წინანდლის პრემიის ლაურეატები სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ

თარიღი: 2025-04-15 16:23:08

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულებს ელენე კაცაძეს და ნინო რევაზაშვილს  2024 წლის წინანდლის პრემია მიენიჭა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.  ელენე კაცაძე ამჟამად სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, როჩესტერის უნივერსიტეტში (აშშ), ნინო რევაზაშვილი კი თსუ-ს დოქტორანტი და ფიზიკის დეპარტამენტის ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორიული ლაბორატორიული სამუშაოების გამგეა. ელენეც და ნინოც პროფესორ ნანა შათაშვილის აღზრდილები არიან და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კვლევითი ნაშრომებიც მისი ხელმძღვანელობით განახორციელეს.

მათ პრემია მიენიჭათ ნაშრომისათვის „Jet formation model from accretion discs of electron-ion photon gas“ („ჯეტის ფორმირების მოდელი აკრეციული დისკიდან ელექტრონ – იონურ- ფოტონური გაზით“), რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში – Journal of High Energy Astrophysics (V.43 pp 20-30, 2024,  ავტორები: ელენე კაცაძე, ნინო რევაზაშვილი, ნანა შათაშვილი). 

როგორც ნინო რევაზაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს ნაშრომი პოსტერის სახით იქნა  გატანილი 2024 წელს იტალიაში, ტრიესტში „ICTP Fusion Energy School“-ზე და გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო პოსტერმა. სტატიაში განხილული ამოცანა ეხება ბოლო დროისათვის აქტუალურ პრობლემას, კერძოდ კი – ასტროფიზიკური ჯეტის ფორმირების ამოცანას. „ჩვენ გამოვიყენეთ წონასწორული მიდგომა ასტროფიზიკური დისკი-ჯეტის ფორმირებისა ბელტრამი-ბერნულის დინების მოდელზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ამოცანაში განხილული გახლდათ რეალისტური პირობები, კერძოდ კი, გათვალისწინებული იყო ფოტონური გაზის არსებობაც, თუმცა რელატივისტური მიდგომა სრულად არ გათვალისწინებულა“, – გვითხრა ნინომ.

ის ამჯერადაც პროფესორ ნანა შათაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს  წონასწორული ასტროფიზიკური დისკი ჯეტის ფორმირების ამოცანაზე, რომელშიც უკვე გათვალისწინებული იქნება რელატივისტური ეფექტები უფრო გაფართოებით. ასევე გათვალისწინებული იქნება მატერიის თვით-გრავიტაციის მოვლენაც. დოქტორანტურაში სწავლის პარალელურად ნინო ახერხებს ჩართული იყოს სასწავლო პროცესშიც. მისი თქმით, ობსერვატორიული ლაბორატორია ეხმარება მას სტუდენტების მოზიდვაში. „ეს ლაბორატორია აღდგა მეორე კორპუსში არსებული ასტრონომიული დაკვირვებითი სტრუქტურული ერთეულის ბაზაზე და იმედი გვაქვს ახალგაზრდების მოზიდვისა/დაინტერესებისა; გარდა ამისა, ლაბორატორიას აქვს შემეცნებითი დანიშნულება ფიზიკის მიმართულების სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის. გვაქვს პლანეტარიუმი, რომელიც სასწავლოდ საკმაოდ მაღალი დონის სიმულაციებისთვისაა განკუთვნილი – მაგალითად, შესაძლებელია ნებისმიერი დროის მომენტისა და ნებისმიერი დამკვირვებლისთვის დედამიწიდან ღამის ცის სიმულაცია. აგრეთვე გვაქვს ტელესკოპი, რომელიც, თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, სასწავლოა, მაგრამ გარკვეული დაკვირვებების საშუალებასაც იძლევა და სტუდენტს/მოსწავლეს გამოუმუშავებს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც სამომავლოდ დაკვირვებითი ასტროფიზიკისა და ასტრონომიის დარგში მომუშავე ადამიანს დასჭირდება“, – ამბობს იგი.

ნინო სულ მალე დაასრულებს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას. მანამდე კი ჩართულია სასწავლო პროცესში როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე, ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებსა და სემინარებს, რაც, მისი თქმით, კიდევ მეტ მოტივაციას აძლევს სამომავლო საქმიანობისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn