ჩეხეთიდან დაბრუნებული ნიტა ნატროშვილი ცხოვრებას უკვე სხვა პერსპექტივით უყურებს
ნიტა ნატროშვილი, რომელიც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მესამე კურსზე სწავლობს, ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ნიტა ერთი სემესტრით საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს: ,,საზღვარგარეთ სწავლა არასდროსაა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებასთან დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,Erasmus +“ პროექტს ეხება საქმე. მარტო ცხოვრება, სრულიად უცხო ხალხთან კონტაქტი, ახალი ქვეყნის ბიუროკრატია ის მნიშვნელოვანი პუნქტებია, რაც ამ გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდის. ვფიქრობ, ,,ერასმუსის“ რამდენიმე თვე გაძლევს შესაძლებლობას – ცხოვრებას სხვა პერსპექტივით შეხედო. აანალიზებ იმასაც, რომ შეზღუდული დრო გაქვს და შენმა შიშებმა უკან არ უნდა დაგხიოს: არაფერი არ უნდა გადადო, რადგან მომენტი აღარ განმეორდება და შანსს დაკარგავ. რამდენიმე თვის მანძილზე საკმაოდ ბევრი სიახლე და გამოწვევაა. ამ ყველაფერმა გამომიყვანა კომფორტის ზონიდან, მომცა მეტი გამოცდილება და ადაპტაციის უნარი. გარდა ამისა, იმ პრაქტიკულმა კურსებმა, რომლებიც გავიარე ფსიქოლოგიის რამდენიმე მიმართულებაში, ცალსახად დამანახა – თუ რას უნდა ველოდო მომავალში ჩემი პროფესიისგან“.
ნიტა ნატროშვილი თსუ-ს მეტად ემადლიერება და მის წიაღში მიღებულ ცოდნას დიდ ფასსაც ადებს: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე აკადემიური ცოდნა გამოცდილი ლექტორებისგან, რომლებიც საგანს მეტად საინტერესოს ხდიდნენ. როგორც თსუ-ს სტუდენტს, წვდომა მაქვს საერთაშორისო რესურსებზე, რაც მოიცავს წიგნებსა თუ სტატიებს კვლევებისა და ქეისების შესახებ. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვის“.
ნიტა ამბობს, რომ პალაცკის უნივერსიტეტში სწავლა განსხვავდებოდა თსუ-ში სწავლის მეთოდებისგან. მთავარი განსხვავება კი პრაქტიკული კურსების ნაკლებობაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ,,პალაცკის უნივერსიტეტში რამდენიმე კურსი გავიარე ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში და თითოეულ მათგანში გამოყენებული იყო განსხვავებული აქტივობა (ართ თერაპია, ცეკვის თერაპია, ქეისის შესწავლა და განხილვა, ჯგუფური თერაპიის სეანსის დაგეგმვა და ა.შ). ასევე, კურსის ხელმძღვანელები აწყობდნენ გარე სივრცეში ლექციას (კაფეში ან ბუნებაში), რაც, ვფიქრობ, უფრო მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის და ეხმარება სტუდენტებს მიიღონ განათლება“, – ამბობს ნიტა, რომელიც თვლის, რომ თსუ-ში, განსაკუთრებით კი მაღაკურსელებისთვის, პრაქტიკული განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
,,იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტი ძლიერ აკადემიურ საფუძველს იძლევა, მნიშვნელოვანია პრაქტიკის გავლა უნივერსიტეტის სივრცეში, სადაც სტუდენტს საშუალება ექნება მიიღოს ლექტორისგან უკუკავშირი და გააუმჯობესოს თავისი ცოდნა. დამატებით ამგვარი სესიები გაზრდის სტუდენტთა მოტივაციასა და შრომისუნარიანობას მომავალში“, – ასეთია სტუდენტის სურვილები.
