ნინო ზირაქაშვილი კიდევ ერთ სემესტრს კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატარებს

თარიღი: 2025-10-03 16:40:40

ნინო ზირაქაშვილი, რომელიც თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სწავლობს, ამჟამად გერმანიაში, კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში იმყოფება. იგი კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მედიის ფაკულტეტზეა. თსუ-მ ნინო ზირაქაშვილს საგაზაფხულო სემესტრის დასრულების შემდეგ კვლავ შესთავაზა კიდევ ერთი აკადემიური სემესტრის დაფინანსება, რომელზეც დათანხმდა.

,,საზღვარგარეთ სწავლა პირადად ჩემთვის ბევრ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. უპირველესად, უცხო გარემოში ადაპტაცია, უცხო ხალხთან კომუნიკაცია და უცხო ენაზე სწავლა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი სწავლის დაწყების პირველ კვირებში, მაგრამ ყველა სირთულესთან ერთად უამრავ ტექნოლოგიურ სიახლეს გავეცანი. ლექციების მიმდინარეობისას, ძირითადად, პრაქტიკულ მიდგომებზე ვიყავით კონცენტრირებული. ასევე გუნდური პროექტების შექმნა ერთ-ერთი გამოწვევა იყო, ვინაიდან წარმოიქმნა გარკვეული ტიპის კომუნიკაციის პრობლემა თანაგუნდელებთან“, – ამბობს ნინო ჩვენთან საუბრისას.

სამი წლის განმავლობაში თსუ-ში სწავლა ნინო ზირაქაშვილისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, უამრავ შესაძლებლობასთან ერთად მან საფუძვლიანი ცოდნა დააგროვა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით პროგრამირების სხვადასხვა საკითხებში. ნინო გვიმხელს სურვილებსაც, რაც თსუ-ს უკავშირდება: ,,ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს/საპრეზენტაციო თემებს  შესთავაზებენ სტუდენტებს სემესტრის განმავლობაში. ასევე ტექნოლოგიური განვითარების მხრივ ახალი მეთოდოლოგიების სტუდენტებისთვის გაცნობაც ნამდვილად კარგი იქნება“.

Facebook
Twitter
LinkedIn