ნუცა ცოტნიაშვილი: ,,მე შევიგრძენი, რას ნიშნავს ცხოვრება და განათლების მიღება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში“
ნუცა ცოტნიაშვილმა, რომელიც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსზე სწავლობს, ერთი სემესტრი ბელგიაში, ქალაქ გენტში, გენტის უნივერსიტეტში გაატარა. მისთვის გაცვლითი პროგრამით სარგებლობა გამოწვევებით სავსე გამოცდილებასთან ასოცირდება.
,,როცა გავიგე, რომ კონკურსი წარმატებით გავიარე, ყველა ემოცია, ბედნიერება, აღფრთოვანება, სიამაყე, ნერვიულობა, აჟიტირება – ერთად დამატყდა თავს. ბელგიაში წასვლის ყველა ეტაპი უამრავი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის გამოცდილება, რასაც სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრება ერქვა, პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში. არასდროს ვყოფილვარ საყვარელი ადამიანებისგან ასე შორს და თანაც არცთუ ისე ცოტა ხნით. ცხადია, ამ მომენტს თავისი დადებითი მხარეებიც უამრავი ჰქონდა. ბელგიაში ყოფნისას აღმოვაჩინე ჩემთვის ახალი საყვარელი აქტივობები, სრულიად სხვა კუთხით დავინახე საკუთარი თავი, აღმოვაჩინე ახალი თვისებები, გავიცანი უამრავი ადგილობრივი ადამიანი, რომლებსაც ვუზიარებდი ჩვენი პატარა ქვეყნის მდიდარ კულტურას, ხალხის თავისებურებებს და მათთვის ყველაზე საყვარელს – უგემრიელეს კერძებს. ამავდროულად, მე დავინახე და შევიგრძენი, რას ნიშნავს ცხოვრება და განათლების მიღება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში. შანსი მქონდა, მომესმინა ლექციები ფსიქოლოგიის დარგის გამორჩეული და გავლენიანი პროფესორებისგან. ცხადია, ყველა ეს გამოცდილება ღირებული იყო როგორც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, ასევე პიროვნული ზრდისთვის“, – გვიყვება ნუცა.
ნუცა ცოტნიაშვილი უზომოდ მადლიერია თსუ-სი, რომელმაც მყარი ცოდნის საფუძველი მისცა, რაც საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლადაც დაეხმარა.
,,თუ გენტის უნივერსიტეტში სწავლის შესახებ ვსაუბრობთ, ვიტყოდი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კურიკულუმი მოიცავდა მაგისტრატურის პროგრამის საგნებს, უზომოდ მადლიერი ვარ თსუ-ს მიმართ, რადგან არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ მასალაში ვყოფილიყავი დაკარგული ან რაიმე ყოფილიყო სრულიად გაუგებარი. გარდა ამისა, ზოგადად, თსუ-ში სწავლამ მომცა იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ფორმალური განათლებაა. ყოველდღიურად მე მაქვს ურთიერთობა ძალიან მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებთან, საუკეთესო ლექტორებთან, რომელთაგანაც მიღებული ცოდნა, გაზიარებული გამოცდილება და რჩევები მართლაც რომ ფასდაუდებელია“, – აღნიშნავს ნუცა.
თუ რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა? – ამ კითხვაზე ნუცა ცოტნიაშვილს ასეთი პასუხი აქვს: ,,ყველაზე დიდი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საგანთა უმრავლესობას არ ჰქონდა სემინარები, არ არსებობდა „კვირიდან-კვირამდე“ მასალების მომზადება და ლექტორებისთვის რაიმეს ჩაბარება და, რაც მთავარია, არ არსებობდა შუალედური გამოცდები. ცხადია, სტუდენტისთვის, რომელიც სამი წელი ლექცია-სემინარებისა და 2 შუალედურის ფორმატით სწავლობდა, ეს მოვლენა საკმაოდ გასაკვირი იყო. განსხვავება დავინახე სასწავლო მასალებშიც – ის მასალები, რომლებიც სტუდენტებს მიეწოდებოდათ დასკვნითი გამოცდებისთვის მოსამზადებლად, იყო უახლესი, ასევე კვლევის მონაცემთა დამუშავება ხდებოდა განსხვავებული პროგრამებითა და მეთოდებით, რაც, ცხადია, საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი გამოცდილება იყო“.
პრობლემა, რომელსაც გამოყოფს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. იგი თვლის, რომ თსუ-ში მის ფაკულტეტზე სტუდენტები, ძირითადად, თეორიულ ცოდნას იღებენ, რაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, ფიქრობს, რომ აუცილებელია პრაქტიკული კურსების რაოდენობის გაზრდაც. ,,ამ პრობლემის მოგვარება დიდ ფინანსურ და დროის რესურსებს მოითხოვს, თუმცა ოდესმე უნდა დაიწყოს მისი გადაჭრა“, – გვითხრა ნუცამ, რომელიც სწავლას უკვე მშობლიურ უნივერსიტეტში აგრძელებს.
