სოციალურ მედია ინფლუენსერებთან დამოკიდებულების საკითხები შესწავლას მოითხოვს
პორტოს (პორტუგალია) უნივერსიტეტის მაღალრეიტინგულ ჟურნალში „International Journal of Marketing, Communication and New Media“, რომელიც ინდექსირებულია Web of Science-ის მონაცემთა ბაზაში (Q2), გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით – „The Impact of Social Media Influencers on Brand Awareness, Image and Trust in their Sponsored Content: An Empirical Study from Georgian Social Media Users“. სტატიის ავტორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: ნუგზარ თოდუა, თორნიკე ხოშტარია და არიან მატინი.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული სტატია ავტორების მეორე კვლევაა. შარშან ივლისში ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „4.0 ტექნოლოგიები ტურიზმში, მომსახურებასა და მარკეტინგში (AIRSI2021)“, რომელიც ჩატარდა ესპანეთში, სარაგოსას უნივერსიტეტში. კვლევა ეხებოდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებას. სტატია სარაგოსას უნივერსიტეტის მიერ კონფერენციის შრომათა კრებულში გამოქვეყნდა.
ახალი კვლევის მიზანსა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება სტატიის ერთ–ერთი ავტორი, თსუ-ის პროფესორი ნუგზარ თოდუა:
,,თანამედროვე ეტაპზე ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, რომელშიც სოციალურ მედია მარკეტინგს განსაკუთრებული როლი ენიჭება. სოციალურმა მედია მარკეტინგმა რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ბიზნესში. ეს აიხსნება იმით, რომ დღეისათვის ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში და ინფორმაციის დიდ ნაწილს მათი საშუალებით იღებენ. ამიტომაც სოციალური მედია მარკეტინგი კომპანიებისათვის კლიენტთა მოზიდვისა და კონკურენტული ბრძოლის მძლავრი იარაღი გახდა. სოციალურ მედია მარკეტინგში ახალი გამოძახილია ინფლუენსერ (გავლენის მომხდენი) მარკეტინგი, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ აქტიური აუდიტორია (ძირითადად, სოციალურ მედიაში) და აქვთ უნარი – ამ აუდიტორიაზე გავლენა მოახდინონ. სოციალური მედია ინფლუენსერები ხელს უწყობენ საზოგადოებაში ბრენდების ცნობადობის ამაღლებას და მათ მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას. სოციალური მედია ინფლუენსერები უშუალოდ მონაწილეობენ საზოგადოებრივი ფასეულობების შექმნაში და კონკრეტული პროდუქტის შესახებ ცოდნას და გამოცდილებას სხვებს გადასცემენ, რაც იდეის მიმდევართა ავტორიტეტს კიდევ უფრო მეტად ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, უკანასკნელ ხანებში უცხოელი მკვლევრები დიდ ყურადღებას აქცევენ ბიზნესში ინფლუენსერ მარკეტინგის ტექნოლოგიების შესწავლას. ამასთან, მრავალი ემპირიული კვლევა ამტკიცებს, რომ არაა საკმარისი კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავდა ინფლუენსერების მიერ სოციალური მედიის გამოყენების ეფექტიანობას. აქედან გამომდინარე, სოციალური მედია ინფლუენსერების მომხმარებლებზე გავლენის შესწავლა ბიზნესის კვლევის აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოში მომხმარებელთა ქცევის მიმართულებით შესრულებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, დღემდე ნაკლებადაა შესწავლილი სოციალურ მედია ინფლუენსერებთან დამოკიდებულების საკითხები, რაც სათანადო მეცნიერულ დამუშავებას მოითხოვს. სწორედ ეს იდეა დაედო საფუძვლად ჩვენი გუნდის შექმნას, რომელშიც 3 უნივერსიტეტის პროფესორი გავერთიანდით.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბრენდის ცნობადობაზე, იმიჯზე და დასპონსორებული კონტენტის მიმართ სანდოობაზე სოციალური მედია ინფლუენსერების გავლენის შესწავლა.
ლიტერატურული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შემუშავდა კვლევის კონცეპტუალური მოდელი, ჩამოყალიბდა შესაბამისი ჰიპოთეზები და შეიქმნა სპეციალური ანკეტა, რომლითაც გამოიკითხა მიზნობრივი აუდიტორია. სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით მოხდა ჰიპოთეზების ტესტირება და კვლევის შედეგების სანდოობის დამტკიცება.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველი მომხმარებლებისათვის სოციალური მედია მეტად პოპულარულია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურ მედიას დღეში რამდენჯერმე სტუმრობს და ინფლუენსერების ფიზიკურ მიმზიდველობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მომხმარებლები იწერენ და უყურებენ გასართობ, მხიარულ და საინტერესო პირადი თვისებების მქონე ინფლუენსერებს. მათთვის ყველაზე უფრო მეტად მიმზიდველია ისეთი ინფლუენსერები, რომლებსაც დიდი რაოდენობის გამომწერები, გამზიარებლები და მომწონებლები ჰყავთ. ამასთან, მომხმარებლები უყურებენ და იწერენ ტრენდულ და მოდურ ინფლუენსერებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემების შესახებ აქვთ კომპეტენცია და აზიარებენ მათი ოჯახის წევრები ან მეგობრები. მომხმარებელთა აზრით, ინფლუენსერები, რომელთაც ბევრი გამომწერი ჰყავთ, უფრო სანდონი არიან და, მათი კონტენტიდან გამომდინარე, აღმოაჩენენ ხოლმე ახალ პროდუქტებს ან ბრენდებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ინფლუნესერები, რომლებსაც ქართველი მომხმარებლები უყურებენ ან იწერენ, თავიანთ კონტენტში წარადგენენ ახალ ინფორმაციებს პროდუქტებისა და ბრენდების შესახებ. ისინი იმახსოვრებენ და სხვადასხვა გარემოში (მაგალითად, ტელევიზორში, ქუჩაში ან ბილბორდებზე) ცნობენ იმ ინფლუენსერების მიერ მხარდაჭერილ პროდუქტებს და ბრენდებს, რომელთა მიმდევრებიც არიან სოციალურ მედიაში. მომხმარებლების აზრით, ასეთი ინფლუენსერები მიესადაგებიან ახალი პროდუქტების წარდგენას, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილი პროდუქტები/ბრენდები მდიდარი ისტორიის, ხარისხიანი და ექსკლუზიურია. ქართველი მომხმარებლები აცნობიერებენ, თუ როგორი იქნება ინფლუენსერების მიერ წარდგენილი პროდუქტი. კვლევა ცხადყოფს, რომ დასპონსორებული კონტენტი იმ ინფლუენსერებისა, რომლებსაც ისინი უყურებენ ან იწერენ, უფრო სანდოა, ვიდრე ტრადიციული სატელევიზიო ან ბეჭდური რეკლამა. კვლევიდან გამომდინარე, ასეთ დამოკიდებულებას მომხმარებლები იმით ხსნიან, რომ ინფლუენსერები ითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების როგორც მოსაზრებებს სოციალურ მედიაში დაპოსტვისას, ასევე შეშფოთებას პროდუქტებისა და ბრენდების მხარდაჭერის დროს.
ჩვენი კვლევის შედეგებით დაინტერესდა პორტოს უნივერსიტეტის მაღალრეიტინგული ჟურნალი „International Journal of Marketing, Communication and New Media“ და ივნისის ნომერში ჩვენი სტატია, სახელწოდებით: „The Impact of Social Media Influencers on Brand Awareness, Image and Trust in their Sponsored Content: An Empirical Study from Georgian Social Media Users“ გამოაქვეყნა.
ამჟამად მკვლევრების გუნდი ახალ პროექტზე მუშაობს. კვლევა ტარდება მალაიზიელ პროფესორებთან ერთად. კერძოდ, მასში ჩართულია მალაიზიის მენეჯმენტისა და მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორები როი რილერა მარზო და ჰანა ჩენ ვეი ჯუნი. კვლევის სახელწოდებაა: „სოციალური მედია და ცხოვრების ხარისხი: თაობებს შორის ციფრული დაშორების გლობალური კვლევა“. კვლევა ითვალისწინებს სოციალური მედიის გავლენას ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ციფრული უთანასწორობის გამო სოციალური მედიის გამოყენებაში თაობებს შორის ხარვეზების გამოვლენას და ინდივიდების ცხოვრების ხარისხზე მათ ზემოქმედებას. აღნიშნული კვლევის ფარგლებში უკვე შეგროვდა 2000-ზე მეტი ანკეტა. გამოკითხვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსუ-ის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. ამჟამად კვლევის შედეგები მუშავდება და, იმედია, საინტერესო მიგნებებიც გვექნება.