სინოლოგიის მიმართულების 6 სტუდენტი სექტემბრიდან სწავლას ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს

თარიღი: 2025-07-02 19:12:58

თსუ-ს სინოლოგიის მიმართულების 6 სტუდენტი, სათანადო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიმწვევი მხარის სრული დაფინანსებით: ნინო ხუბულავა – (ჭეძიანგის უნივერსიტეტი), ირინე ახობაძე – (ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი), მარიამ ხუციშვილი, მარიამ ლურსმანაშვილი – (ჭენგჭოუს უნივერსიტეტი), ლალი ღვინიაშვილი, აკაკი ბალანჩივაძე – (ნანკინის უნივერსიტეტი).  გაზეთის რედაქცია წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს და გთავაზობთ ერთ-ერთი სტუდენტის, ნონო ხუბულავას მიერ განვლილ გზას წარმატებისაკენ.

ნინო ხუბულავა ამჟამად თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. მისი  ძირითადი სპეციალობაა საერთაშორისო ურთიერთობები, ხოლო დამატებითი – სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. კითხვაზე – თუ რატომ აირჩია სასწავლებლად თსუ, გვპასუხობს: „სკოლის ასაკიდან თსუ-ში სწავლა ჩემი მთავარი მიზანი იყო, რადგან სწორედ აქ არის  მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები, შესაბამისად, ფართო არჩევანის და რეალიზების საშუალება.  აქ გატარებულმა წლებმა დამარწმუნა,  რომ ოცნებები ხდება“,  – ამბობს ნინო.

თავდაპირველად უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა, რადგან ბავშვობიდან დიპლომატობაზე ოცნებობდა. როდესაც   მეორე სავალდებულო ენად ჩინური აირჩია, ენის შესწავლის პარალელურად,   ნანა გელაშვილთან გაიარა „ჩინური კულტურა“ და „შორეული აღმოსავლეთის რელიგიები“. „საბოლოოდ თავად ჩინურმა ენამ, მისმა მდიდარმა კულტურამ და უძველესმა ისტორიამ იმდენად დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე – ჩემი კარიერა სწორედ სინოლოგიისთვის და ამ დარგის კვლევებისთვის დამეკავშირებინა. ორ სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლა არ ყოფილა მარტივი. გარკვეული პროცედურები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ ამ პროცესში მიმართულების ხელმძღვანელი მუდამ მეხმარებოდა“,  – ამბობს ნინო.

მისი თქმით,  ენის შესწავლის კუთხით ფასდაუდებელია თავისი პედაგოგების წვლილი. „თავდაპირველად ჩინურ ენას ანა გოგუაძე და ლი ძიენფენგი მასწავლიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩინურის სწავლის პროცესში ქალბატონი ანა მუდამ იყო ჩემი პირველი მოტივატორი და უდიდეს სტიმულს მაძლევდა.  უნივერსიტეტის ბოლო წელს ჩინურს ქალბატონი თეონა გელაშვილი მასწავლიდა. ამიტომ, პირველ რიგში, ჩინეთის მიმართ ინტერესმა და იმ გარემომ, რომელიც მიმართულებაზე დამხვდა, საბოლოოდ გადამაწყვეტინა  – მომავალში მეც შემეტანა წვლილი დარგის განვითარებაში“.

. . .

ნინო ხუბულავა სექტემბრიდან სწავლას  ჭეძიანგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად. ირინე ახობაძემ წარმატებით მოიპოვა უნივერსიტეტის დაფინანსება და სწავლას ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტში გააგრძელებს. მარიამ ხუციშვილი და მარიამ ლურსმანაშვილი ხენანის პროვინციის სტიპენდიით სწავლას გააგრძელებენ ჭენგჭოუს უნივერსიტეტში. ჩინეთის სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვეს ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ ორმა სტუდენტმა – აკაკი ბალანჩივაძემ და ლალი ღვინიაშვილმა, რომლებიც ნანკინის უნივერსიტეტში ისწავლიან.  ხუთივე სტუდენტმა ჩინური ენა სინოლოგიის მიმართულებაზე შეისწავლა.

ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად სტუდენტებმა რთული გზა გაიარეს. „კონკურსში გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო და შანსები – მცირე. პირველი ეტაპი საჭირო დოკუმენტების მომზადებას მოიცავდა. მრავალრიცხოვან საბუთთა შორის იყო რეკომენდაციის წერილებიც, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გელაშვილსა და უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ჯაბა სამუშიას. კონკურსში გამარჯვების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩინურ ენაზე საელჩოსთან გასაუბრება იყო. ამიტომ, ყველაზე დიდი დაბრკოლება, ალბათ, მეტყველების დახვეწა გახლდათ. ჩინურის სწავლა ისედაც რთულია, მაგრამ ჩინურად გამართულად მეტყველება ორმაგ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა, ჩინელი ლექტორი ლი ძიენფენგი ძალიან დამეხმარა.

კონკურსის შემდგომი ეტაპი უკვე კანდიდატის დოკუმენტაციას ეხება. ამისთვის წლების მანძილზე ვემზადებოდი. ქალბატონი ნანა გელაშვილისა და ანი გოგუაძის ხელმძღვანელობით, კვლევები წარვადგინე 10-მდე სამეცნიერო კონფერენციაზე. მონაწილეობა მივიღე ჩვენი მიმართულების მიერ გამართულ სხვადასხვა აქტივობაში. ამ აქტივობისა და კვლევის პარალელურად, ვახერხებდი მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნებას, არაერთხელ მოვიპოვე სახელმწიფო სტიპენდია, რამაც შედეგებზე გავლენა იქონია“,  – იხსენებს ნინო. 

ჩინეთში სტუდენტები ერთი წლის განმავლობაში დაეუფლებიან ჩინურ ენას. ნინო ამბობს, რომ მათი   მოლოდინები ძალიან დიდია,  რადგან ეს უნივერსიტეტები სწავლების მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო რეპუტაციით გამოირჩევიან. 

„ამასთანავე, უდიდესი მოლოდინები მაქვს ჩემი თავისგანაც. ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად კულტურულად და აკადემიურად წარვადგინო ჩემი უნივერსიტეტი და ქვეყანა. სამომავლოდ, ჩემი მიზანია – სწავლა გავაგრძელო ჯერ მაგისტრატურაზე, შემდეგ კი დოქტორანტურაზე. ვაპირებ – ჩემი მომავალი კვლევებსა და აკადემიურ საქმიანობას დავუკავშირო. ვისურვებდი, მომავალში ჩემი მიღებული ცოდნა და გამოცდილება მშობლიურ უნივერსიტეტს მოვახმარო და აქტიურად შევუწყო ხელი სინოლოგიის დარგის განვითარებას“,  – ამბობს ნინო ხუბულავა. 

Facebook
Twitter
LinkedIn