საზღვარგარეთ სწავლა და უნიკალური შესაძლებლობები

თარიღი: 2024-10-05 12:28:49

,,საზღვარგარეთ სწავლამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა  – გამეზარდა როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ჰორიზონტი. სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან კომუნიკაცია და სამუშაო გამოცდილება ხელს უწყობდა პიროვნულ ზრდას და თვითდამკვიდრებას. მიმღები უნივერსიტეტი გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვანი აკადემიური გარემოთი და განათლების მაღალი სტანდარტით, რამაც შესაძლებლობა მომცა ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გამეღრმავებინა“, – ამბობს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ნინო ჯოხაძე, რომელმაც, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ერთი სემესტრი ისწავლა.

,,ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლების მეთოდები უფრო პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისკენ იყო მიმართული. აქცენტი კეთდებოდა დამოუკიდებელ კვლევებზე, ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიებზე. თსუ-ში კი სწავლა უფრო მეტად თეორიულ მიმართულებას მისდევს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაც სასარგებლო იქნებოდა“, – აღნიშნავს ნინო ჯოხაძე.

როგორც სტუდენტი ამბობს, ISET-ში სწავლამ მისცა მყარი აკადემიური საფუძველი – ის ცოდნა და უნარები, რომლებიც შემდგომში წარმატებით გამოიყენა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას.

Facebook
Twitter
LinkedIn