რა გამოცდილებას უზიარებს ნინო კალანდაძე სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის კონკურსში გასამარჯვებლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას – გახდნენ გლობალური სამყაროს ნაწილი, გაიფართოონ თვალსაწიერი და მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. სწორედ ასეთი მიზანდასახული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდაა ნინო კალანდაძე — თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი. ნინოს სტუდენტური წლები მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ შემოფარგლულა: მაღალი აკადემიური მოსწრება, საუნივერსიტეტო სტიპენდია, აქტიური მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებსა თუ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში — ეს იმ შრომისა და მონდომების არასრული ჩამონათვალია, რამაც მას ევროპული განათლებისკენ გზა გაუხსნა. სულ ახლახან მან წარმატებით დაასრულა სწავლა გერმანიაში, იუსტუს ლიბიგის გისენის უნივერსიტეტში (Justus Liebig University Giessen), საიდანაც უმდიდრესი აკადემიური და პიროვნული გამოცდილებით დაბრუნდა.
საზღვარგარეთ სწავლა ნინოსთვის უეცრად მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს იყო დიდი ხნის ოცნება და მიზანი, რომლისკენაც იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. „შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ სწავლის სურვილი ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა. რაც თავი მახსოვს, ჩემს მშობლებსაც ხშირად უთქვამთ, რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა მეცადა საზღვარგარეთ სწავლა. ამიტომ ეს მიზანი ჩემთვის ყოველთვის არსებობდა და მის მისაღწევად ნამდვილად ბევრს ვშრომობდი“, — იხსენებს ნინო.
სწორედ თსუ-ის მდიდარი საერთაშორისო პარტნიორობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მან არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა. თუმცა, კონკურსში გამარჯვება და ევროპულ უნივერსიტეტში მოხვედრა დაუღალავ მომზადებას მოითხოვდა: „ვიცოდი, რომ თსუ ძალიან აქტიურად სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, პროგრამაში მონაწილეობას წინ უძღვის შრომა: კარგი აკადემიური მოსწრება, სემესტრების და გამოცდების კარგად ჩამთავრება. ამასთან ერთად, უცხო ენის სერტიფიკატის აღება და ყველაზე მნიშვნელოვანი — გასაუბრების კარგად გავლა.“
კონკურსის პროცესზე საუბრისას ნინო ხაზს უსვამს იმ ფსიქოლოგიურ ბარიერს, რომლის გადალახვაც ყველა სტუდენტისთვის გადამწყვეტია: „კონკურსის ერთ-ერთი სირთულე ნამდვილად მაღალი კონკურენციაა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ბარიერი მაინც საკუთარი თავის რწმენაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიჯერო, რომ შენც იმსახურებ ამ შესაძლებლობას და რომ ამის გაკეთება შეგიძლია. სწორედ ამ განწყობით უნდა შეხვიდე გასაუბრებაზე… როდესაც გაცვლით პროგრამაზე შერჩევის წერილი მივიღე, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელი მომენტი იყო.“
გერმანიაში, გისენის უნივერსიტეტში გატარებულმა სემესტრმა ნინოს ახალი აკადემიური პერსპექტივები გადაუშალა. განსხვავებულმა საგანმანათლებლო გარემომ მას საშუალება მისცა, შეედარებინა ქართული და გერმანული სწავლების მეთოდები. „სწავლების მეთოდებში რამდენიმე საინტერესო განსხვავება დავინახე. მაგალითად, გერმანიაში ძირითადად სემინარები მქონდა და ლექტორის მიერ მასალის უბრალოდ ახსნაზე მეტად ყურადღება ეთმობოდა დისკუსიასა და სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას. ლექტორი წინასწარ გვაწვდიდა საკითხავ მასალას და ჩვენ თავად უნდა მოვმზადებულიყავით შემდეგი სემინარისთვის. სემინარზე კი ამ მასალას სხვადასხვა ფორმით განვიხილავდით — ხან ერთმანეთთან დისკუსიის სახით, ხან ლექტორი სვამდა კითხვებს, ხან თავად სტუდენტები ვსვამდით კითხვებს. ზოგ შემთხვევაში ჯგუფებადაც ვიყოფოდით და კონკრეტულ საკითხზე მომზადებული მასალა სხვა სტუდენტებისთვის ჩვენ უნდა წარგვედგინა.“
განსაკუთრებული ადგილი გერმანულ საგანმანათლებლო სისტემაში კვლევით და აკადემიურ კომპონენტს უკავია, სადაც აქცენტი ინდივიდუალურ მუშაობაზე კეთდება: „განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აკადემიურ ნაშრომებსაც. თითქმის ყველა საგანში სემესტრის ბოლოს გამოცდის ნაცვლად ნაშრომის დაწერა იყო საჭირო. ამ პროცესში ლექტორთან ინდივიდუალური შეხვედრებიც გვქონდა, სადაც შესაძლებელი იყო თემის შერჩევა, იდეების განხილვა და რეკომენდაციების მიღება.“
ნინომ ყურადღება გაამახვილა კურიკულუმების თავისებურებებზეც, რაც თსუ-სა და გისენის უნივერსიტეტს შორის საინტერესო კონტრასტს ქმნის: „კიდევ ერთი საინტერესო განსხვავება ის იყო, რომ თსუ-ში ხშირად უფრო ფართო და გლობალურ საკითხებს ვსწავლობთ, მაშინ როცა იქ შეიძლება ერთი კონკრეტული საგანი ძალიან კონკრეტულ საკითხს, პრობლემას ან ქვეყანას ეძღვნებოდეს. ორივე მიდგომას თავისი უპირატესობა აქვს და ჩემთვის მათ ერთმანეთთან შედარება ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.“
საზღვარგარეთ გატარებული დრო მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებას არ ნიშნავს; ეს არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი პიროვნული ჩამოყალიბებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისთვის. „ერთი სემესტრის საზღვარგარეთ გატარებამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და, ალბათ, ყველაზე მეტად საკუთარი თავი უკეთ დამანახა. ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ისეთ სიტუაციებთან გამკლავება, რომლებიც თავიდან შეიძლება გამოუვალი მეჩვენებოდა. ამ გამოცდილებამ ძალიან გამიზარდა საკუთარი თავის რწმენა და ვგრძნობ, რომ ახლა უფრო ძლიერი, გაბედული და თამამი ვარ“, — აღნიშნავს ნინო.
საერთაშორისო გარემო ასევე გახდა ახალი მეგობრობისა და კულტურათაშორისი დიალოგის საუკეთესო პლატფორმა: „ამასთან ერთად, შესაძლებლობა მქონდა, კომუნიკაცია მქონოდა ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანთან. გავიცანი არა მხოლოდ გერმანული კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, მათი კულტურა, ტრადიციები და განსხვავებული შეხედულებები. ვფიქრობ, სწორედ ეს მრავალფეროვნება იყო გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი.“
მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებულმა სტუდენტმა კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო იმ ბაზისის ფასი, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის აღზრდილებს აძლევს: „თსუ-ში სწავლამ ბევრი რამ შემძინა როგორც პროფესიული და აკადემიური, ისე პიროვნული თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როცა გაცვლითი პროგრამიდან დავბრუნდი, კიდევ უფრო კარგად დავინახე, რამდენად მრავალფეროვან და საინტერესო საკითხებს ვსწავლობთ თსუ-ში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო ცოდნას არ გვაძლევს. სწავლის პროცესში ვიღებთ ზოგად განათლებასაც, გვივითარდება კრიტიკული აზროვნება და სხვადასხვა საკითხის განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის უნარი.“
ახლა ნინო კალანდაძე ბაკალავრიატის ფინალურ ეტაპზეა და აქტიურად ემზადება მომავალი გამოწვევებისთვის. გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ მას სამომავლო გეგმების დასახვაში კიდევ უფრო მეტი თვითდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა შესძინა. „პირველ რიგში, მინდა, რომ ბაკალავრიატი წარმატებით და კარგად დავასრულო. ამის შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ამ ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მაგისტრატურაც უცხოეთში გავიარო. გაცვლითმა პროგრამამ ამ სურვილში კიდევ უფრო დამარწმუნა და ახლა უკვე უფრო მეტად მინდა, რომ მომავალშიც მქონდეს მსგავსი საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება.“
ნინო კალანდაძის ისტორია კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ თსუ-ის სტუდენტებისთვის საზღვრები არ არსებობს — დაუღალავი შრომით, მიზანდასახულობითა და საკუთარი თავის რწმენით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.
