ახალი გამოკვლევა აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებებზე
აფხაზური და ოსური ენები იუნესკოს ენათა დეპარტამენტის მიერ გადაშენების საფრთხის პირას მყოფ ენებად არის აღიარებული. ამ პრობლემაზე აქცენტირებით თსუ-ს ფილოლოგიის დოქტორმა, თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ნინო პოპიაშვილმა ახალი გამოკვლევა მიუძღვნა აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებებს. ამ საკითხების კვლევაზე მას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს, მაგრამ ახალი კვლევა პირველი კომპლექსური სამეცნიერო გამოკვლევაა და წარმოადგენს მეცნიერულად შეუსწავლელ საკითხს. სამეცნიერო ნაშრომში განხილულია აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებები მე-18 საუკუნიდან, ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საბჭოთა ეპოქასა და პოსტსაბჭოთა საქართველოში. კვლევაში სათანადო ადგილი ეთმობა აფხაზური და ოსური ენების სწავლების თანამედროვე მდგომაროებას როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და სამხრეთ ოსეთში.
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გადაიდგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი: კერძოდ, ქართულ ენაში მომზადების საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამაში 2016 წლიდან უკვე შესაძლებელია ჩაერთონ აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი აბიტურიენტები; აფხაზურ ენასა და ლიტერატურაში და ოსურ ენასა და ლიტერატურაში დაწესებულია ერთიანი ეროვნული გამოცდები; 2017 წლიდან მოქმედებს სპეციალური პროგრამები აბიტურიენტებისათვის და სხვ. ეს საკითხები დღემდე არ ყოფილა სამეცნიერო განხილვის საგანი, რაც ჩემი ერთ-ერთი მოტივაცია იყო – შემესწავლა აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა“, – ამბობს მკვლევარი.
ნაშრომში, როგორც აღვნიშნეთ, განხილულია აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებები მე-18 საუკუნიდან თანამედროვე ეპოქის ჩათვლით. ნაშრომიდან ჩვენი აქცენტი მიმართულია აფხაზური და ოსური ენების სწავლების ანალიზზე პოსტსაბჭოთა საქართველოში. ,,კვლევა დავყავით ორ ნაწილად: აფხაზური და ოსური ენების სწავლება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აფხაზური და ოსური ენების სწავლება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავატარეთ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს, შევხვდი მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სკოლების ადმინისტრაციას.
რასაკვირველია, ჩვენთვის გამოწვევა იყო კვლევების ჩატარება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც მოვახერხეთ ჩვენი მრავალწლიანი მუშაობისა და თანამშრომლობის შედეგად. მოვიპოვეთ სტატისტიკური მონაცემები აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ეს მონაცემები პირველად შემოდის ქართულ სამეცნიერო სივრცეში. სტატისტიკური მონაცემები ჩვენი სადისერტაციო ნაშრომის მიზნებისა და ამოცანების მიხედვით დამუშავდა ჩვენ მიერ, კერძოდ, ყურადღება მივაქციეთ საგანმანათლებლო სივრცეს, სკოლამდელ, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებას, განსაკუთრებულად დავამუშავეთ აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხები“, – აღნიშნავს ნინო პოპიაშვილი.
რა აჩვენა კვლევამ?
,,ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ აფხაზური და ოსური ენების სწავლება დასაწყისიდანვე მიმდინარეობდა ქართული საგანმანათლებლო სივრცეების ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით. აფხაზური და ოსური ენებისათვის მე-18/მე-19 საუკუნეებში პარალელურად შეიქმნა სლავური და ქართული ანბანების საფუძველზე ორი ანბანი. აფხაზურის შემთხვევაში ქართული ანბანი ამ პერიოდში არ გამოიყენებოდა, ხოლო ოსურის შემთხვევაში ქართული (ნუსხური და მხედრული) დამწერლობები გამოიყენებოდა სამხრეთით მცხოვრებთათვის. ქართულ შრიფტზე დაფუძნებული ანბანით გამოიცემოდა წიგნები, იწერებოდა სახელმწიფო დოკუმენტები… აფხაზური და ოსური ენების სწავლებისას რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ურთიერთმსგავსია. აფხაზური და ოსური ენების სწავლებასთან ერთად, ჯერ რუსეთის იმპერიაში, შემდგომ – საბჭოთა კავშირში და დღესაც, ძირითადად, გამოიყენება რუსულენოვანი სწავლება. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წ.წ.) არსებობდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების გამოყენებისა და ამ ენებზე სწავლების შესაძლებლობები.
მე-20 საუკუნის 30-50-იან წლებში აფხაზური და ოსური ენებისათვის (სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე) გამოიყენებოდა ქართული ანბანი, ხოლო ძირითადი სწავლების ენა იყო ქართული. 1954 წლიდან კვლავ შეიცვალა აფხაზური და ოსური ენების ანბანი და ძირითადი სწავლების ენა – რუსულით. აფხაზური და ოსური ანბანების ხშირი ცვლილება საფრთხეს უქმნიდა აფხაზურ და ოსურენოვან საგანმანათლებლო პროცესს, ორიგინალური აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ლიტერატურის შექმნას. მე-20 საუკუნის 60-80-იანი წლებში აფხაზური და ოსური ენების სწავლება ხასიათდება სტაბილურობით. ამ პერიოდში აღარ ხდება ანბანთა ცვლილება, გამოიცემა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლას აგრძელებენ თბილისის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში წარმოქმნილმა ქართულ-ოსურმა და ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტებმა და შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა, ასევე, 2008 წლის ომმა, მნიშვნელოვნად დააზარალა საგანმანათლებლო პროცესები, მათ შორის, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და ქართულენოვანი განათლება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზური და ოსური ენების სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტში. სკოლებში ენის სწავლებას არ აქვს ოფიციალური ენის სტატუსი. აფხაზური და ოსური ენების მასწავლებლებისათვის არ ტარდება მეთოდური ტრენინგები. საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზური და ოსური ენები შესაბამის სკოლებში ისწავლება სავალდებულო სტატუსით დაწყებით სკოლაში, ხოლო შემდგომ სწავლების ძირითადი ენა არის რუსული. აფხაზური და ოსური ენები და ლიტერატურები ისწავლება ბოლო კლასის ჩათვლით. საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, კერძოდ, გალისა და ახალგორის/ლენინგორის რაიონებში ქართულენოვან მოსახლეობას შეზღუდული აქვს ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღების საშუალება. ორივე რაიონში შეინიშნება ქართულენოვანი სასკოლო განათლების შეზღუდვის ტენდენცია. საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რამდენიმე ინიციატივასა და პროგრამას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის. აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა. აფხაზური და ოსური ენები გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ენებია. აშკარაა, რომ ამ ენებზე სულ უფრო მცირდება ახალი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, ლიტერატურული და სამეცნიერო ტექსტების თარგმნა. რუსული ენა დიდ გავლენას ახდენს აფხაზური და ოსური ენების მოხმარებაზე, რუსულენოვანი სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება იწვევს აფხაზურ და ოსურ ენებზე ორიგინალური ლიტერატურისა და თარგმანების შემცირების ტენდენციას. აფხაზური და ოსური ენების სწავლება როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საჭიროებს გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ნინო პოპიაშვილის მიერ წარმოებულ კვლევაში.

საკვალიფიკაციო ნაშრომი – „აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებები“ – თსუ-ს ლექტორმა ნინო პოპიაშვილმა ახლახანს წარმოადგინა და მას განათლების მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიენიჭა. როგორც ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი აცხადებს: „საკითხის ობიექტურად და სიღრმისეულად შესწავლა მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქართული პედაგოგიური ისტორიისათვის, ასევე, აფხაზური და ოსური ენების სწავლების როგორც ისტორიის, ისე სამომავლო პერსპექტივებისათვის. კვლევა საჭირო და გამოსადეგი იქნება მეცნიერული, სამშვიდობო, საერთაშორისო თვალსაზრისით“.
