ნინო ჯავახიშვილი — მეცნიერი, რომელმაც ქართული მორფოლოგიის ისტორიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

თარიღი: 2026-10-14 19:01:39

საქართველოს მორფოლოგიური მეცნიერების ისტორიაში ნინო ჯავახიშვილის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი იყო მეცნიერი, პედაგოგი, აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე და, რაც მთავარია, დიდი სამეცნიერო სკოლის გამგრძელებელი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში შექმნა და განავითარა ქართული ექსპერიმენტული მორფოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს.

ნინო ალექსანდრეს ასული ჯავახიშვილი 1914 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა. 1917 წელს ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. 1920–1930 წლებში ნინო ჯავახიშვილი თბილისის I საცდელ სკოლაში სწავლობდა, 1930–1936 წლებში კი — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მისი პროფესიული ცხოვრება ანატომიას დაუკავშირდა. 1935–1946 წლებში იგი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრაზე ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 1946–1949 წლებში — დოცენტად.

ალექსანდრე ნათიშვილის მიერ შექმნილი სამეცნიერო სკოლის გამგრძელებელი

ნინო ჯავახიშვილის პროფესიული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ალექსანდრე ნათიშვილის სახელს უკავშირდება. 1946 წელს, ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა. სწორედ ამ წლიდან დაიწყო ნინო ჯავახიშვილის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა ინსტიტუტში. 1946–1951 წლებში იგი უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა, 1951–1958 წლებში ხელმძღვანელობდა განყოფილებას, 1958–1959 წლებში კი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 1959 წელს ნინო ჯავახიშვილი ინსტიტუტის დირექტორი გახდა. ეს თანამდებობა მან თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში — 2006 წლამდე — შეინარჩუნა. დირექტორის პოსტიდან წასვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა მისი კავშირი ინსტიტუტთან: 2006 წლიდან 2012 წლამდე იგი საპატიო დირექტორი იყო. სწორედ მისი სახელია დაკავშირებული ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალის განმტკიცებასა და მორფოლოგიური კვლევების განვითარებასთან.

ნინო ჯავახიშვილის სამეცნიერო კვლევები ძირითადად ორ დიდ მიმართულებას მოიცავდა — ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, მათი სისხლძარღვებისა და ნერვული სტრუქტურების ცვლილებების შესწავლას და მიღებული შედეგების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს. მისი კვლევები გამოირჩეოდა არა მხოლოდ ფუნდამენტური მნიშვნელობით, არამედ მკაფიო პრაქტიკული მიზანმიმართულებითაც — როგორ შეიძლებოდა ექსპერიმენტული მორფოლოგიის მონაცემები კლინიკური მედიცინისათვის მნიშვნელოვანი დასკვნების საფუძველი გამხდარიყო.

1941 წელს ნინო ჯავახიშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „ზურგის ტვინის წნულებისა და სიმპათიკური წველის მოწყობისა და ურთიერთობების საკითხებისადმი“. კვლევა ეხებოდა საძილე არტერიის გადაკვანძვის საპასუხოდ თავის ტვინის ანგიოარქიტექტონიკის ცვლილებებს. იმავე წელს მას მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1948 წელს — დოცენტის წოდება.

1948 წელს ნინო ჯავახიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „ზურგის ტვინის ვენების და სიმპათიკური წველის მოწყობისა და ურთიერთობის შესახებ“. ეს კვლევა იმ დროისთვის სრულიად ახალი მიმართულება იყო და საგულისხმო პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიისა და მასზე ოპერაციული მიდგომების განსაზღვრისათვის. ნაშრომი მოგვიანებით მონოგრაფიის სახითაც გამოქვეყნდა — „ზურგის ტვინის ნერვული წნულების და სიმპათიკური წველის ფორმა და ურთიერთობა“ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1952).

1948 წელს ნინო ჯავახიშვილს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, 1953 წელს კი — პროფესორის წოდება.

აღმოჩენა, რომელმაც გულის ქირურგიის განვითარებას ახალი შესაძლებლობა მისცა

ნინო ჯავახიშვილის სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გულის სისხლძარღვთა ექსპერიმენტულ კვლევებს უკავშირდება. მისი კვლევების საფუძველზე ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ შესაძლებელია ვენების კედლის სტრუქტურის შეცვლა ვენის სანათურში არტერიული სისხლის მოძრაობით. ამ აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გულის იშემიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობისთვის. კვლევის შედეგები შემდგომში ფართოდ განიხილებოდა საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებსა და სიმპოზიუმებზე.

ნინო ჯავახიშვილის კვლევები ასევე მოიცავდა გულის იშემიის დროს სხვადასხვა პრეპარატის მოქმედებასა და გულის კონსერვაციისთვის საჭირო პირობების შესწავლას.

მემედ კომახიძესთან ერთად მან ექსპერიმენტულად შეისწავლა სისხლძარღვებში ჩაკერებული ზოგიერთი ხელოვნური ქსოვილის შეხორცების პროცესი. კვლევამ გამოავლინა პროთეზის შიგნით თავისუფალი კაპილარული ქსელის არსებობა, რაც თრომბოზის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად იქნა მიჩნეული. ეს შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას წარედგინა ანატომთა IV საერთაშორისო კონგრესზე პრაღაში 1962 წელს, ბუქარესტში 1964 წელს და VII საერთაშორისო კონგრესზე ვაისბადენში 1965 წელს. ეს იყო ქართული მორფოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმოჩენის მნიშვნელოვანი მაგალითი.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გარდა, ნინო ჯავახიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა და კავშირი ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოში მან დააარსა ქალთა საბჭო და მისი პირველი თავმჯდომარე გახდა. ნინო ჯავახიშვილი მრავალგზის იყო არჩეული მშვიდობის დაცვის საკავშირო კონფერენციის საბჭოს ქალთა კომიტეტში, იყო პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გერონტოლოგიისა და გერიატრიის საკავშირო საბჭოს წევრი და სხვ. იგი ასევე იყო ბულგარეთის, უნგრეთის, რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოებების, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიის პურკინიეს სახელობის საზოგადოების წევრი.

აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი

სიცოცხლის ბოლო წლებში, ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ქალბატონი ნინო ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და ინსტიტუტ „კლინიცისტში“.

ნინო ჯავახიშვილის სამეცნიერო ღვაწლი საქართველოში უმაღლესი აკადემიური აღიარებითაც აღინიშნა. 1961 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, ხოლო 1965 წელს — აკადემიკოსად. იგი ასევე არჩეული იყო ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩევლად და ამავე ინსტიტუტის მიერ XXI საუკუნის დიდ მოაზროვნედ იყო ნომინირებული.

მეცნიერს მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის — ღირსების, ლენინისა და საპატიო ნიშნის ორდენები, აგრეთვე მედალი „მამაცური შრომისთვის დიდ სამამულო ომში 1943–1945 წლებში“.

ნინო ჯავახიშვილის ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიას უკავშირდება. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

ნინო ჯავახიშვილი 2012 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ნინო ჯავახიშვილის მოწაფის, მედიცინის დოქტორის, მაყვალა წილოსანის მოგონება – ,,წლები დიდი მეცნიერის გვერდით“

1967 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი გავხდი და სწორედ მაშინ მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი ინსტიტუტის დირექტორს, სახელგანთქმულ მეცნიერს და საოცარ პიროვნებას, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს.  ქალბატონი ნინო არა მარტო დიდი მეცნიერი გახლდათ. იგი საოცარი ადამიანური თვისებებით იყო დაჯილდოებული. ქალბატონი ნინოს კაბინეტის კარები ყოველთვის ყველასათვის ღია იყო. მასთან საუბარი შესაძლებელი იყო ნებისმიერ საკითხზე – როგორც მეცნიერებაზე, ისე პირადულზე. იგი მუდმივად ახლის ძიებაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ იგი მინახავს საოპერაციო მაგიდასთან მორიგი ექსპერიმენტის ჩატარებისას; მომისმენია მისი შესანიშნავი ლექციები ადამიანის ანატომიაში; დავსწრებივარ მის გამოსვლებს სხვადასხვა კონფერენციაზე და ინსტიტუტში ჩატარებულ ღონისძიებებზე; მინახავს იგი სახლში, როგორც დიდებული დიასახლისი.

აქვე მინდა ერთი პატარა კურიოზი გავიხსენო, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. როდესაც ასპირანტურაში ჩავაბარე და 8 მარტი — ქალთა საერთაშორისო დღე — მოვიდა, გადავწყვიტე ქალბატონი ნინოსთვის მიმელოცა. მას სახლში ვეწვიე ტორტით და ყვავილებით. როგორც სჩვეოდა, თბილად მიმიღო, მადლობა გადამიხადა და მთხოვა – მსგავსი რამ აღარასოდეს გამეკეთებინა. თან მითხრა: – მეცოდები, უკან როგორ გაგატანო ეს ტორტიო. მეორე დღეს კი ინსტიტუტის თანამშრომლები დიდ დარბაზში გვიხმეს, სადაც ქალბატონმა ნინომ შემოიტანა ჩემ მიერ მირთმეული ტორტი და საჯაროდ გამოაცხადა – ეს მაყვალამ მოგართვათო. იმ დღის შემდეგ ყვავილის მირთმევასაც კი ვერ ვბედავდი.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე ქალბატონი ნინოს გვერდით (ბოლოს კი — მის სამუშაო ოთახში) და ვხედავდი, თუ როგორი მონდომებით აგრძელებდა იგი მუშაობას ბოლო დღემდე.

Facebook
Twitter
LinkedIn