თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეები ლექციის მოსმენის შემდეგ ბალეტს დაესწრნენ

თარიღი: 2023-04-10 18:47:26

თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეები მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი…“ დაესწრნენ. ბალეტს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი ასრულებს.

ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეები თანამედროვე ბალეტის წარმოდგენაზე თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა ლექციის წაკითხვის შემდეგ მიიწვია.

„როდესაც ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში ლექციების წაკითხვას მთავაზობენ, ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდები, რადგან სკოლის მოსწავლეებმა ბავშვობიდანვე უნდა დაინახონ ჰუმანიტარული მეცნიერებების პრაქტიკული მნიშვნელობა – როგორ შეიძლება მისი ასახვა თანამედროვე ხელოვნებაში… წელს სალექციო თემად მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და თბილისის თანამედროვე ბალეტი ავირჩიე, რადგან მინდოდა მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა – თუ როგორ არის კლასიკური ლიტერატურა ასახული თეატრალურ სამყაროში და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს თანამედროვე ხელოვნებასთან. მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის ნახვა მათ დაეხმარებათ, დაინახონ  – თუ როგორ შეიძლება სკოლამ მიიყვანოს ბავშვები თეატრში, თეატრმა ლიტერატურაში და ლიტერატურამ უნივერსიტეტში. სწორედ ეს მნიშვნელოვანი სამკუთხედი – განათლება, მეცნიერება და ხელოვნება იყო კონცენტრირებული ჩემს ლექციაში, ბოლოს კი ყველაფერი თავად ნახეს სცენაზე“, – განმარტა დავით მაზიაშვილმა.

ლექციისა და ბალეტის შესახებ შთაბეჭდილებებზე მოსწავლეებიც გვესაუბრნენ:

„ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში კლასგარეშე აქტივობებში ჩართვის მიზნით დავინტერესდი, მინდოდა ახალი ცოდნის მიღება. ბევრ საინტერესო სიახლეს ვიგებთ. მომწონს ბალეტი და ის, თუ როგორ განგვიმარტა ყველაფერი ლექტორმა – ჯერ ნაწარმოებებზე გვესაუბრა, შემდეგ კი თანამედროვე ბალეტის მაგალითზე აგვიხსნა“, – გვითხრა ელენე მაზიაშვილმა.

„ბევრი რამ გავიგე თეატრსა და ბალეტზე, ისიც, თუ ვინ განავითარა ამერიკაში ბალეტი, თუ რას ნიშნავს თეატრის კულტურა. ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე“, – გვითხრა თეკლე მიქელაშვილმა.

თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა სტანდარტული სალექციო კურსების გარდა საზაფხულო და ზამთრის სკოლებსაც უწევს ორგანიზებას, თუმცა სკოლის ორგანიზატორი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ, მოსწავლეების მხრიდან თეატრის მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესის გათვალისწინებით,  სალექციო კურსების გამრავალფეროვნებაც იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ფორმატი შევცვალოთ და უფრო მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა. არასტანდარტულმა სასწავლო მეთოდმა მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ახალი თაობისთვის მსგავსი ფორმატით სწავლება ბევრად ეფექტიანი იქნება“, – აღნიშნა ნინო პოპიაშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn