ნინო სამსონიას ახალი  მონოგრაფია – „შუამდინარული და ქართველოლოგიური ძიებანი“

თარიღი: 2025-03-31 15:16:14

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორის ნინო სამსონიას ახალ  მონოგრაფიას –  „შუამდინარული და ქართველოლოგიური ძიებანი“, რომელიც  ლურსმულ ტექსტებში დამოწმებული მოდელებისა და შესაბამისი იკონოგრაფიის კომპლექსურ კვლევას წარმოადგენს, უახლოეს მომავალში გამოსცემს უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ავტორის ინფორმაციით, წიგნში თავმოყრილი და ფართო სპექტრით გაშუქებულია უკანასკნელი წლების შუამდინარულ-ქართველოლოგიური ძიებები. წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა  ლურსმული ტექსტებისა და ფიგურების ურთიერთმიმართების საკითხის განხილვას, წარმოდგენილია იკონოგრაფიის ასპექტები –  როგორც  ტექსტებისა და ფიგურების ზუსტი თანხვედრა, ისე ქრონოლოგიური აცდენები. წიგნი ქართველოლოგიურ-შუამდინარული კონტაქტების მომავალი კვლევებისთვის  ერთგვარ გზამკვლევად მოიაზრება. 

„მონოგრაფიაში ჩვენი კვლევა შუმერულ ლურსმულ ტექსტებსა და იკონოგრაფიაზე კომპლექსურ დაკვირვებას ეფუძნება, რაც ძვ. წ. III ათასწლეულს სცდება და ძველაღმოსავლური პერიოდის საერთო სურათს წარმოგვიდგენს. დღეს უკვე  მეცნიერებაში სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაც წინა აზიის კულტურულ ნაწილად მიიჩნევა. წიგნში განხილული საკითხები ძველი ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის კულტურული ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტური უნდა იყოს. ისტორიული საქართველოს ტერიტორიისა და სამხრეთ კავკასიის არქეტიპების შუამდინარული ცივილიზაციების კონტექსტში კვლევა საქართველოს უძველეს ისტორიას ახალი კუთხით გააშუქებს“, – ამბობს ნინო სამსონია.

ენათმეცნიერული წინააღმდეგობების მიუხედავად, ის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია შუმერულსა და ქართულში,  თავმოყრილია ნინო სამსონიას ნაშრომში, რაც ერთიანად იქნება ხელმისაწვდომი. ეს სასარგებლო უნდა იყოს იმ მკვლევართათვის, რომლებიც მომიჯნავე დარგებში მუშაობენ.
ნაშრომში ცალკე ქვეთავი  ეძღვნება არმაზის კერპის წარმომავლობის საკითხის კვლევას, რომლის კვალსაც სამხრეთ შუამდინარულ პანთეონამდე მივყავართ. 

ჩვენი დარგი – „ასირიოლოგია“ – დღემდე მსოფლიოს სულ რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს  დაარსებიდანვე. როდესაც ივანე ჯავახიშვილი თსუ-ს დასაარსებლად კადრებს ამზადებდა, მიხაკო წერეთელი ასირიოლოგიის შესასწავლად  ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მიავლინა. მიხაკო წერეთელი  1919 წლის ბოლოდან საქართველოს ანექსიამდე (1921 წ.) თბილისის უნივერსიტეტში „ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის“ კათედრას უძღვებოდა. ასირილოგიის დაარსება თბილისის უნივერსიტეტში იმთავითვე საქართველოს ისტორიის ფუნდამენტურ შესწავლას გულისხმობდა (ცნობილია, რომ სწორედ ასურულ  და ურარტულ ტექსტებშია პირველი წერილობითი ცნობები ქართველური ტომებისა და გაერთიანებების შესახებ). მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელს თსუ-ში დარგი დაიხურა, ასირიოლოგიის ტრადიცია მაინც გააგრძელეს ქართველმა მეცნიერებმა: თამაზ გამყრელიძემ, გიორგი მელიქიშვილმა, გიორგი წერეთელმა და მისმა მოწაფემ – გრიგოლ გიორგაძემ, რომელმაც 1991 წელს (აკად. ოთარ ჯაფარიძის რექტორობის დროს) უნივერსიტეტში დარგი აღადგინა. ჩვენი მისიაა – ასირიოლოგია, მსოფლიო მეცნიერების ეს ელიტარული დარგი, ჩვენი ქვეყნის ძველი ისტორიის ფუნდამენტურად შესასწავლადაც გამოვიყენოთ და გავაცნოთ საერთაშორისო მეცნიერებას. ეს იყო ჩემი მასწავლებლის, აკადემიკოს გრიგოლ გიორგაძის სურვილი. გრიგოლ გიორგაძეს ეკუთვნის საერთაშორისო ნაშრომი „ხეთოლოგიური და ქართველოლოგიური ძიებანი“ (1999 წ.), რომელსაც მოკრძალებით ვუძღვნი ჩემს ნაშრომს“, – აღნიშნავს ნინო სამსონია.

წიგნის რედაქტორები არიან: პროფესორები – ვახტანგ ლიჩელი და ირინე ტატიშვილი;  რეცენზენტები – ზურაბ ბარათაშვილი და გვანცა ვაჩაძე. რამდენიმე  სტატია, რომლებშიც  წინამდებარე ნაშრომში განხილული საკითხებია,  გამოქვეყნებულია ინგლისურ ენაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn