ნორმატიული აქტის მომზადების პირველი გზამკვლევი საქართველოში

თარიღი: 2025-09-29 16:21:26

,,ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი” – ასე ჰქვია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ვასილ გონაშვილის, ახალ წიგნს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა. სახელმძღვანელო საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკისა და ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზეა შექმნილი.

წიგნის ავტორის თქმით, საქართველოში ამგვარი გზამკვლევი არასდროს დაბეჭდილა, საჭიროება კი ნამდვილად იდგა: ,,ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების შედგენის ტექნიკა, თუმცა დაუწერელი წესების სახით. შესაბამისად, აუცილებელი იყო ამ პრაქტიკის წერილობითი სახით ჩამოყალიბება. გერმანიაში, დანიაში, ფინეთში, ესტონეთსა და იტალიაში გზამკვლევები არა მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის სახით არსებობს, არამედ, მეტიც, დამტკიცებულია პარლამენტის ან იუსტიციის მინისტრის მიერ”, – განმარტავს პროფესორი ვასილ გონაშვილი.

,,ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი” განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე სამართალშემოქმედებითი ფუნქციის მქონე სახელმწიფო ორგანოებისთვის, სხვა ორგანიზაციებისთვისა და კერძო პირებისთვის, რომელთაც სურთ, რომ შეიმუშავონ საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადებები. პროფესორი ვასილ გონაშვილი აღნიშნავს: ,,მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვასწავლი საგანს „საჯარო სამართლის პრაქტიკული კურსი“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კანონპროექტის წერის სტანდარტების სწავლებაა. ეს ნაშრომი უდავოდ დაეხმარება სტუდენტებს საგნის უკეთ შესწავლაში“.

ახლახანს გამოცემული წიგნი ორ მთავარ კითხვას პასუხობს – როგორ შევადგინოთ კანონპროექტი, რომ ის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გამართული იყოს და როგორ ავაგოთ სამართლის ნორმა. უფრო დეტალურად ავტორი განიხილავს შემდეგ საკითხებს:  ნორმატიული აქტის შედგენის ტექნიკა, ცვლილების შეტანის წესი, მუხლების დამატება, სასვენი ნიშნების გამოყენება და სხვა. ასევე ყურადღება გამახვილებულია სამართლის ნორმის სწორ ფორმულირებაზე, რომ დაცული უნდა იყოს სიცხადე, სიზუსტე, ნეიტრალური ენა, წინადადების სტრუქტურა, ტერმინთა განმარტება, პუნქტუაცია და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები. გარდა ამისა, საუბარია სახელმწიფო ენისა და გერბის გამოყენების წესებზე.

თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს მისი წიგნის მნიშვნელობაზე ვკითხეთ ახალგაზრდა იურისტებისთვის: ,,ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მომავალი იურისტები დაეუფლონ ნორმატიული აქტების სწორი შექმნის უნარს. იურისტი, რომელიც ამზადებს ნორმატიული აქტის პროექტს, აუცილებლად უნდა ფლობდეს მისი წერის ხელოვნებას, პროექტისა და ნორმის სწორად ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს. ამ ჩვევებს კი ის იძენს დასაქმების შემდეგ ან სტაჟირების დროს. ჩვენ მიერ შემუშავებული ნაშრომი ხელს უწყობს ყველა იურისტს, წინასწარ მომზადებული ჩაერთოს ნორმაშემოქმედებით პროცესებში“.

პროფესორი ვასილ გონაშვილი სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. იგი ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. დაახლოებით ერთ თვეში დაიბეჭდება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის მიმართულების პროფესორთა და დოქტორანტთა ჩართულობით მომზადებული სახელმძღვანელო ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, რომელშიც ერთი თემის ანალიზი მის მიერაა მომზადებული. გარდა ამისა, ვასილ გონაშვილი, თითქმის ორი წელია, იკვლევს დემოკრატიული ქვეყნების ტერიტორიული მოწყობის თავისებურებებს, რის შემდეგაც საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი დოკუმენტის მომზადება იგეგმება. ამ პროექტის ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

Facebook
Twitter
LinkedIn