ნინო სიხარულიძემ კვლევა დიდი ბაბუის ტრავმულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო

თარიღი: 2024-06-27 15:45:30

 „კონტრმეხსიერება, როგორც ინდივიდუალური წინააღმდეგობის აქტი“ – ეს მოხსენება წარმოადგინა სტუდენტურ კონფერენციაზე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა ნინო სიხარულიძემ, რომელიც ამ თემით მაშინ დაინტერესდა, როცა მისი დიდი ბაბუის ტრავმულ გამოცდილებას გაეცნო.

,,მეორე მსოფლიო ომის დროს ბაბუაჩემი – გიორგი პიტავა (ფსევდონიმი – სანდრო ბარათელი) გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, რამაც სამუდამოდ გადაწყვიტა მისი ბედი. თუ აქ დაბრუნდებოდა, მაშინ დახვრეტა გარდაუვალი იყო, ამიტომ სამშობლოსა და ოჯახისგან მოწყვეტილმა ამერიკაში განაგრძო ცხოვრება. მისი მთავარი სურვილი იყო შორეული ამერიკიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ბრძოლას. 1952 წელს თანამოაზრეებთან ერთად „ქართველთა დემოკრატიული კავშირი“ დააარსა. ეს იყო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მთელი ქართული ემიგრაციის პოლიტიკური მუშაობის გაერთიანების გზა, რასაც ნოე ჟორდანია ასე გამოეხმაურა: „შეიძლება თქვენ ითაოთ ამ დაბნეული ხალხის თავის მოყრა და გაერთიანება. მიზანი ერთია, დროშა საერთოა, არ მესმის რა აპირდაპირებს ჩვენ თანამემამულეთ ერთი-მეორის წინააღმდეგ“. ბაბუა 1977 წელს „ამერიკის ქართული ასოციაციის“ პრეზიდენტი გახდა, რაც ქართველების გაერთიანებასა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. ეს მხოლოდ მცირე ამონარიდია მისი ბიოგრაფიიდან.

საბჭოთა წარსულის შესწავლა დღესაც საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან სწორედ ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების აწმყოსა და მომავლის ქვაკუთხედი. საბჭოთა სისტემამ და მისმა რეპრესიულმა მანქანამ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა გადარჩენილთა სიცოცხლეც არ ყოფილა უმტკივნეულო. მიშელ ფუკოს თეორიის მიხედვით, საბჭოთა მეხსიერების პარალელურად არსებობდა კონტრმეხსიერება, რომლის მატარებელიც ადამიანთა ის მცირე ჯგუფი იყო, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა რეჟიმის დაწესებულ ცალსახა ჭეშმარიტებებს. სწორედ ეს ჩახშობილი ნარატივები ქმნიდა ალტერნატიულ პერსპექტივებსა თუ აღქმებს და ინარჩუნებდა მრავალფეროვან კულტურულ იდენტობას, რაც პირდაპირ უპირისპირდებოდა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ ჰომოგენიზებულ გარემოს. ჩემი კვლევის მიზანს კი წარმოადგენდა საბჭოთა კონტრმეხსიერების, როგორც სისტემის, მიმართ წინააღმდეგობის ფორმის შესწავლა ქართველი ემიგრანტის (გიორგი პიტავას) ტრავმული გამოცდილების საფუძველზე“, – აღნიშნავს ნინო სიხარულიძე.

თემის ავტორი კვლევის გზით ადგენს, რომ  კონტრმეხსიერების ამოცანას წარმოადგენს ჰეგემონური ნარატივების მიღმა არსებული ჭეშმარიტების დადგენა და „სიმართლის რეჟიმების“ გამოაშკარავება.

,,კონტრმეხსიერება პირდაპირ და მკაფიოდ უპირისპირდებოდა საბჭოთა გამაერთიანებელ მეხსიერებას, რომელსაც წინააღმდეგობრივი მეხსიერებით ანაცვლებდა. საბოლოოდ კი კონტრმეხსიერების ფორმირების ხანგრძლივვადიანი პროცესის საშუალებით იზოლირებულმა თუ მარგინალიზებულმა ჯგუფებმა საკმაოდ მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოთა დომინანტურ დისკურსს“, – ასკვნის სტუდენტი, რომელიც თსუ-ს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული სტუდენტთა XI ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის – „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა“ – ერთ-ერთ წარმატებულ მომხსენებლად დასახელდა.

                                                                ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ვარ პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი. შეგნებული ასაკიდანვე პოლიტიკა და ისტორია იყო ის სფეროები, სადაც ჩემი ინტერესები იყრიდა თავს. აქედან გამომდინარე, დავიწყე იმ პროფესიის ძებნა, რომელიც ჩემს კარიერულ მიზნებსა და სურვილებს შეესაბამებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ სხვა ფაკულტეტის საგნებით შემევსო ჩემი ცოდნა და სწორედ ამ პროცესში აღმოვაჩინე კულტურის კვლევების პროგრამა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავიდანვე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა და სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი და რაციონალური იყო.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტი მაძლევს პროფესიულ, სპეციალიზებულ ცოდნასლ; ასევე, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კვლევისა და  კომუნიკაციის უნარების ფორმირებისა და პიროვნული განვითარების საშუალებასაც.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან გამოვკვეთდი ადმინისტრაციულ პრობლემებსა და სასწავლო სისტემების ხარვეზებს, რაც საკმაოდ დამაბრკოლებელი და სტრესული იყო როგორც ბაკალავრიატის საფეხურზე, ასევე მაგისტრატურაზეც.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ჩემი მთავარი სურვილი არის ის, რომ უნივერსიტეტმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებაც მოგვცეს, მათ შორის, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოცდილებასაც. ეს მეტად ეფექტიანი იქნება როგორც სტუდენტებისათვის, ასევე უნივერსიტეტისთვისაც.
Facebook
Twitter
LinkedIn