სად წამოჭრა ნინო მაისურაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ნინო მაისურაძე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლობდა.
,,საზღვარგარეთ სწავლამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. გარდა იმისა, რომ მივიღე დარგობრივი განათლება და გავიღრმავე ცოდნა საერთაშორისო სამართალში, საზღვარგარეთ სწავლამ გამაცნო ახალი ადამიანები (სტუდენტები, ლექტორები, ცნობილი ადამიანები), რომლებთან მეგობრობასა და თანამშრომლობას დღემდე აქტიურად ვაგრძელებ. ვფიქრობ, საზღვარგარეთ სწავლისას ყველაზე რთული იყო ადაპტაციის პროცესი, თუმცა ჩემი ოჯახის თანადგომა ძალიან დამეხმარა ყველა სირთულის გადალახვაში.
ჰელსინკში სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა მნიშვნელოვან, საერთაშორისო დონის ღონისძიებებში. მათ შორის მონაწილეობა მივიღე ჰელსინკის უსაფრთხოების ფორუმში (Helsinki Security Forum 2023) და აგრეთვე მოხსენებით წარვსდექი ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჰელსინკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამართლის უზენაესობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
სიტყვით გამოსვლისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ჩვენს უცხოელ კოლეგებს შევახსენე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე განგრძობადი ოკუპაციის საკითხი, რამაც მათში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია.
ეს საკითხი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, ვინაიდან 2008 წელს ჩემი თვალით ვნახე რას ნიშნავს ომის საშინელება და ის სისასტიკე, რასაც ქართველების მიმართ ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ფინეთში სწავლის პერიოდი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა კუთხით. მიხარია, რომ ჩემი და უცხოელი კოლეგების მეგობრობა გრძელდება და წელს რამდენიმე მათგანი კვლავ აპირებს საქართველოში ვიზიტს“, – ამბობს ნინო მაისურაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ ნინოს დაანახა – თუ რამდენად მნიშვნელოვანია იურისტისთვის, საფუძვლიანი განათლების მიღებასთან ერთად, კონკურენტულ გარემოში საკუთარი თავის დამკვიდრების უნარი. ,,უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები დამეხმარა არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ პროფესიულ ზრდაში. უნდა აღვნიშნო, რომ თსუ ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია, რომელმაც არაერთი ღირებული და ძვირფასი მეგობარი შემძინა. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო არაერთი გამოწვევით სავსე, თუმცა საინტერესო და შემოქმედებითი პერიოდი. მიხარია, რომ ჩემი და თსუ-ს ურთიერთობა კვლავ გრძელდება ახლა უკვე მაგისტრატურის საფეხურზე და მინდა გითხრათ, რომ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან ერთად წინ კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა მაქვს“, – აღნიშნავს ნინო მაისურაძე, რომელიც ნატრობს – მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს უნივერსიტეტში დასაქმებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.