თსუ-ში პროფესორ ნუგზარ სურგულაძის 75 წლის იუბილე აღინიშნა

თარიღი: 2026-03-05 19:37:29

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ქართული სამართლის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნუგზარ სურგულაძის იუბილე აღნიშნა. ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერსა და პროფესორს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დაწყებიდან 50 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სერია ,,Liber Amicorum”-ის ფარგლებში, გამოიცა საიუბილეო კრებული, რომელიც თსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებს აერთიანებს სხვადასხვა იურიდიულ და ინტერდისციპლინურ თემებზე. ,,კრებული ერთი ამოსუნთქვით მომზადდა. 50-ზე მეტმა ქართველმა თუ უცხოელმა მეცნიერმა უმოკლეს დროში მოგვაწოდეს საკუთარი სამეცნიერო შრომები, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ იუბილარისადმი ღრმა პატივისცემა. იგივეს ვგრძნობდით უნივერსიტეტის გამომცემლობის თანამშრომლების მხრიდანაც, რომელთაც თავი არ დაუზოგავთ, რათა ამ მშვენიერ კრებულს დროულად ეხილა დღის სინათლე“, – ამბობს კრებულის რედაქტორი.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  ნუგზარ სურგულაძის საქმიანობასა და თსუ-ს იურიდიული სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ნუგზარ სურგულაძე ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია – პიროვნება, რომლის სახელიც ღირსეულად უკავშირდება ჩვენი იურიდიული სკოლის განვითარებასა და გაძლიერებას. გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც იმუშავა ამ განსაკუთრებულ კრებულზე, რომელიც მის 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ეს გამოცემა გაჯერებულია საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიებით და ნათლად ასახავს იმ ინტელექტუალურ მასშტაბსა და აკადემიურ ტრადიციას, რომელსაც ჩვენი იურიდიული სკოლა ატარებს“.

პროფესორ ნუგზარ სურგულაძის იუბილესთან დაკავშირებით გვესაუბრება მისი კოლეგა, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ წერეთელის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ფერაძე. როგორც წიგნის რედაქტორი (ასოცირებულ პროფესორ თამარ ზარანდიასთან ერთად), საიუბილეო ღონისძიებას სწორედ ის უძღვებოდა.

                         ნუგზარ სურგულაძის მოღვაწეობის საინტერესო გზა

,,ნუგზარ სულგულაძე იზრდებოდა გარემოში, სადაც ყველაფერი საქართველოს სიყვარულით, მისი უმდიდრესი ისტორიისადმი პატივისცემით სუნთქავდა. ვინც სურგულაძეების ოჯახში ერთხელ მაინც ყოფილა, დამეთანხმება, რომ იქ დღემდე შენარჩუნებულია დიდი მეცნიერის, პროფესორ ივანე სურგულაძის დროინდელი შემოქმედებითი გარემო. ისევე, როგორც მამის სიცოცხლეში, დღესაც ბატონი ნუგზარის ბინაში სამ სხვადასხვა მაგიდაზე ერთდროულად რამდენიმე თემაზე სამუშაოდ კვლავაც გაშლილია წიგნები. სწორედ აქ, წიგნის კარადებიდან მომზირალი წინაპრებისა და კოლეგების ფოტოების გარემოცვაში იქმნებოდა და დღესაც იქმნება ,,სურგულაძეების მადლიანი სამართლებრივი მემკვიდრეობა”, რომელმაც საბჭოთა წლებშიც კი მოახერხა და შეინარჩუნა „ქართველოლოგიურ-იურიდიული ბუნება“.

ნუგზარ სურგულაძემ1972 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და იქვე განაგრძო ასპირანტურაში სწავლა. 1976-2006 წლებში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები სეფიანთა ირანის სახელმწიფო წყობილებასთან დაკავშირებულ თემებზე. მინდა აღვნიშნო, რომ 1990 წელს წიგნად გამოცემული მისი სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სეფიანთა ირანის ცენტრალური მმართველობა“ აღმოსავლეთმცოდნეების მიერ შეფასებულია, როგორც ამ საკითხის მონოგრაფიული შესწავლის პირველი წარმატებული ცდა როგორც საბჭოთა, ისე უცხოურ ისტორიოგრაფიაში. შესაბამისად, 1997 წელს იურიდიულ ფაკულტეტზე სპარსული და ლათინური ხელნაწერების უბადლო მცოდნის გადმოსვლა მართლაც ღირსსახსოვარი მოვლენა იყო, განსაკუთრებით – ქართული სამართლის ისტორიის მიმართულებისთვის.

                                           შემოქმედებითი საქმიანობა

ნუგზარ სურგულაძე 2002-2012 წლებში ერთდროულად მუშაობდა როგორც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ისე თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში.სწორედ ამ წლებში, ჟურნალ „მაცნესა“ და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით, ხუთი  დიდი სამართლის ისტორიკოსის (აკადემიკოს ისიდორე დოლიძის, პროფესორების: ივანე სურგულაძის, დავით ფურცელაძის, გიორგი ნადარეიშვილისა და მიხეილ კეკელიას) ხსოვნისადმი მიძღვნილ მრავალტომეულში გამოქვეყნდა ბატონი ნუგზარის ერთიმეორეზე საინტერესო ნაშრომები. ისინი ეხებოდა ქართული სამართლის ისტორიის სპარსულ წყაროებს, სეფიანთა ირანში ქართლისა და კახეთის მმართველთა სტატუსს, ეშიკაღასბაშისა და ნაზირის სამოხელეო ინსტიტუტებს, ასევე სამხედრო ორგანიზაციის საკითხებსა და ძველი სპარსული სამართლის გავლენას ვახტანგ VI-ის „დასტურლამალზე“.

აღსანიშნავია 2005-2013 წლებში მის მიერ შექმნილი ისლამური სამართლის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ოთხ წიგნად. გარდა ამისა, მისი დამსახურებით იქცა რეალობად ქართველ იურისტთა არაერთი თაობის ოცნება ქართულ ენაზე თარგმნილიყო დიდი სჯულმდებლის, იმპერატორ იუსტინიანეს დიგესტები. დღეისთვის უკვე თარგმნილია დიგესტების 19 წიგნი. აქედან 11 უკვე გამოცემულია. მეტიც, თარგმნილი და გამოცემულია, ასევე, იუსტინიანესა და გაიუსის ინსტიტუციები. აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ძალზედ მნიშვნელოვან გარემოებაზე: ძეგლი თარგმნილია არა სხვა რომელიმე ენიდან, არამედ პირველწყაროდან და სხვა, მაგალითად: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე არსებული ანალოგები ავტორის მიერ ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა მხოლოდ სამართლებრივი ტერმინებისათვის, გამონათქვამებისთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო შესატყვისის მოსაძებნად.

საგულისხმოა, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს არამარტო უცხოური სამართლის ძეგლების ქართულად არამედ პირიქით, ქართული სამართლის ძეგლების უცხო ენაზე თარგმნის თვალსაზრისითაც. 2010 წელს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის მიმართულებაზე შეიქმნა ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკის და სამართლის ისტორიის ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც მისი დაარსების დღიდან პროფესორი ნუგზარ სურგულაძეა. სწორედ ინსტიტუტის თანამშრომლების მონდომების წყალობით ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებულმა ინგლისურენოვანმა მკითხველმა უკვე მიიღო ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის რამდენიმე ათეული მუხლის, ასევე, ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნების ფრაგმენტების, XVI საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის შესანიშნავი ძეგლის – „კათალიკოსთა სამართლის“ მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული თარგმანები. გარდა აღნიშნულისა, ინგლისურ, რუსულ ენებზე უკვე თარგმნილია და გამოსაქვეყნებლად მზადაა შუა საუკუნეების ქართული საერო და საეკლესიო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: „ოპიზის სიგელი“, „რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა“, „1170 წლის გიორგი III-ის სიგელი“, „ბექა აღბუღას სამართლის წიგნის“ გამოუქვეყნებელი ნაწილი და 1782 წლის „განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა“.

ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლებ და დისიდენტურ წარსულ

ნუგზარ სურგულაძე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. მას მეგობრობის, თანამშრომლობის წლები აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა აღიარებულ ლიდერებთან. ისინი ერთად თარგმნიდნენ და ავრცელებდნენ აკრძალულ დისიდენტურ ლიტერატურას, არ ერიდებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საკუთარი პატრიოტული მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმას, რის გამოც მუდმივი დევნისა და თვალთვალის ქვეშ იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ ქართველი მეცნიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია. მივლინება უაღრესად საინტერესო, ნაყოფიერი გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთმცოდნეებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ბატონ ნუგზარს შტატებში დარჩენა და სამეცნიერო საქმიანობის ერთობლივად გაგრძელებაც შესთავაზეს, მან ჩვენი ხალხისთვის იმ უმძიმეს 90-იან წლებში სამშობლოში დაბრუნება არჩია. უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობით მიღებულ მდიდარ გამოცდილებასა და კავშირებს  დღემდე აქტიურად მოახმარს ქართულ მეცნიერებას, საკუთარ კოლეგებსა და სტუდენტებს.

                                      ინტენსიური მუშაობა გრძელდება

ბატონი ნუგზარი დღესაც აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. სამართლის ისტორიის მიმართულებაზე მისი ხელმძღვანელობით არაერთ უაღრესად საინტერესო პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადება; უკვე გაციფრებულია და ასევე გამოსაცემად მზადდება პროფესორ ივანე სურგულაძის შრომების ხუთტომეული; ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იუსტინიანეს დიგესტების, ასევე, უძველესი სპარსული ხელნაწერების თარგმნისა და რედაქტირების მიზნით. არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს პროფესორ ნუგზარ სურგულაძის გამორჩეულად კეთილი, შეიძლება ითქვას, მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებთან. ამიტომაც არის, რომ უკვე წლებია, მისი ლექცია-სემინარები სტუდენტების რეკორდულ რაოდენობას უყრის თავს. იგივე მიზეზით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ 2022 წელს ღვაწლმოსილი მეცნიერის ამაგის დაფასებამ, მისი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებამ ერთნაირად გაგვახარა როგორც კოლეგები, ისე სტუდენტები და, ზოგადად, მისი შემოქმედების გულშემატკივრები საქართველოშიც და უცხოეთშიც“.

Facebook
Twitter
LinkedIn