ნინო ლობჟანიძის, როგორც მეცნიერი ქალის, როლი და წარმატება
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ეკონომიკის დოქტორი, თსუ–ს ასისტენტ–პროფესორი ნინო ლობჟანიძე. ეს პირველი ჯილდოა ეკონომიკის დოქტორისთვის, რომელიც მან წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის მიიღო. მიღებულმა ჯილდომ ეკონომიკის დოქტორს, თსუ-ს ასისტენტ პროფესორს ნინო ლობჟანიძეს ძალიან დიდი მოტივაცია მისცა, რომ კიდევ მეტი შრომა ჩადოს სამეცნიერო საქმიანობაში საინტერესო, ნოვატორ და მიზანსწრაფულ ადამიანებთან ერთად.
თუ რას ნიშნავს თსუ–ში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერი ქალისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოება და რა გეგემები აქვს სამომავლოდ, ამის შესახებ თვითონ ნინო ლობჟანიძე გვესაუბრება:
„ქალის როლი მეცნიერებაში დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვითარდება, 21-ე საუკუნეში პოზიტიური სტატისტიკური ცვლილება გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილი ქალების რაოდენობის ზოგადი ზრდის კონტექსტში, რაც ძალიან მახარებს. ქალების მნიშვნელოვანი წვლილი ცოდნისა და ინოვაციების დაგროვების, დანერგვისა და მომავალი თაობებისთვის გაზიარების პროცესში სულ უფრო მეტ მრავალფეროვნებასა და სიახლეს შემოიტანს სამეცნიერო ცხოვრებაში“, – განაცხადა თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა ნინო ლობჟანიძემ, რომლის სადისერტაციო ნაშრომი აღნიშნულ ჯილდოს ეხმაურება.
ნინო ლობჟანიძის ნაშრომის საკვკლევი თემა გახლავთ „კონკურენცია ქართული მინერალური წყლების ბაზარზე და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის შეფასება“.
„კვლევის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო კონკურენციის ანალიზისა და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის დონის შეფასების საფუძველზე საქართველოს მინერალური წყლების საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. ჩატარებულმა ანალიზმა და კომპლექსურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ქართული მინერალური წყალი საკმაოდ მაღალკონკურენტუნარიანი პროდუქტია და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია არსებული საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ახალ ბაზრებზე პროდუქტის პოზიციონირების მიმართულებით.
ამ თემაზე პირველი სამეცნიერო სტატია გამოვაქვეყნე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში ორმაგი შემოწმების საფუძველზე. სტატიაში მინერალური წყლების კონკურენტუნარიანობის დონესა და ექსპორტს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად შემუშავებული ეკონომეტრიკული მოდელით გამოთვლილი და გაანალიზებულია ამხსნელ და შედეგობრივ ცვლადებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ქართული მინერალური წყლების პროდუქტისათვის გამოვლენილია კონკურენტუნარიანობის დადებითი გავლენა ექსპორტზე“, – განაცხადა თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა ნინო ლობჟანიძემ, რომელმაც 2022-2023 წლებში კვლევა სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელა და რამდენიმე ნაშრომი და მოხსენება, თსუ-ს გარდა, საქართველოს ფარგლებს გარეთაც გააკეთა: ბარსელონას უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრობაზე შემოთავაზებაც მიიღო. ამასთან, ნინო ლობჟანიძე მიწვეული იყო რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ პოლიტეკონომიურ საუბრებზე ლადო პაპავასთან. მან საკვლევ თემაზე გააკეთა საჯარო მოხსენება, რომელშიც შეფასებული ჰქონდა პანდემიისა და ომის მიმდინარე გავლენა და მოსალოდნელი შედეგები მინერალური წყლების ბაზარზე.