც ურთიერთობა მახარებს. საქართველოში დავბრუნდი კარგი მოგონებებით და შთაბეჭდილებებით აღსავსე და დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც შეიტანა წვლილი ამ გეგმების განხორციელებაში.
- როგორი არის სტუდენტური ცხოვრება თსუ-ში? რას შეცვლიდი შენი ინტერესებიდან გამომდინარე?
- სტუდენტური ცხოვრება თსუ-ში მრავალფეროვანი, აქტიური და შესაძლებლობებით სავსეა. მეგობრული გარემო, პროფესიონალი ლექტორები და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა ქმნის თსუ-ს, როგორც ინოვაციურ და სტუდენტზე ორიენტირებულ სივრცეს.
- რა არის შენი სამომავლო გეგმები?
- ვფიქრობ, გავაგრძელო მაგისტრატურაზე სწავლა არაბისტიკის მიმართულებით თსუ-ში. სამომავლოდ მინდა ამავე მიმართულებით ვისწავლო არაბულ ან ევროპულ უნივერსიტეტებში.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია
