ნინო მამულაშვილმა მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში გაიმარჯვა

თარიღი: 2023-03-18 15:14:27

„დიდი ბედნიერებაა, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა სიაში საკუთარ თავს ხედავ“, – აცხადებს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  სტუდენტი  ნინო მამულაშვილი, რომელმაც თსუ-ს მიერ გამოცხადებულ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში გაიმარჯვა.

„როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს: „სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. თუ კაცი სტუდენტი არ ყოფილა, იგი ვერასდროს ვერ გაიგებს სტიპენდიით განცდილ სიხარულს…“ 

მართლაც, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შრომობ და შრომა გიფასდება. უკვე მესამე კურსს ვხურავ და ამ ხნის მანძილზე უამრავი სახელმწიფო სტიპენდია და შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება მოვიპოვე, თუმცა პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მონიჭება სულ სხვა ემოცია იყო,  ამასთნ ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც. ახლა კი უფრო მეტად მაქვს მოტივაცია, რომ უფრო შემართებით, ხალისით და ინტერესით ვისწავლო.

დიდი ბედნიერებაა, როდესაც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა სიაში ხედავ საკუთარ თავს“, – ამბობს ნინო, რომელსაც სკოლის  ასაკიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ესწავლა.

 „ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება მაშინ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას შესაბამისი პროფესიის არჩევისა. არჩევანის გაკეთება კი საკმაოდ რთულია, ვინაიდან არ ვიცით – რა პერსპექტივას გვთავაზობს ესა თუ ის მიმართულება.

მე უკვე სკოლის საბაზო საფეხურზე საფუძვლიანად მქონდა გადაწყვეტილი, რომ მესწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. იქიდან გამომდინარე, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრო შენი მომავალი პროფესიული ბედი, მიმაჩნია, რომ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სწავლა ნამდვილად დასაფასებელია, თუკი რეალურ ცოდნას მივიღებთ აღნიშნულთან დაკავშირებით.

რატომღაც ყოველთვის მიჭირდა თავი სხვა სფეროში წარმომედგინა, ამიტომ დიდი ფიქრი არც დამჭირვებია  – სურვილი და ინტერესი იმდენად დიდი მქონდა. ისიც კარგად ვიცოდი,  რომ მიზნის მიღწევა მარტივი არ იქნებოდა, ამისათვის კი თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა. თუმცა შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანდასახულობა, თავდაჯერებულობა და მონდომება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ის უნივერსიტეტია, რომელიც მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების ღირსეულ აღზრდასა და განათლებაზე. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ამ დიდი ოჯახის წევრობისა“, – აღნიშნავს მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიატი, რომელიც პროფესიის სწორად შერჩევას დიდი ყურადღებით მოეკიდა და ამასვე ურჩევს თანატოლებს,  რომლებიც  ჯერ კიდევ აბიტურიენტები არიან.  

„თანამედროვე სამყაროში უამრავი გამოწვევის წინაშე გვიწევს ყოფნა. ვსწავლობთ სხვა მიმართულებით და ვსაქმდებით სრულიად სხვა გარემოში, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ აბიტურიენტები რატომღაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ პროფესიის სწორად შერჩევას. ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ძალიან რთულია შრომის ბაზარზე დასახელდეს ისეთი სექტორი, რომელიც შეიძლება არ საჭიროებდეს ამ დარგის მქონე სპეციალისტს. ამიტომაც ამ მიმართულების მქონე სტუდენტებს ნაკლებად სჭირდებათ დასაქმების პერსპექტივაზე ფიქრი.

იგი საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ლიდერობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, გვეხმარება გლობალური აზროვნების ჩამოყალიბებაში, პიროვნულად განვითარებაში, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავებაში, კრეატიულობაში, კონკურენტუნარიანობის შეძენაში, კომუნიკაბელურობის დახვეწასა და სხვა“, -აცხადებს ნინო მამულაშვილი, რომელიც  პროფესორ-მასწავლებლებზე დიდი პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობს  და კმაყოფილია, რომ სწავლების ხარისხთან დაკავშირებით მოლოდინები ნამდვილად გაუმართლდა.

„უნივერსიტეტში სწავლა  პანდემიის პერიოდში დავიწყე და თითქმის ორი წელი დისტანციურად  სწავლა მომიწია, თუმცა ეს წლები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა,   ვინაიდან უფრო მეტი დრო მქონდა განვითარებისთვის. მაგრამ სულ სხვაა რეალურ გარემოში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მუშაობა.

იმ მოლოდინმა, რაც მქონდა, ნამდვილად გამიმართლდა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს ნამდვილად ღირსეული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შესაფერისი განათლება მოგვცენ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც მუდმივად გვერდში გვიდგანან და ჩვენს განვითრებასა და წარმატებას იმედიანად შეჰყურებენ“, – აღნიშნავს ნინო, რომელიც თვლის, რომ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივი არ არის…

„საკუთარი თავის დამკვიდრება შრომის ბაზარზე მარტივი ნამდვილად არ არის,  ვინაიდან არის გარკვეული სირთულეები, გამოწვევები, გაურკვევლობები, მაგრამ თუ მტკიცედ და თავდაჯერებულად შევხვდებით ამ პატარა წარუმატებლობებს და მას ჩვენი მიზნის მიღწევისათვის დადებითად გამოვიყენებთ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მოპოვების მთავარი ფაქტორია საკუთარი პროფესიის უანგარო სიყვარული, წარმატებისათვის შრომა და მზადყოფნა სირთულეების დაძლევისა“, – აცხადებს ნინო, რომელიც ახალგაზრდების იმ ნაწილზეც ფიქრობს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს  – უმაღლესი განათლება მიიღოს.

„დღეს ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს სტუდენტებს, რომ ცოდნა გავიღრმავოთ,  საინტერესო და მრავალფეროვანი ინფორმაცია მივიღოთ და  საკუთარი თავის რეალიზება შევძლოთ. თუმცა ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მოწყვეტილია სტუდენტურ ცხოვრებას, ვინაიდან ფინანსური მდგომარეობის გამო ისინი უარს უმბობენ სწავლაზე. კარგი იქნება, თუ უფრო მასშტაბურად იქნება შესაძლებლობა, რომ თითოულ მათგანს ჰქონდეს ხარისხიანი განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  უნივერსიტეტის მხრიდან გარკვეული სტიპენდიები სტუდენტებისათვის არის სტიმულის მიმცემი, რაც კიდევ უფრო  ზრდის ჩვენი სწავლის ხარისხის ეფექტიანობას“, – ამბობს ნინო.

„დღეს მესამე კურსის სტუდენტი ვარ და  წინ კიდევ დიდი დრო მაქვს იმისათვის, რომ განვვითარდე და შრომის ბაზარზე ღირსეული კონკურენცია გავუწიო ჩემს კონკურენტებს. დღეს უკვე ვმუშაობ თიბისი ბანკში ჩემი მიმართულებით და მგონია, რომ კარგი დასაწყისია, ვინაიდან, თეორიულ ცოდნასთან ერთად,  პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვიღებ.

თსუ მაძლევს სწავლასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას, ცოდნას, განვითარების წინაპირობებს, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას, რაც მეტად მიწყობს ხელს წარმატებული ვიყო“, – დასძენს ნინო, რომელიც უდიდეს პატივისცემას გამოხატავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიმართ და თვლის, რომ თითოეული  სტუდენტის წარმატება და განვითარება სწორედ მათი საქმიანობის დამსახურებაა. 

Facebook
Twitter
LinkedIn